Crocobet დიდი 10 | არმია 8:11 აია

Crocobet დიდი 10-ის 2024/2025 წლების სეზონის სადებიუტო მატჩში, ქუთაისის ‘აიამ’ ‘არმიას’ თბილისში დაძაბულ ბრძოლაში, 11:8 სძლია.

ჩემპიონი მატჩის დებიუტში 8 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ელიტაში 5 წლის შემდეგ დაბრუნებული ‘არმია’ მატჩის გარდატეხას ეცადა და მართალია გამარჯვებას ვერ მიაღწია, მაგრამ ნუგეშ-ქულას გამორჩა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდები საუკეთესო ფორმაში ჯერ არ არიან, „ავჭალაზე“ მისულმა მაყურებელმა კარგი სანახაობა იხილა. იყო ხაზის გაჭრები, ბოჭვები და დაძაბულობა, რომელიც ბოლო წუთამდე შენარჩუნდა.

თამაში ‘აიას’ შეტევებით დაიწყო და მბატირერენგას გარღვევის შემდეგ ‘არმია’ დაჯარიმდა. გიორგი ბაბუნაშვილმა ახალი სეზონის პირველი ქულები ჩემპიონს კარის წინიდან მოუპოვა. მე-15 წუთზე სეზონის პირველი ლელოც გავიდა. მეტოქის 22-თან დერეფნის მოგების შემდეგ, ქუთაისელებმა ბურთი ხელდახელ საპირისპირო ფრთამდე ჩაათამაშეს და ტიმოთი მბოლამ ანგარიში 8:0 გახადა.

29-ე წუთზე თემურ კოხოძეს შეეძლო ლელოს გატანა, როდესაც ფეხით გადაიკიდა და მიყვა, მაგრამ ლელოში შესულ ბურთზე თამაში ლუკა კეშელავამ დაასწრო. 33-ე წუთზე კეშელავამ უკვე გადაცემა ჩაჭრა და სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყო, რასაც გიგი ჭუმბურიძის წითელი ბარათით გაძევება მოყვა. თბილისელებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს, მაგრამ ბურთი აუტში ვერ გადაიტანეს.

1 წუთში ლამაზი შეტევის შემდეგ საბა ილურიძემ ლელო გაიტანა, თუმცა ‘არმია’ ბლოკისთვის დაჯარიმდა. უკვე გაწითლებულ დროზე თბილისელებმა 45 მეტრიდან ჯარიმა კარში დაარტყეს, მაგრამ მერლს პიტერსი არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე ‘არმია’ დაჯარიმდა, ბაბუნაშვილმა 40 მეტრიდან გაიტანა და ქუთაისელთა ბოლო სამატჩო ქულები აიღო. მასპინძლებმა მალევე უპასუხეს. კარგი ხელდახელ შეტევის შემდეგ ლუკა კეშელავა მცველს ერთი-ერთზე გაექცა და დიდ 10-ში დაბრუნების შემდეგ, საკუთარ გუნდს პირველი ქულები მოუპოვა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ბაბუნაშვილმა ორჯერ სცადა არეკნით მონაგარის გაზრდა, მაგრამ მისი დარტყმული ორივეჯერ არაზუსტი იყო. 64-ე წუთზე არეკნი უკვე არმიელმა კოტე იაშვილმა სცადა და 42-ე წუთზე დარტყმა ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში ქულის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘აიამ’ 11:8 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელთა ფულბეკი ოთარ მეტრეველი გახდა.

დღეს, 7 სექტემბერს, დიდ 10-ში თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’. ის 16 საათზე ასპინძაში თბილისის ‘ლელო სარასენსს’ მასპინძლობს. 18 საათზე იწყება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც თბილისის ‘ხვამლი’ ‘ბათუმს’ „ხვამლი არენაზე“ მასპინძლობს.