20 წ. | მე-9 ადგილით სამხრეთ აფრიკიდან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში იტალიას მეორე თამაშიც მოუგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.

ქეიფთაუნში, „ათლონ სპორტ სთედიუმის“ ატალახებულ მოედანზე თამაში მეტოქის შეტევებით დაიწყო. იტალია დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ბურთს აკონტროლებდა და გამუდმებით გვიტევდა, მაგრამ საქართველო დაცვაში კარგად იდგა და მხოლოდ ერთხელ, ჯარიმიდან მისცა მოწინააღმდეგეს3 ქულის აღების შესაძლებლობა.

30 წუთის შემდეგ მოედანზე თამაშის სურათი შეიცვალა. საქართველომ დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა, ცრუ მოლს რეალური მოლი მოყვა და გიორგი გერგედავამ ლელო გაიტანა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, იტალია 35-ე წუთზე შორიდან გატანილი ჯარიმით ერთხელაც დაწინაურდა, რაზეც საქართველომ მძლავრი შეტევით უპასუხა,  მეტოქე ჯერ სინბინით დაისაჯა, მერე კი ძალისმიერი შეტევა თემურ წულუკიძის ლელოთი და ლუკა ცირეკიძეს გარდასახვით დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა ლელო მე-60-ე წუთამდე ვერ გავიტანეთ. მერე მოლიდან ბურთი ხაზზე გავიდა, გიორგი ხაინდრავამ ნუგზარ ქევხიშვილი ინტერვალში შეიყვანა და ლელო ცირეკიძემ გარდასახა. შემდეგ ლუკა თაყაიშვილმა შეუტია  კარგად და ფრთაზე ლელო ლუკა კეშელავამ გაიტანა. იტალიამ ერთი გარდასახული ლელო 70-ე წუთზე გაქვითა, თუმცა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა და საქართველომ 24:13 იმარჯვა.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX ადგილისთვის. 19 ივლისი.

სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „ათლონ სპორტ სთედიუმი“

საქართველო – იტალია 24:13 (12:6)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ოთარ მეტრეველი (აია), 10. გელა ხელაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 5. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. ლუკა კობაური (ლეუკატე), 23. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

4 ლელო: გერგედავა, წულუკიძე, ქევხიშვილი, კეშელავა

2 გარდასახვა: ცირეკიძე