ახალი სეზონი იწყება!

„მივესალმები ქართულ კლუბებს და ქართული რაგბის ქომაგებთან ერთად, ვულოცავ მათ დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებას. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი სწორედ ამ კლუბებზე, მათ გამართულ მუშაობაზე დგას. ზუსტად ეს კლუბები ზრდიან იმ ლეგენდებს, რომლებითაც ჩვენ ასე ძლიერ ვამაყობთ ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებში. სხვადასხვა ასაკის ბორჯღალოსნების ისტორიული შედეგები, რაც ყველა ქართველს ასე ძლიერ გვახარებს, სწორედ კლუბების მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფია და ჩვენი ვალია მხარში დავუდგეთ ქართულ კლუბებს და ერთად ვუზრუნველყოთ მათი განვითარება“.

„რა თქმა უნდა წინ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი ჩემპიონატი ძლიერდება და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი საინტერესო ბრძოლის მომსწრენი ვხდებით. ამ მოკლე დროში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, გაუმჯობესდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ რაგბის კავშირისთვის გადმოცემული მოედნების ხარისხი, მოწესრიგდა სატრენაჟორო დარბაზები და ეს პროცესი გრძელდება, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ, ხელშესახებ პროგრესს მოგვიტანს“.

„მადლობა საქართველოს მთავრობას, რომელიც ამ პროცესში, როგორც რაგბის კავშირს ასევე კლუბებს, ფინანსური კუთხით გვერდში უდგას და რომ არა მათი დახმარება, ამ ისტორიული შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ მთავრობის მხარდაჭერით, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საგანმანათლებლო კუთხით ვიწყებთ საკლუბო აკადემიების პროგრამას, რაც კლუბების გაძლიერებასთან ერთად, სანაკრებოდ კიდევ უფრო ძლიერი თაობების აღზრდაში დაგვეხმარება და წლების განმავლობაში ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს“.

„ახალი სეზონის სტარტზე ყველა კლუბს ვუსურვებ წარმატებას, მოთამაშეებს უტრავმო და წარმატებულ წელიწადს, მაყურებელს კი მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დაესწრნონ ყველა თამაშს, რათა გავამხნევოთ მოთამაშეები, აღმოვაჩინოთ ტალანტები და ერთად შევძლოთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა ასევე ერთობლივად აღმოფხვრით ქართული საკლუბო რაგბი კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე გავა, რაც ვიმეორებ, ჩვენი ნაკრები გუნდების წარმატების საწინდარია“ – ამბობს იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

crocobet დიდი 10-ის ახალი, 2024/25 წლების სეზონი 6 სექტემბერს იწყება. სადებიუტო შეხვედრაში ელიტაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული თბილისის ‘არმია’, მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის ‘აიას’ „ავჭალაზე“, 18 საათზე დაუხვდება.

პირველ  ტურში კიდევ ოთხი მატჩია. დიდი 10-ის დებიუტანტი ასპინძის ‘ტაო’ 7 სექტემბერს თბილისის ‘ლელოს’ საკუთარ ბაზაზე 16 საათზე უმასპინძლებს. ამავე დღეს თბილისის ‘ხვამლი’ „ხვამლი არენაზე“ ბათუმის ‘ბათუმს’ 18 საათზე მიიღებს.

ტური 8 სექტემბერს დასრულდება. 16 საათზე სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „ავჭალაზე“ ერკინება, ხოლო 18 საათზე ‘ხარები’ ქუთაისის ‘არესს’ რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაუხვდება.