პირველი ლიგა | „ჯარს“ და მოხევეებს ვერაფერს უხერხებენ

„ა“ ჯგუფის და სრულიად მეორე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ავჭალაში ‘არმია’ და ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. ელიტას საგზურის მაძიებლებმა ფიცხელი ბრძოლა გააჩაღეს, სადაც გუნდები თავს და ერთმანეთსაც არ ზოგავდნენ და ვნებათაღელვა პერიოდულად თამაშის სპორტულ მხარესაც ჭარბობდა.

‘ჯარი’ უპირატესობას სტატიკაში ფლობდა და თან გამოცდილების ხარჯზე მუხიანელთა შეცდომების დიდ ნაწილსაც კარგად იყენებდა. ‘არმიამ’ მეტოქეზე 4-ით მეტი, ჯამში 7 ლელო გაიტანა (მათ შორის 5 სტატიკით) და უხვქულიანი შეხვედრა პრემიით – 46:24 მოიგო. ორივე გუნდის მხრიდან, ‘არმიას’ შუამარბმა სანდრო მერკვილიშვილმა და ‘ხვამლის’ მარბიელმა გიორგი კვაბზირიძემ ‘დუბლი’ გაიფორმეს. ‘ჯარი’ 2 ტურის თავს, მაქსიმალური საცხრილო 10 ქულით ‘ა’ ჯგუფში დაწინაურდა, ‘ხვამლი’ კი მოწინავე სამეულს მიღმა აღმოჩნდა.

„კავკასიონი არენაზე“ თელავის ‘ჭადარმა’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ უმასპინძლა. მატჩი კახელთა უპირატესობით წარიმართა, რომლის ანგარიშში ასახვა მასპინძლებმა მეორე ტაიმში მოახერხეს. გია ჭუმბურიძის შეგირდებმა მეორე ნახევარში 4 უპასუხო ლელო გაიტანეს (მღელეტელი ზურაბ გოთაიძე, ჰავბეკი ლუკა ღოღელიშვილი, მარბიელი ლაშა ყურაშვილი, შუამარბი ვანო თუშიშვილი) და მატჩი პრემიით,  29:3 მოიგეს. ‘ჭადარი“ პირველ ტაიმში აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა, მეორე ნახევარში კი ხელდახელ, გაშლილ თამაშს მიეძალა, რიონისპირელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და თან კახელთა უკანა ხაზმა საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებიც საიმედოდ გადაკეტა. ‘ჭადარმა’ მოპოვებული 5 ქულით ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა, ‘ბაგრატი’ კი ბოლო ადგილზე დაქვეითდა.

ჩემპიონატზე პირველი ფრე „შევარდენზე“, დედაქალაქურ დერბიში დაფიქსირდა. ‘დინამოსთან’ დაპირისპირებაში ‘ივერია’ ტაიმნახევრის განმავლობაში ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და ჰავბეკ ლუკა მიშვიძის ლელოთი ანგარიშში უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. სანაცვლოდ ‘დინამოს’ უკეთესი ფიზიკური კონდიციები აღმოაჩნდა, რამაც ლევან რამიშვილის შეგირდებს მარცხისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცა. რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, ‘დინამოელთა’ შორის გამორჩეულმა მღლეტელმა გოგა პატაშურმა, თავისი მეორე გატანილი ლელოთი საბოლოო ანგარიში 17:17 დააფიქსირა. ‘ივერიამ’ 6 ქულით ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნა, ‘დინამომ’ კი თავი ბოლო ადგილს დააღწია.

 

„ბ“ ჯგუფი

‘ტაო’ ასპინძაში ‘დევებს’ დაუხვდა, სადაც პირველი ტურისგან განსხვავებით მესხები გაცილებით უკეთ გაისარჯნენ, მეტოქე 2 ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ  3 ლელოს დადება შეძლეს და მატჩი დამაჯერებლად, ბონუსით 29:6 მოიგეს.

მატჩში პირველი ქულები ‘დევების’ მგეზავმა მიხეილ წულეისკირმა საჯარიმოთი აიღო, რის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. წინა სეზონებისგან განსხვავებით ‘ტაომ’ მისთვის ‘აქილევსის ქუსლად’ ქცეული სტატიკაში თამაში მკვეთრად გამოასწორა, რაც განვლილ შეხვედრაშიც ნათლად წარმოჩინდა. შერკინებასთან ერთად, მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდები მეტოქეს მოლსა და რაქშიც ჯაბნიდნენ. ‘ტაოს’ ხაზის მოთამაშეებმაც სწრაფი გარღვევებით გამოიღეს ხელი. მესხების 5 მონაგარი ლელოდან, ბეკებმა აქტივში 3 ლელო მიითვალეს. ‘ტაომ’ 2 მოგებით 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში ოზურგეთის ‘არწივებთან’ ერთად, მეორე-მესამე ადგილს ინაწილებს.

ჭიათურაში, ადგილობრივი ‘იმერეთისა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ შეხვედრა დრამატული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გურულთა მგეზავ მამუკა ჩანჩიბაძის გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა – 24:23. ‘არწივებმა’ პირველობის მეორე შეხვედრაშიც იმარჯვეს და ჯგუფის მოწინავე სამეულში პოზიცია განიმტკიცეს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გურულების ფრთა გოჩა ჯიქიამ „დუბლი“ შეასრულა, სანაცვლოდ ჭიათურელთა მგეზავის ლევან ბარკავას 6 გატანილი ჯარიმით ‘იმერეთს’ მატჩის მოგების კარგი შანსი მიეცა. იმერლები დებიუტანტის კვალობაზე ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, თუმცა მორაგბეთა მოკლე სკამი, გუნდის ლეგენდარულ დამრიგებელ ზურა ხარშილაძეს პოზიტიური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ აძლევს.

მეორე ტური, ავჭალაში ‘ყაზბეგისა’ და წყალტუბოს ‘დინოზავრის’ შეხვედრით დასრულდა. ელიტას საგზურის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა ‘ყაზბეგმა’ ოვალზე კონტროლი მატჩის პირველივე წუთებიდან დააწესა. იმერლებმა ფავორიტს მხოლოდ მატჩის დებიუტში გაუწიეს გარკვეული წინააღმდეგობა და ‘დინოზავრის’ მგეზავ ოთარ ვარდოსანიძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა  7 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მცირე ხნით…

მთლიანობაში ‘ყაზბეგი’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა. გოჩა ჩქარეულის გუნდმა 11 ლელო გაიტანა. შუამარბმა გელა ელოშვილმა ‘ჰეთ-თრიკი’ გაიფორმა, მარქაფადან ჩართულმა ფრთა ლუკა ალიბეგაშვილმა კი ‘დუბლი’ შეასრულა. ჩვეული შემართებითა და ოსტატობით ირჯება ‘ყაზბეგის’ კაპიტანი მერაბ კვირიკაშვილი. 37 წელს მიტანებული პირველი ქართველი ‘ცენტურიონის’ საქმისადმი მიდგომა ახალგაზრდა თაობისთვის ნათელი მაგალითის მიმცემია. მგეზავის პოზიციაზე მყოფი მეკო, უნარიან თამაშთან ერთად ჩვეული ჩუბინობითაც გამოირჩევა, რასაც განვლილ შეხვედრაში კვირიკაშვილის მიერ გატანილ ლელოსთან ზუსტად შესრულებული 10 გარდასახვაც მოწმობს – 75:7. ‘ყაზბეგი’, მაქსიმალური 10  ქულით ჯგუფის სათავეში მოექცა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე