7-კაცა | სტაბილურად მეხუთე

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპიც მე-5 ადგილზე დაამთავრა და საბოლოო ცხრილშიც მეხუთე პოზიცია დაიკავა.

გუნდმა ექვსიდან ხუთ თამაშში იბრძოლა, სამში გამარჯვება მოიპოვა, ორი მცირე სხვაობით დათმო, ჩემპიონ ესპანეთთან კი შანსი არ ქონია.

მოსკოვში პირველი თამაში პორტუგალიასთან გვქონდა და ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი გავანიავეთ. ტაიმის ბოლოს ლუკა მატკავამ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, გარდასახვით კი 7:5 დაგვაწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში უყურადღებოდ ვითამაშეთ და პორტუგალიამ მალევე დაიბრუნა ლიდერობა, მერე კი რიცხობრივი უპირატესობით (სინბინის გამო) ისარგებლა და მესამე ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ხელდახელ შეტევა ლევან ნარიმანიძის ლელოთი დასრულდა, რომელიც დასკვნით ფაზაში სამ მცველს გაექცა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არ კმაროდა – 14:17.

მეორე თამაშში ესპანეთმა ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა და 38:0 მოიგო, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველომ პოლონეთს დაუდო ექვსი ლელო და ყველა გარდასახა – 42:0.

ლისაბონის ეტაპის მსგავსად, მეოთხედფინალში რუსეთი გვერგო და გამარჯვებამდე კვლავ ცოტა დაგვაკლდა. მეტოქემ ტაიმში თითო ლელოს გატანა მოახერხა, ჩვენ ერთი ლელოთი მეორე ნახევარში ვუპასუხეთ – 5:10.

მე-5 ადგილის ნახევარფინალში კვლავ პორტუგალიას შევხვდით და რევანში ავიღეთ. შესვენებამდე გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს და თითო გარდასახეს. მეორე ტაიმში საქართველომ კიდევ ორი ლელო გაიტანა, თავად არცერთი გაუშვა და 24:12 გაიმარჯვა.

მე-5 ადგილისთვის იტალიას შევხვდით, რომელსაც ამავე ეტაპზე ლისაბონში მოვუგეთ. დასკვნითი ეტაპი ძლიერი წვიმის გამო ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, შეხვედრის მე-2 წუთზე კი რაქში უხეში თამაშისთვის იტალიელი მორაგბე წითელი ბარათით დაისაჯა. ანგარიში მე-6 წუთზე საქართველომ, დაახლოებით 1-წუთიანი და 90-მეტრიანი შეტევის შედეგად გახსნა, თუმცა გაწითლებულ დროზე იტალიამ შეძლო ალამთან საპასუხო ლელოს გატანა და გარდასახვაც ზუსტი იყო.

თამაში რომ განახლდა სინბინის გამო მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა, რითაც იტალიამ ისარგებლა და 7 ქულით დაწინაურდა, თუმცა მატჩის მიწურულს საქართველომ შეძლო მეორე ლელოს გატანა, რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო და ძირითადი დრო 14:14 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მიწურულს საქართველომ გამარჯვების ლელო გაიტანა და იტალიის 19:14 ძლევით, კვლავ მე-5 ადგილზე გავიდა.

ფინალში ესპანეთმა ლიეტუვას 47:5 მოუგო და ლისაბონის მსგავსად, მოსკოვის ეტაპიც მოიგო. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიამ რუსეთს აჯობა, ხოლო მე-7 ადგილზე პორტუგალია გავიდა.

საქართველოს 7-კაცა მოსკოვის ტურნირზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი ჭუაძე (აკადემია, თბილისი, კაპ.), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), ლუკა დვალიშვილი (არმაზი, მარნეული), იოანე ხელაია (აკადემია, თბილისი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები, ბოლნისი).

26 ივნისი. ჯგუფური ეტაპი

საქართველო – პორტუგალია 14:17

საქართველო – ესპანეთი 0:38

საქართველო – პოლონეთი 42:0

27 ივნისი. ფლეი ოფები

საქართველო – რუსეთი 5:10

საქართველო – პორტუგალია 24:12

საქართველო – იტალია 14:14 (19:14 დ.დ.)

 

ფოტო: RUGBYEUROPE