იოსებ ტყემალაძე არჩეულ იქნა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

განმეორებითი არჩევნები, რომელიც 24 თებერვალს ქვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო, 10 მარტს გაიმართა. იმისათვის, რომ განმეორებით არჩევნებზე ქვორუმი შემდგარიყო, საჭირო იყო ნამდვილ წევრთა ნახევარზე მეტის რეგისტრაცია (50%+1 ხმა).

არჩევნებზე რეგისტრაცია 25-მა სუბიექტმა გაიარა, ხმების საერთო რაოდენობით – 42 (74-იდან) და ყველა მათგანმა ნდობა იოსებ ტყემალაძეს გამოუცხადა.

„ვულოცავ რაგბის სამყაროს ამ პროცესის დასრულებას, რომელიც მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, თუმცა გარეთ იყო აჟიოტაჟი. ვიცი, რომ კლუბების ნაწილს არჩევნებზე მოსვლა გაუჭირდა. მიუხედავად ამისა, მე მათ ვპირდები, რომ ეს მომავალ ურთიერთობაში ხელს არ შეგვიშლის. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ რთულ პერიოდში რაგბი აქამდე მოიყვანა – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ თორნიკე გოგებაშვილს და გამგეობის წევრებს. ახლა დროა უსწრაფესად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში, რათა დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რაც დავაანონსე“ – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დროებითი გამგეობის კანდიდატები დაასახელა. 14-კაციან სიაში ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებიც არიან, რასაც ტყემალაძე გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს:

„ეს გამგეობა იმუშავებს დაახლოებით ორი თვე, სანამ ის კლუბების მიერ წარდგენილი კანდიდატებით არ დაკომპლექტებდა, რაზეც წინა დღეებში ვისაუბრე. გამგეობაში ორი ქალბატონია, რომლებიც სიმშვიდეს შემოიტანენ. ასევე არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რათა გამგეობა იყოს მრავალფეროვანი“.

გამგეობის წევრებად წარდგენილი არიან: ალექსანდრე ხვედელიძე, ზურაბ ზოიძე, გოჩა მაჭავარიანი, ალექსანდრე გრიგალავა, გივი ჭიჭინაძე, გიორგი კობახიძე, მერაბ ანთაძე, გელა ქობულაძე, გიორგი კახიანი, ილია ზედგინიძე, აკაკი დავითულიანი, გაიოზ მონიავა, ია ხურცილავა, ნატალია კურტანიძე.