დიდი 10 | 2024/25 წლების სეზონი 6 სექტემბერს დაიწყება

დიდი 10-ის ახალი, 2024/25 წლების სეზონი 6 სექტემბერს დაიწყება და 2025 წლის 16-18 მაისს (ზუსტი რიცხვი მოგვიანებით დაზუსტდება) ფინალური შეხვედრით დასრულდება.

მომავალ სეზონში უმაღლეს დონეზე 7 ქალაქისა და რეგიონის გუნდი ითამაშებს. თბილისს დიდ 10-ში 3 გუნდი ყავს – ‘ლელო-სარასენსი’, ‘ხვამლი’ და ‘არმია’; ქუთაისი ორი გუნდითაა წარმოდგენილი – ‘აია’ და ‘არესი’; ხოლო დანარჩენ 5 ადგილს ბათუმის ‘ბათუმი’, რუსთავის ‘ხარები’, ბოლნისის ‘ყოჩები’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ იკავებენ.

ტრადიციულად, 3-3 ტურის შემდეგ გუნდებს მცირე შესვენება ექნებათ. პირველი წრე 17 ნოემბერს დასრულდება, მეორე წრე კი ორი კვირის შემდეგ, 29-ში დაიწყება და წლის ბოლომდე გუნდები კიდევ სამ ტურს ითამაშებენ.

22 დეკემბრის შემდეგ საახალწლო შესვენება იწყება და ჩემპიონატი 14 თებერვალს განახლდება. რეგულარული სეზონი 13 აპრილს სრულდება და 25 აპრილიდან ფლეი ოფები დაიწყება.

სეზონის პირველ მატჩში უძლიერესთა შორის დაბრუნებული ‘არმია’ მოქმედ ჩემპიონ ‘აიას’ 6 სექტემბერს უმასპინძლებს. 7 სექტემბერს დიდი 10-ის დებიუტანტი ‘ტაო’ ვიცე-ჩემპიონ ‘ლელოს’, ხოლო ‘ხვამლი’ ‘ბათუმს’ შეხვდება; 8 სექტემბერს ‘ყაზბეგი’ ბრინჯაოს მედალოსან ‘ყოჩებს’, ‘ხარები’ კი ‘არესს’ ეთამაშება. ‘არესი’ გარდამავალი „სარბიელის სინის’ მფლობელია და რუსთავში მის დაცვას ეცდება.

დიდი 10-ის ახალი სეზონი ერთი მნიშვნელოვანი სიახლით იწყება. გუნდებს სამატჩო, 23-კაციან განაცხადში მაქსიმუმ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ექნებათ.

ცნობილია პირველი ლიგის ჩატარების თარიღებიც. ის 13 სექტემბერს იწყება და ფინალური შეხვედრით 16-18 მაისს დასრულდება. დიდ 10-ში ასვლა-დარჩენის ფლეი ოფები მაისის მიწურულს და ივნისის დასაწყისში გაიმართება. პირველ ლიგაში ითამაშებენ: ოზურგეთის ‘არწივები’, თბილისის ‘აკადემია’, წყალტუბოს ‘დინოზავრი’, გორის ‘გორი’, თბილისის ‘ლოკომოტივი’, პატარძეულის ‘ვეფხვები’, თეთრიწყაროს ‘იუნკერები’, ჭიათურის ‘მათე’, თბილისის ‘წიქარა’ და რუსთავის ‘რუსთავი’.

27-29 სექტემბერს იწყება რეგიონული ლიგის გათამაშება, აღმოსავლეთის ლიგაში 14, ხოლო დასავლეთში 7 გუნდი ითამაშებს.