110 გოგონა ბათუმის თაგ-რაგბში

18 მაისს ბათუმის რაგბის სტადიონმა აჭარასა და გურიის გოგონათა საკლუბო თაგ-რაგბის ღია ფესტივალს უმასპინძლა.

ერთდღიან ზეიმში ზემოთნახსენები რეგიონის 8 გუნდის (ბათუმი, ხელვაჩაური, ჩაქვი, ქობულეთის ‘პონტო’, ოზურგეთის ‘არწივები’, ლანჩხუთი, ჩოხატაურის ‘ღონე’, ფოთის და სენაკის გაერთიანებული გუნდი) 110-მა გოგონამ მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე ჩართულია საკლუბო პროგრამაში და ზემოთნახსენები გოგონათა ფესტივალი მესამე იყო რეგიონში. მთლიანობაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, ამ პროექტის მიზანია, რომ გაიზარდოს რაგბში ჩართული გოგონათა რაოდენობა, რაც სამომავლოდ საქართველოს 15-ქალა ნაკრების ჩამოყალიბებას და წინსვლას განაპირობებს.

პირველ ეტაპზე ბავშვები ჩაერთვენ მსოფლიო რაგბის სასკოლო პროგრამაში „ჩაერთე რაგბიში 2.0“. ჩატარდა უკონტაქტო თაგ-რაგბის ფესტივალები გურიასა და აჭარაში. მეორე ეტაპზე რეგიონალურმა კლუბებმა მიიღეს ახალი ეკიპირება და შეიქმნა გოგონათა გუნდები  ახლომდებარე სარაგბო კლუბებში, რაც უპრეცედენტოა საქართველოს მასშტაბით.

ამ პროექტის ფარგლებში უახლოესი ფესტივალი 2 ივნისს ჩოხატაურში ჩატარდება. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან: World Rugby, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ბათუმის მერია, საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის კავშირის აჭარის ფილიალი.