გამოავლინე 2022 წლის საუკეთესო ლელო

 

2022 წელს ბორჯღალოსნებმა 10 თამაში გამართეს – 4 რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (რუსეთთან შეხვედრა გაუქმდა) და 3-3 ზაფხულისა და შემოდგომის სერიებზე.

ამ თამაშებში ჯამში 16-მა მორაგბემ 40 ლელო გაიტანა – 22 ხაზმა და 18 შერკინებამ. ყველაზე მეტი – 7 ლელო აკა ტაბუცაძის ანგარიშზეა; 5 ლელოთი მეორე ადგილზე ოთარ გიორგაძეა; 3-3 ლელო გაიტანა 5-მა მოთამაშემ: სანდრო თოდუამ, თედო აბჟანდაძემ, ვასილ ლობჟანიძემ, გიორგი ჭყოიძემ და ბექა გორგაძემ; 2-2 დავით ნინიაშვილმა, მირიან მოდებაძემ, მერაბ შარიქაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ; თითო-თითო გურამ პაპიძემ, ლუკა ჯაფარიძემ, სანდრო ქუნთელიამ, ნოდარ ჭეიშვილმა და გრიგორ ქერდიყოშვილმა.

გულშემატკივარს აქვს შესაძლებლობა, 5 შერჩეული ლელოდან ხმის მიცემის მეშვეობით წლის საუკეთესო ლელო გამოავლინოს. ნომინანტები არიან:

თედო აბჟანდაძის ლელო იტალიასთან – 10 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. მატჩის მე-13 წუთზე დავით ნინიაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ჩვენს ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან მოხსნა, ფინტით მცველი ჩამოიშორა, მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და აბჟანდაძეს გადაცემა არ დაუგვიანა. თედომ ბოლო მცველი მოძრაობაში ჩამოიცილა და ძელებსშუა გატანილი ლელოთი ანგარიში 10:0 გახადა.

დავით ნინიაშვილის ლელო არგენტინა XVთან – 3 ივლისი. ქუთაისი. „აია არენა“. შეხვედრა 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც აკა ტაბუცაძემ ცენტრში ხაზი თედო აბჟანდაძეს გააჭრევინა, მანაც დაახლოებით 22-მეტრიან ხაზამდე ირბინა და მარცხენა ფრთაზე  გრძელი გადაცემა გაუშვა, სადაც ბურთს მაღალ სიჩქარეში ნინიაშვილი დაეუფლა და ელვისებური შეტევა მარცხენა ალამთან დაასრულა.

სანდრო თოდუა – 10 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. ბათუმური შეხვედრა 10 წუთის დაწყებული იყო. მორკინალებმა კარის წინ რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, რა დროსაც მარცხენა ფრთაზე, მეტოქის ზურგში ვასილ ლობჟანიძემ სივრცე შენიშნა, რაქიდან ბურთი გაიტანა და ლელოში ფეხით შეაცურა. სანდრო თოდუა ოვალს მაღალ სიჩქარეზე მიყვა, კიდის ალამთან ნახტომში დაამიწა და ისტორიულ მატჩში ანგარიში გახსნა.

აკა ტაბუცაძე – 20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, 65-ე წუთზე, როდესაც ბორჯღალოსნები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ, ტაბუცაძემ გრძელი გადაცემა მიიღო, პირველ მცველს ცრუმოძრაობით სუფთად გაექცა და მარცხენა ფრთაზე სიჩქარე აკრიფა, ზედ „დანის პირზე“ მეორე მბოჭავსაც დაუსხლტა და ლელო გაიტანა.

სანდრო თოდუა – 19 ნოემბერი. კარდიფი. „ფრინციფალითი“. უელსთან ისტორიული გამარჯვების გარდამტეხი მომენტი 59-ე წუთზე დადგა. შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ვასილ ლობჟანიძემ ბურთი მერაბ შარიქაძეს გაუტანა, მან ოდნავ უკან თედო აბჟანდაძე მოძებნა, მის მოზომილად, ფეხით გადაკიდებულ ბურთს კი მარცხენა ფრთაზე ცენტურიონი სანდრო თოდუა დაუხვდა და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში 10:12 გახდა.

გამოკითხვა დასრულებულია

დააფიქსირეთ თქვენი აზრი

არ დაგავიწყდეთ დააფიქსირთ თქვენი აზრი 2022 წლის საუკეთესო მორაგბე-ს გამოკითხვაზე