ბორჯღალოსნები | იტალიასთან გენუაში

2024 წლის შემოდგომის სერიების ფარგლებში, ბორჯღალოსნები 17 ნოემბერს იტალიას გენუაში, „ლუიჯი ფერარიზე“ ერკინებიან.

„ლუიჯი ფერარი“ 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს. მატჩი ჩვენი დროით 17:40 საათზე, ბილეთების გაყიდვა კი დღეს დაიწყება საიტზე federugby.ticketone.it.

აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი შეხვედრა მოიგო. პირველად „აძურას“ 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).

ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით – გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა – 28:17.

2022 წელს „აძურა“ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.

მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.