ნიკა ამაშუკელი – “უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებზე დანიშვნა”

29 წლის ქართველი მსაჯის, ნიკა ამაშუკელის მიმართ, ნდობა უმაღლეს მწერვალს აღწევს. სწორედ ამის დასტურია, რომ მსოფლიო რაგბმა ის წლევანდელი ოთხი ერის დასკვნით ტურში, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მატჩის მთავარ მსაჯად დანიშნა.

ეს შეხვედრა 28 სექტემბერს ველინგტონში გაიმართება და უძველესი, ბლედისლოუს თასის ფინალიც იქნება, რომელიც „ოლ ბლექსსა“ და ავსტრალიას შორის 1930 წლიდან თამაშდება. მანამდე, ერთი კვირით ადრე (21 სექტემბერს), ამაშუკელი ამავე გუნდების შეხვედრაში სიდნეიში გვერდითი მსაჯი იქნება.

„უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებს რომ მაძლევენ. დავმკვიდრდი სამსაჯო ელიტაში და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვარ. მსოფლიო თასის შემდეგ გაკვირვების მომენტები დასრულდა და სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, სულ მაქვს რთულ თამაშებზე დანიშვნის მოლოდინი. უფრო სიამოვნების მომენტი მქონდა, რადგან ძალიან ბევრმა დიდმა მსაჯმა ისე დაამთავრა კარიერა, რომ ბლედისლოუს თასის ფინალის მსაჯობა არ მოუწია“.

„ჩემთვის ხატოვანი და სიმბოლურია ეს დაპირისპირება. ბავშვობაში ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე ბლედისლოუს თასს და 2000-იან წლებში აღიარებულ, „სამოთხის ტესტ-მატჩად“ წოდებულ ახალი ზელანდიისა და ავსტრალის დაპირისპირებას. ეს იყო ნამდვილი ვარსკვლავთცვენა, მინახავს კადრები, ვთამაშობდი კომპიუტერულ თამაშებს და ვგრძნობდი რამდენად დიდი იყო ეს ყველაფერი. ახლა კი მე ვხდები ამ ყველაფრის ნაწილი და ეს განსაკუთრებული მომენტია, რომლის სიტყვებით გადმოცემა მართლა წარმოუდგენელია“.

„ეს შესანიშნავი სიახლე და ნდობაა ქართული რაგბისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სარაგბო პროცესებს ყველა მხრივ მივყვებოდეთ, როგორც სანაკრებო, ასევე 7-კაცა, 7-ქალა და სამსაჯო კუთხით. საქართველო ყოველმხრივ უნდა იყოს ტიერ1-ის დონეზე და მიმაჩნია, რომ სამსაჯო კუთხით უკვე დავიმკვიდრეთ საკადრისი ადგილი. ასეთ თამაშებზე დანიშვნა სწორედ ამის დასტურია და ამავდროულად, არის უდიდესი პატივი, წნეხი, პასუხისმგებლობა და მას ჭირდება შეუჩერებელი მზადება, ყოველგვარი ზაფხულისა და დასვენებების გარეშე“.

„იცით, რომ ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი ჯო შმიდტი მანამდე ახალი ზელანდიის მწვრთნელი იყო და თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ამასთან, ეს არის წლევანდელი ოთხი ერის დასკვნითი რაუნდი და შესაძლოა ჩემპიონის ბედიც ამ თამაშმა გადაწყვიტოს. მე-5 ტურში, სიდნეიში, პირველ ბლედისლოუზე ვიქნები გვერდითი მსაჯი და უკვე ერთი კვირის შემდეგ, ველინგტონში მოედნის მსაჯი, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, უდიდესი პატივია როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე გვერდში მიდგას – ჩემს ოჯახს, რაგბის კავშირს, მენტორს და გულშემატკივარს“ – ამბობს ნიკა ამაშუკელი.

მეორედ ახალ ზელანდიაში

ამაშუკელმა ამ ზაფხულს უკვე იმსაჯა ახალ ზელანდიაში, როდესაც „ოლ ბლექსმა“ ინგლისს უმასპინძლა. განვლილი გამოცდილების შესახებ ნიკა გვიყვება:

„ივლისში საოცარი თამაშები მქონდა, განსაკუთრებით პირველი ტესტ-მატჩი ახალ ზელანდიასა და ინგლისს შორის, სადაც ბოლო წამამდე არ იყო გარკვეული ვინ გაიმარჯვებდა. ეს იყო დაძაბული და ფიზიკური თამაში, რომელშიც ინგლისელებმა თავი გაწირეს და ბოლომდე არაფერი დათმეს. ბედნიერი ვიყავი ამ ტესტ-მატჩების მონაწილე რომ გავხდი. სწორედ ასეთი თამაშები გზრდის არა მხოლოდ როგორც მსაჯს, არამედ როგორც ადამიანს, პიროვნებას“.

„ყველამ იცის რა დონეზეა რაგბი ახალ ზელანდიაში და შესანიშნავია იქ მსაჯობა. თამაში იყო დანედინში, ტრიბუნები რა თქმა უნდა გადავსებული და მაყურებელმა ძალიან მაგარი ატმოსფერო შექმნა. სწორედ ასეთ სირთულეებში გაფასებს ხალხი და მენეჯმენტი. ჩემთვის, როგორც მსაჯისთვის, ასეთი ახლო თამაშების მსაჯობა უფრო დიდი სიამოვნებაა, ვიდრე ისეთი შეხვედრის, სადაც ერთი გუნდი მეორეს 50 ქულით უგებს“.

„მეორე თამაშიც ავსტრალიასა და უელსს შორის თვალსასეირო გამოვიდა. იმ შეხვედრაში 8 ლელო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ უელსს შემადგენლობაში მრავლად ყავდა ახალგაზრდები, მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მეც მაგრად ვისიამოვნე. ამ თამაშებში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია, ბევრ დეტალს სხვა თვალით ხედავ და ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს მსაჯებს, მწვრთნელებს და გუნდებს“.

„დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რადგან მათგან ვგრძნობდი ძალიან დიდ სითბოს და მხარდაჭერას, თანაც პროფესიაში, რომელიც წლების წინ სულაც არ იყო პოპულარული“.