crocobet დიდი 10 | crocobet-ი და დიდი 10 დამეგობრდნენ

საქართველოს რაგბის კავშირსა და crocobet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად 2024-25 წლებში შიდა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა crocobet დიდი 10-ის სახელით ჩატარდება.

ამ ეტაპზე შეთანხმება ერთ სეზონს მოიცავს და crocobet-ი დიდი 10-ის მარკეტინგული კუთხით განვითარებაზე იზრუნებს, თუმცა მხარეების სურვილია, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი გახდეს და უფრო ფართო სფერო მოიცვას.

„სასიამოვნო და სასიხარულო დღე გვაქვს. crocobet-ი დიდი 10-ის ექსკლუზიური სპონსორი ხდება, რომელიც ასაზრდოებს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს მოთამაშეებით. ამ ნაბიჯით დიდი 10 სხვა სპონსორებისთვის და გულშემატკივრებისთვის მარკეტინგულად უფრო საინტერესო გახდება. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და დიდი 10-ის კლუბებისთვის უფრო სიღრმისეული გახდება“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

„ქართული რაგბი დიდი ისტორიის მატარებელია და გვჯერა მას კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს. გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ რაგბის განვითარებაში და ამ ეტაპზე ჩვენი სამიზნე საკლუბო რაგბი და შიდა ჩემპიონატია. სწორედ აქ იზრდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც შემდგომში საამაყო სპორტსმენები ხდებიან მსოფლიოს მასშტაბით. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა საქართველოში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს რაგბით“ – ამბობს ნიკო ადეიშვილი, crocobet-ის მარკეტინგის დირექტორი.

crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონი 6 სექტემბერს დაიწყება. გახსნით შეხვედრაში თბილისის ‘არმია’ ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის ‘აიას’ „ავჭალაზე“, 18 საათზე დაუხვდება.