დიდი 10 | სამუშაო შეხვედრა კლუბების წარმომადგენლებთან

დიდი 10-ისა და პირველი ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო და მასთან დაკავშირებული სამსახურების ხელმძღვანელებმა, კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ავჭალის სარაგბო ბაზაზე“ თავდაპირველად დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები მივიდნენ. საშეჯიბრო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა მათ მომავალი სეზონის დიდი 10-ისა და ესპუარების კალენდარი და სხვადასხვა ცვლილებები გააცნო.

შემდეგი საკითხები დებულებაში განხორციელებული ცვლილებები, მოთამაშეთა ბარათების ახალი რეგულაციები, კლუბების დაფინანსებისა და ბონუსების სისტემა, ასევე საკლუბო აკადემიების შეფასების კრიტერიუმები იყო. ამ საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივი რაგბის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ტყეშელიაძემ ისაუბრა. განხილვაში,  რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა აქტიურად იყო ჩართული რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი.

საშეჯიბრო დებულებაში მთავარი სიახლე  ლეგიონერებს შეეხო. კლუბს შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობის ლეგიონერები ყავდეს, თუმცა სამატჩო განაცხადში (23-კაციანი) 3-ზე მეტი უცხოელის ყოლის უფლება არ ექნება.

მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლუკა კილასონიამ დამსწრეებს თამაშის წესებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო, ანტი-დოპინგური სამსახურის ხელმძღვანელმა დავით პატარიძემ კი კლუბებს დოპინგის წინააღმდეგ არსებული ინფორმაცია გააცნო და მასში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა. შეხვედრის მსვლელობისას იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობდა გედი ნაჭყებია.