უფროსი „ანტილოპა“ იუბილარია!

ლეგენდარულ ქართველ მორაგბე ბართლომე ხამაშურიძეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. ბართლომე ხამაშურიძემ რაგბის თამაში 21 წლის ასაკში ქუთაისური რაგბის მეტრის დუგლას კავთელაშვილის დაჟინებული რჩევით დაიწყო.

ჯანიანი და ფეხმარდი ხამაშურიძის გამორჩეული სპორტული მონაცემები „პეტროვიჩის“ მახვილ თვალს არ გამოპარვია. ხამაშურიძე უნივერსალური თვისებების მქონე მორაგბე გახლდათ და ერთნაირი წარმატებით ხელეწიფებოდა ორივე ფრთისა და ფულბეკის პოზიციებზე თამაში. სწორედ ხსენებულ თვისებათა გამო, ბართლომე ხამაშურიძემ ქართული რაგბის სამყაროს მხრიდან „ანტილოპას“ თიკუნი ირგუნა. „ანტილოპამ“ ოვალს ალღო სწრაფად აუღო და მოქმედი სპორტსმენის კარიერის მანძილზე რიონისპირელთა მთავარი გუნდის რიგებში არაერთ დიდ წარმატებას მიაღწია.

ბართლომე ხამაშურიძემ როგორც მოქმედმა მორაგბემ, ასევე კარიერის შემდგომ მთელი ცხოვრება ქუთაისის ‘აიას’ მიუძღვნა. „ანტილოპამ“ მშობლიური ქალაქის გუნდის რიგებში სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული 3-გზის მოიგო, 2-ჯერ კი საბჭოეთის თასი შემართა. საბჭოეთის ნაკრების რიგებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი და  არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ბართლომე ხამაშურიძე ზიმბაბვეს წინააღმდეგ, ეროვნული ნაკრების ისტორიული, სადებიუტო შეხვედრის მონაწილეც გახლავთ.

„ანტილოპამ“ მორაგბის კარიერა დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატშიც წარმატებით განაგრძო და მოედანზე 45 წლის ასაკამდე დაჰყო. აღსანიშნავია, რომ ბართლომე ხამაშურიძე რაგბის პარალელურად ლელობურთსაც თამაშობდა და უხნესი, ულამაზესი ქართული სპორტული სახეობის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ „ანტილოპამ“ მთელი ძალისხმევა მშობლიური ქალაქში რაგბის განვითარების საშური საქმისკენ მიმართა. ბართლომე ხამაშურიძემ თანამოაზრეებთან ერთად, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ქუთისში დამოუკიდებელი სარაგბო სკოლა ჩამოაყალიბა, რომელმაც საქართველოს დღემდე არაერთი გამოჩენილი მორაგბე და ბორჯღალოსანი აღუზარდა. ბართლომე ხამაშურიძე ხსენებულ სკოლაში მოღვაწეობას დღესაც ენერგიულად და ნაყოფიერად განაგრძობს.

ბართლომე ხამაშურიძე გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა. ამის გარდა, უფროსი „ანტილოპა“ საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატიც გახლავთ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ხამაშურიძეების დიდი სარაგბო დინასტია, რომელსაც სათავე ბართლომე ხამაშურიძემ დაუდო. ბართლომეს ვაჟი, ქართული რაგბის კაშკაშა ვარსკვლავი ბესიკ ხამასურიძე გამოჩენილი ბორჯღალოსანი და მოშვიდკაცე გახლავთ. უმცროსი „ანტილოპა“ მამის მსგავსად ფრთებსა და ფულბეკის პოზიციებზე ირჯებოდა, ქვეყნის მთავარი გუნდის რიგებში 36 კეპი მოიხვეჭა, 8 ლელო გაიტანა და ჩვენთვის ისტორიული, პირველი ევროპის ერთა თასის მფლობელი და მსოფლიო თასის მონაწილე გახდა. ბესიკ ხამაშურიძე ამჟამად გია ლაბაძესთან ერთად, ვაჟ მოშვიდკაცეთა ეროვნულ ნაკრებს წარმატებით დამრიგებლობს. აღსანიშნავია, რომ მორაგბეობისას, მამა-შვილ ხამაშურიძეებს როგორც ერთ გუნდში, ასევე ერთმანეთის წინააღმდეგაც მოუწიათ თამაშმა, რაც როგორც  ქართული რაგბის, ასევე სპორტის დანარჩენ სათამაშო სახეობათა შორის ჩვენში უპრეცენდენტო მოვლენა გახლავთ.

სარაგბო არენაზე ბართლომე ხამაშურიძის შვილიშვილიც გამოჩნდა, ვიზეც ბაბუა და მამა დიდ იმედებს ამყარებენ. ბართლომე ხამაშურიძე-უმცროსი დამდეგი შემოდგომიდან ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში მშობლიური ‘აიას’ ღირსებას დაიცავს.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად სარაგბო თემი ულოცავს ბატონ ბართლომე ხამაშურიძეს 70 წლის იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ქართული რაგბის მრავალი სამომავლო წარმატებით გახარებას.