20 წ. | ფიჯი დამარცხებულია – საქართველო ელიტაში რჩება!

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში ფიჯის დრამატულ ბრძოლაში 40:36 სძლიეს და მე-9 ადგილის ფინალში გავიდნენ, რითაც 12-გუნდა ელიტაში თამაში გაისადაც დაიბევეს.

საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს ითამაშა და მას შემდეგ გუნდმა ზედიზედ მეექვსედ (2020-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) შეინარჩუნა უძლიერესთა შორის ადგილი.

ლადო კილასონიას შეგირდები სამხრეთ აფრიკაში მომდევნო შეხვედრას 19 ივლისს, ქეიფთაუნში, ჩვენი დროით 16:30 საათზე იტალიასთან გამართავენ და მე-9 ადგილის დაკავებას ეცდებიან. შეგახსენებთ, იტალიას ჯგუფურ ეტაპზეც ვეთამაშეთ და 28:17 დავამარცხეთ.

პრაგმატული ტაიმი

ფიჯიმ ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში უშანსოდ, დიდი სხვაობით დათმო, თუმცა თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოსთან მაქსიმალური მონდომებით ითამაშებდნენ და ასეც მოხდა.

მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში უმცროსი ბორჯღალოსნები თამაშს აკონტროლებდნენ და მნიშვნელოვანი უპირატესობაც მოიპოვეს. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ მოლში და იშვიათი გამონაკლისის გარდა, კარგად იდგნენ დაცვაში.

შეხვედრის დებიუტში მსაჯმა დავით ლაგვილავაზე თითქოს უწყინარ სიტუაციაში გვიანი, მაღალი ბოჭვა დააფიქსირა და ის 10 წუთით სინბინში გაუშვა. მიუხედავად ამისა, კუნძულელების პირველი იერიში მოვიგერიეთ და მეტოქის ნახევარზე გადავედით. ფიჯი თავიდან თავს მწყობრად იცავდა, მაგრამ მერე დისციპლინაში პრობლემები შეექმნა, რითაც ლუკა ცირეკიძემ ისარგებლა და მე-12 და მე-18 წუთებზე ჯარიმები გაიტანა.

ტაიმის შუაში ფიჯიმ წამიერად ჩვენი კონცენტრაციის ნაკლებობით ისარგებლა, ჩვეულ სტილში, მაღალ ტემპში ოფლოუდებით შემოგვიტია და მატჩის პირველი ლელო გაიტანა, გარდასახვის შემდეგ კი წინაც გავიდა. პასუხმა არ დაახანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კუნძლელები შერკინებაში დააჯარიმეს, დერეფნიდან აგორებული კარგი მოლით დაახლოებით 10 მეტრი დაფარეს და მიხეილ ხახუბიას ლელო ცირეკიძემ გარდასახა – 13:7.

30-ე წუთზე ცირეკიძემ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმის შემდეგ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ამ კომპონენტში ქართველთა დომინირება გრძელდებოდა და ფიჯელთა ბურჯი სინბინით დაისაჯა. ამჯერად 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი ხაინდრავას მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა და იქ მცველთა ჭიდილში ლელო ტარიელ ბურთიკაშვილმა მიითვალა. მატჩისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც ფიჯიმ თავისი ნახევრიდან კიდევ ერთი საოცარი შეტევა წამოიწყო და ის ალამთან გატანილი ლელოთი დაასრულა – 21:12.

დრამატიზმი ბოლო წამამდე

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. უცროსი ბორჯღალოსნები დებიუტში რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და 47-ე წუთზე ანდრო დვალის სინბინის გამო მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. მიუხედავად ამისა თავი დავიცავით, მერე ალექსანდრე ჯიღაურმა ჩვენს 22-ში სწრაფად გაითამაშა ბურთი და ცენტრამდე იარა, მას კარგად მიყვნენ ლუკა კობაური და ბურთიკაშვილი, ფიჯიმ საკუთარ 22-თან შეტევა თითქოს შეგვინელა, მაგრამ საქმეში შეცვლაზე შესული ბურჯი ლუკა კოტორაშვილი ჩაერთო, რაქიდან მოულოდნელად შეუტია, 18 მეტრი ირბინა და ოფლოუდით ლელოში გიორგი გერგედავა შეუშვა. ცირეკიძემ გარდასახა და უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა.

მაგრამ ფიჯიმ მოდუნების საშუალება არ მოგვცა, 55-ე და 59-ე წუთებზე ფრთაზე მეტობა ორჯერ გამოიყენა და ლელოები გაიტანა, მაგრამ გარდასახვები ვერ გამოიყენა. კილასონიას შეგირდებმა ძალები მოიკრიბეს, ბურთზე კონტროლი დაამყარეს, კარგი თანმიმდევრული შეტევა წამოიწყეს და კოტორაშვილის დროული გადაცემის შემდეგ ხაზი სუფთად ნიკა ლომიძემ გაჭრა. ცირეკიძემ კაპიტნის ლელო გარდასახა.

ფიჯიმ არც ამჯერად მოგვცა ამოსუნთქვის შესაძლებლობა, ფეხით თამაშის შემდეგ სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა განახორციელა და გარდასახული ლელოთი გვიპასუხა. ლელოების ფოერვერკს საქართველოც აყვა, 70-ე წუთზე ცრუ-მოლს თამაზ ჭამიაშვილი მოწყდა და მოკლე ფრთაზე შეუტია, სადაც მეტობა გავითამაშეთ და ლუკა კეშელავამ ლელო ალამთან გაიტანა. ფიჯის კვლავ ორი წუთი დაჭირდა პასუხის გასაცემად, ხელდახელ შეტევისას სივრცეები გამოიყენა და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა, რითაც სხვაობა 4 ქულამდე დავიდა – 40:36.

ამის შემდეგ საქართველომ შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და ბურთზე კონტროლის დამყარება. ფიჯი შერკინებაში ორჯერ დაჯარიმდა, 3 ქულის აღებას ორივეჯერ ლელოზე თამაში ვარჩიეთ და ჭამიაშვილმა მოლის შემდეგ  ბურთი დაამიწა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ სიტუაციის ბოლომდე დრამატიზება გადაწყვიტა და მოლის ჩამოყალიბებისას ბლოკის ბრალდებით სუფთა ლელო გააუქმა. მერე მანვე მურთაზ ცხადაძეს მხრიდან წესების დარღვევა აღმოაჩინა, ის სინბინში გაუშვა და ფიჯიმ კაცნაკლულ საქართველოს შეუტია.

მაგრამ ბიჭები მაგრად დადგნენ, კუნძულელებს ცენტრთან აართვეს ბურთი და უმნიშვნელოვანესი თამაში 40:36 მოიგეს.

2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX-XII ადგილების ნახევარფინალი. 14 ივლისი

სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში. „დენი ქრავენ სთედიუმი“

საქართველო – ფიჯი 40:36 (21:12)

საქართველო

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (აია), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. თემურ წულუკიძე (იუნკერები), 6. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. ნიკა ლომიძე (ბეიონი, კაპ.).

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით ქუნთელია (პროვანსი), 19. მურთაზ ცხადაძე (არესი), 20. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

5 ლელო: ხახუბია, ბურთიკაშვილი, გერგედავა, ლომიძე, კეშელავა

3 გარდასახვა: ცირეკიძე

3 ჯარიმა: ცირეკიძე