დიდი 10-ის პლეი აუტი | ელიტის დასკვნითი მონაწილე ფოთში გაირკვევა

დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘არმია’-‘არწივების’ 2-მატჩა დაპირისპირება არკვევს. „არმიელებმა“ რეგულარული სეზონი პირველ ლიგაში მე-4 პოზიციაზე ჩაამთავრეს, პლეი ოფში კი წარმატებული თამაშით დიდ ფინალს უწიეს, სადაც სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ დამარცხდნენ და ელიტის პლეი აუტში გადაინაცვლეს.

ოზურგეთის ‘არწივებისთვის’ კი დიდ 10-ში ჩატარებული სადებიუტო სეზონი რთული გამოდგა. დიდი მცდელობის მიუხედავად, გურულებმა მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგეს და პირველობა პლეი აუტის ზონაში, ბოლოსწინა მე-9 ადგილზე დაასრულეს.

მეტოქეთა პირველი რკენა  ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, რომლის მასპინძელი ‘არმია’ გახლდათ. გუნდების რიგებში თვალშისაცემი აფრიკელ-ფიჯელ ლეგიონერთა სიუხვე გახლდათ. ‘არმიამ’ ძირითად შემადგენლობაში 6 ლეგიონერი გაამწესა, გურულებმა კი თამაში 5 უცხოელით დაიწყეს. მეტოქეებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს, თუმცა თავდაუზოგავ ბრძოლაში მიღებული ტრავმების გამო, ორივე მხრიდან არაერთ მოთამაშეს მატჩის დასრულება ნაადრევად იძულებით მოუხდა.

აღსანიშნავია, რომ მცირე კინკლაობის მიუხედავად, უაღრესად დაძაბული შეხვედრა მთლიანობაში კორექტული გამოდგა და მატჩის ახალგაზრდა მთავარმა არბიტრმა საბა მახარაძემ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

მატჩის საწყისი 10 წუთი ‘არწივების’ უპირატესობით აღინიშნა. მართალია, გურულებმა მესამე წუთზე მეტოქის 5-მეტრიანთან საკუთარი დერეფანი დათმეს, თუმცა მე-9 წუთზე  საკუთარი აუტიდან კარგად შეკრული მოლით კვაჭმა გიორგი ბეჟანიძემ ძალისმიერი ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც სტუმართა მგეზავმა მარვინ ფრედერიქსმა გარდასახა.

შეხვედრის მომდევნო 20-მა წუთმა გუნდების ტაქტიკურ პაექრობაში განვლო. აღნიშნულ პერიოდში მეტოქეთა მოპოვებული ყველა ჯარიმა კარში დასარტყამი გამოდგა. „არმიელთა“ ფულბეკმა მერლს პიტერსმა 3 ჯარიმა გაიტანა, ფრედერიქსმა კი ძელებს შუა ოვალი მხოლოდ ერთხელ გაატარა და ანგარიშში სხვაობაც 1 ქულამდე შემცირდა.

ტაიმის დარჩენილი მონაკვეთი კვლავ სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გია ამირხანაშვილის ბიჭებმა სამატჩო ქულების აღება ვერ შეძლეს. ‘არწივებმა’ ჯერ კარგად ჩამოყალიბებული მოლით ბოლო მომენტში, ტექნიკური წუნის გამო ვერ იხეირეს, რის შემდგომ ფრედერიქსს ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაუცუდდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე უკვე პიტერსმა 3 ქულის აღება საკუთარი ნახევრიდან სცადა, თუმცა ჯარიმა ძელმა აისხლიტა, რამაც ‘არწივებს’ პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოაგებინა – 10:9.

მეორე ტაიმიც ‘არწივების’ იერიშებით დაიწყო, რომლის დებიუტში ფრედერიქსს ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაუცუდდა. 45-ე წუთზე გურულების მღლეტელმა საკიუსა მბასეისეიმ ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქესთან ჭიდილში ივარგა და ლელო გაიტანა, რომლის გარდასახვა ფრედერიქსს არ გაჭირვებია. 7 წუთის შემდეგ პიტერსმა თავისი მე-4 გატანილი ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 5-ქულამდე შეამცირა.

საათის თავს კი ხეირზე, შორეულ კიდესთან ფრედერიქსის ეფექტურად გადაკიდებული ოვალი ლელოდ სტუმართა ფრთა ჯამბა ულენგომ აქცია. ფრედერიქსმა მარტივად გარდასახა და ‘არწივების’ უპირატესობაც 12-ქულამდე გაიზარდა.

‘არმია’ არ შედრკა და მეორე ნახევარში ლაშა ბაირამაშვილის ბიჭების პირველივე მწვავე შეტევა გატანილი ლელოთი დასრულდა. 68-ე წუთზე „არმიელთა“ მღლეტელმა გიორგი ჭურაძემ ოვალი ძელებს შუა დადო, პიტერსმა კი იოლი გარდასახვით სხვაობა კვლავ 5-ქულამდე შეამცირა.

შეხვედრის კულმინაციად ბოლო 6 წუთი იქცა. მხტომელ ვაისაკე მაროვიას სინბინის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა ‘არმიამ’ თავი კარგად დაიცვა და თან ბოლო წუთზე მოპოვებული ჯარიმით მერლს პიტერსმა ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა, რამაც ქვეყნის ექს-ჩემპიონს საერთო წარმატების შანსი შეუნარჩუნა. ‘არწივებმა’ მატჩი 24:22 მოიგო და წყვილში გამარჯვებულს საპასუხო შეხვედრა 19 მაისს ფოთში გაარკვევს. მიმდინარე სეზონში გურულები საშინაო შეხვედრებს ფოთში მართავენ და „არმიელებსაც“ მომავალ კვირას „პარკი არენაზე“ უმასპინძლებენ.