გამოავლინე 2022 წლის საუკეთესო მორაგბე

ქართული რაგბისთვის ისტორიული, 2022 წელი დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად, წლის შეჯამების დრო დადგა.

წლის დასაწყისში ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, რომლის ფარგლებში 4 მატჩი გამართეს, პირველი პორტუგალიასთან ფრედ დაასრულეს, მერე ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, მათ შორის ესპანეთთან (49:15) გადამწყვეტი ჯახი და ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვეს.

პირველად 2015 წლის შემდეგ, საქართველო ზაფხულში სამშობლოში დარჩა და სამი თამაში გამართა – ორი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. გასახურებელ შეხვედრაში არგენტინა XV-მა 30:24 მოიგო, ერთი კვირის შემდეგ კი (10 ივლისს), ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ პირველად დავამარცხეთ ტიერ1-ის გუნდი – იტალია 28:19! ზაფხულის ტესტები ქუთაისში, „აია არენაზე“ პორტუგალიის 23:14 ძლევით დავასრულეთ.

ნოემბრის ტესტები ბორჯღალოსნებმა „დინამო არენაზე“ ურუგვაის 34:18 დამარცხებით დაიწყეს; ექვსი დღის შემდეგ სამოასთან გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა (19:20); 19 ნოემბერს კი საქართველომ მეორე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ამჯერად კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ უელსი დაამარცხა 13:12!

განვლილი შეხვედრების მიხედვით, ბორჯღალოსნების მწვრთნელებმა წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე ხუთი მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან გამორჩეულს გულშემატკივარი თავად შეარჩევს.

ესენი არიან:

ბექა საღინაძე – 24 წლის მორაგბეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და მალევე იქცა მესამე ხაზის უცვლელ წევრად. მან წელს 10-იდან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 7-ივეში შეუცვლელად ჩაატარა. ყველა შეხვედრაში ლომივით მებრძოლმა ბექამ დიდი წვლილი შეიტანა იტალიასა და უელსთან მოპოვებულ გამარჯვებებში. მის ანგარიშზე ჯამში 31 კეპი და 3 ლელოა.

სანდრო თოდუა – 35 წლის ფრთის მოთამაშე მეოთხე ქართველი ცენტურიონია! მუდამ გამრჯე, სტაბილურად მოთამაშე თოდუამ მე-100 სანაკრებო კეპი ზაფხულში, პორტუგალიასთან მიითვალა. მას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჩეხეთთან ჰქონდა და 14 წლის განმავლობაში ჩატარებულ 103 თამაშში 16 ლელო გაიტანა. თოდუა სამი მსოფლიო თასის (2011, 2015, 2019) მონაწილეა. წელს თოდუამ 8  მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში მოედანზე 600 წუთი გაატარა და 3 ლელო გაიტანა. მის ანგარიშზეა იტალიასთან გატანილი პირველი და უელსთან გატანილი ერთადერთი ლელო. 19 ნოემბრის მატჩის შემდეგ ის სხვა სამ ბორჯღალოსანთან ერთად Planetrugby-ს კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, უელსთან გატანილი ლელო კი კვირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.

დავით ნინიაშვილი – ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა უკვე მთელს მსოფლიოს გააცნო თავი. 2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ წელს 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელო გაიტანა. მუდამ საიმედო, ახალგაზრდა ფულბეკმა განსაკუთრებით კარგი თამაში იტალიასა და უელსთან აჩვენა და არაერთი სარაგბო გამოცემის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. იტალიასთან ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ნინიაშილს სანაკრებო დებიუტი 2020 წლის მიწურულს ირლანდიასთან ჰქონდა და მას შემდეგ 17 კეპი მოიხვეჭა (6 ლელო და 1 ჯარიმა).

ვასილ ლობჟანიძე – 26 წლის 9 ნომერმა უკვე მოასწრო 70 სანაკრებო კეპის მოხვეჭა. 2020 წლის დასაწყისში, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც 50-ე სანაკრებო თამაში ჩაატარა. წელს მან 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8-ჯერ სასტარტოში იყო და ორჯერ შეუცვლელად გაისარჯა, გაიტანა 3 ლელო და ერთი არეკნი. სულ მის ანგარიშზე 14 ლელო და ერთი არეკნია. უელსთან შეხვედრაში ვასილ ლობჟანიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბექა გორგაძე – 2020 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბეს წელსაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა. 26 წლის მესამეხაზელმა წელს 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 5 შეუცვლელად ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა. გორგაძე იყო იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც იტალიასთან და უელსთან გამარჯვებები მოიპოვა. ის საიმედოდ იდგა დაცვაში და ხშირად ამწვავებდა შეტევებს. ბექას სანაკრებო დებიუტი 2015 წელს შედგა. მის ანგარიშზე ჯამში 39 კეპი და 11 ლელოა.

გამოკითხვა დასრულებულია

დააფიქსირეთ თქვენი აზრი