‘ლელო’ ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან დამეგობრდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია რაგბის კლუბ ‘ლელოს’ მხარდამჭერი და სპონსორი გახდა.

მემორანდუმს, რომელიც ამ ეტაპზე 1 წელიწადზეა გათვლილი, ხელი კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და კლუბ ‘ლელოს’ დამფუძნებელმა, ვასილ (ბათუ) კევლიშვილმა მოაწერეს. დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამართულ ღონისძიებას რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

გიორგი ბახტაძე: „მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,  რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, რაგბის კავშირსა და რაგბის კლუბ „ლელოს“  თანამშრომლობასა და მტკიცე მეგობრობას უყრის საფუძველს. ესაა პირველი ნაბიჯი, რომელიც კორპორაციამ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფინანსური ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით გადადგა. ამით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს სპორტის განვითარებისა და მომავალი თაობების სწორი ფიზიკური აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში“.

„ჩვენი თანამშრომლობა ერთ წელიწადზეა გათვლილი, თუმცა იმედს გამოვთქვათ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება. ‘ლელო’ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ისტორიული კლუბია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს არაერთი მოთამაშე აღუზარდა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინდა ამ კლუბს ვუსურვო წარმატებები, რაც ჩვენთვისაც წარმატების ტოლფასი იქნება“.

ბათუ კევლიშვილი: „ჩვენთვის საოცნებო იყო მსგავსი პარტნიორობა და დიდი მადლობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ამ თანადგომისთვის. ‘ლელო’ წლების განმავლობაში ყოველგვარი დახმარების გარეშე ხდებოდა საქართველოს ჩემპიონი თუ თასის მფლობელი. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის გახდება ერთგვარი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო მეტი და ხარისხიანი მოთამაშეები გავუზარდოთ საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს“.

იოსებ ტყემალაძე: „მუდმივად ვამბობდი, რომ ახალგაზრდებში, სპორტში თანხის ჩადებაზე დიდი, მამულიშვილური საქმე არ არსებობს. მადლობა ბატონ გიორგის, რადგან პირველივე შეხებისას გამოთქვა მზაობა კეთილი საქმის გასაკეთებლად. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების შედეგებზე და ქართული ხასიათის გამოვლინებაში აისახება“.

ბაჩო ხურციძე: „სასიხარულო დღეა, რადგან სირცხვილი იყო ისეთ სახელოვან და ტიტულოვან კლუბს, როგორიც ‘ლელოა’, სპონსორი რომ არ ყავდა. ეს არის კარგი მაგალითი კერძო სექტორისთვის, რადგან შიდა რაგბში ინვესტირება იძლევა დიდ შედეგებს. სწორედ ეს ბიჭები, შიდა რაგბში გამოწვრთნილი მოთამაშეები იცავენ ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებას. მოხარული ვარ, რომ ‘ლელოს’ გამოუჩნდა ასეთი ღირსეული პარტნიორი. მადლობა ნავთობისა და გაზის კომპანიას მხარდაჭერისთვის“.

„რაგბის კავშირი ინტენსიურადაა ჩართული კლუბებისთვის სპონსორების მოძიებაში და ვფიქრობ, ის რეფორმები და პროექტები, რომლებიც გავატარეთ, ან განხორციელების პროცესშია, კარგი სტიმულია სპონსორებისთვის ქართულ რაგბში დასაბრუნებლად, ან პირველად ფეხის შემოსადგმელად. მუშაობა გრძელდება და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა ქართულ გუნდს დავეხმაროთ სპონსორების მოძიებაში“.

ფოტო: ირაკლი ტყემალაძე