ქართული რაგბის სუპერ-კვირა

გასული კვირა სუპერ-წარმატებული აღმოჩნდა ქართული რაგბისთვის. ჩვენმა გუნდებმა ყველა ასპარეზზე მიაღწიეს სასურველ შედეგს და რამდენიმე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს!

ქართული გუნდების წარმატებას იაპონიაში, სამხრეთ აფრიკასა და უნგრეთში, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გამოეხმაურა:

„ასეთი ისტორიული და წარმატებული კვირა ქართულ რაგბს არასდროს ქონია და მინდა მივულოცო მთელ საქართველოს როგორც ეროვნული და 20-წლამდე ნაკრებების, ასევე გოგონების წარმატება. ამ კვირამ ასევე დაგვანახა, რომ ყველა მიმართულებით ვვითარდებით, სწორ გზას ვადგავართ და შედეგებიც მოდის. სისტემა სწორად მუშაობს, ისტორიას ვწერთ და ეს აუცილებლად მოიტანს კიდევ უფრო დიდ შედეგებს“.

„სწორედ ამის შედეგია ბოლო წლებში ტიერ1-ის გუნდებთან მოპოვებული სამი გამარჯვება. ფიჯისთან თამაშით ყველანი უკმაყოფილო ვიყავით, მაგრამ მწვრთნელებს აუცილებლად უნდა მივცეთ დრო, რათა მათ სრულად წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. სარაგბო საზოგადოება კი უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, ვიმსჯელოთ განვიხილოთ რა არის გამოსასწორებელი, რათა კიდევ უფრო დიდი ტემპებით ვიაროთ წინ“.

„ყველამ ნახა როგორი თამაშის ხარისხი აჩვენეს ჩვენმა 20-წლამდელებმა ირლანდიასთან, იტალიასთან და ფიჯისთან. მადლობა ამ ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს ამ სიხარულისთვის. ყველანი ერთად ვხედავთ, რომ ქართულ რაგბს უნიჭიერესი თაობები ეზრდება და ეს აუცილებლად მიგვიყვანს კიდევ უფრო დიდ შედეგებამდე“.

„ვულოცავ ჩვენ გოგონებს ამ დიდ წარმატებას, რასაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატში აღზევება ქვია. მადლობა ჯაბა მალაღურაძეს, სამწვრთნელო შტაბს და გოგონებს, რომლებსაც სჯეროდათ და ბოლომდე იბრძოლეს მიზნის მისაღწევად. გოგონების ელიტაში მოხვედრა დამატებითი მოტივაცია იქნება არა მხოლოდ ქალთა, არამედ მთლიანად ქართული რაგბის განვითარებისთვის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვისთვის“.

„მინდა ყველას გავახსენო ჩვენი 18-წლამდელების ჩართვა ექვს ერში, რაც ქართული რაგბისთვის უდიდესი მიღწევაა. ასევე ‘შავი ლომის’ კიდევ ორი წლით ჩართვა ჩელენჯ თასზე, სადაც უკვე ჩავატარეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში და ‘სქარლეთსთან’ ისტორიული გამარჯვებაც მოვიპოვეთ“.

„მთავარია, რომ მთელი ქართული საზოგადოება, გულშემატკივრები, მთელი ქვეყანა, წაგებისას თუ მოგებისას  ერთად ვიდგეთ და ეს სისტემა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს“.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს საქართველოს, გოგონებს, 20-წლამდელებს და ბორჯღალოსნებს ამ საოცარ კვირას და დიდი იმედებით ველოდებით მომდევნო თამაშებს“.

მესამედ ტიერ1-თან

ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ბორჯღალოსნებმა გაზაფხულზე რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-16-ედ მოიგეს, თუმცა ინგლისელს ნამდვილი გამოცდა ზაფხულში ელოდა.

საქართველოს რაგბის კავშირმა 2024 წელს გულშემატკივარს განსაკუთრებულად ცხელი ზაფხული შესთავაზა. პირველად ისტორიაში, ზაფხულის პერიოდში, ბორჯღალოსნებმა ერთი მეორეზე უკეთესი ტესტ-მატჩები მიიღეს ტიერ1-ის გუნდებთან (იაპონია და ავსტრალია) და მის დარ ფიჯისთან, რომლის ნაკრები ზე-რაგბიში ფიჯის ფრენჩაიზის ჩართვის შემდეგ კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.

რადგან 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი 4-წლიანი ციკლი სწორედ ახლა იწყება, კოკერილმა შემადგენლობის გადახალისება განიზრახა და გაფართოებულ შემადგენლობაში 7 პოტენციური დებიუტანტი გამოიძახა. ამ სარისკო ნაბიჯის მიზეზი ტრავმებიც იყო, რისგანაც სპორტსმენი დაზღვეული არასდროსაა და ეგეც რომ არა, ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად, მათთვის გამოცდილების მისაღებად, 4-წლიანი ციკლის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია.

ზაფხულის პირველი მატჩში სიახლეებმა ვერ გაამართლა. ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხი სასურველისგან ძალიან შორს იდგა და სტუმარმა ფიჯიმაც 21:12 გაიმარჯვა.

ამ ფონზე იაპონიასთან სტუმრად თამაში კარგს არაფერს გვიქადდა, მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ედი ჯოუნსის გაწვრთნილმა გუნდმა მანამდე სამი თამაში ჩაატარა (ინგლისთან და ორი მაორი ოლ ბლექსთან) და ჩვენთან შეხვედრის წინ მაორი ოლ ბლექსი დასცა. ზურგს არც ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გვიმაგრებდა – იაპონიას 6-იდან 5 თამაში ჰქონდა მოგებული, მათ შორის ბოლო 2018 წელს 28:0. ხოლო საქართველოს ის ერთადერთი მოგება 10 წლის წინ, 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ ჰქონდა მოპოვებული (35:24).

მაგრამ სამწვრთნელო შტაბის და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. შეცდომები ახლაც იყო, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე ფიჯისთან. ბორჯღალოსნები უფრო შედეგიანები იყვნენ შეტევაში, გაიტანეს 3 ლელო და რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი.

კარგი და მოგებული პირველი ტაიმის (18:13) შემდეგ, მასპინძლებმა შეძლეს დაწინაურება. სასიხარულოა, რომ ამან ბორჯღალოსნები არ გატეხა, დასკვნითმა 15-მა წუთმა მათი სრული დომინირებით ჩაიარა და გიორგი ჯავახიამ გამათანაბრებელი ლელო გაიტანა, ლუკა მატკავამ კი გამარჯვების გარდასახვა – 25:23.

ეს იყო საქართველოს მესამე გამარჯვება ტიერ1-ის გუნდთან ბოლო 3 წლის (2022 წელს იტალიასთან და უელსთან) განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ორი შეხვედრა სტუმრად მოვიგეთ – უელსში და იაპონიაში. ასევე, ეს იყო საქართველოს პირველი გამარჯვება იაპონიაში. მანამდე მათ ორჯერ ვეწვიეთ და 2006 წელს თამაში 7:32, ხოლო 2018 წელს 0:28 დავთმეთ.

ამრიგად, ქართული რაგბის სუპერ-კვირაში კოკერილის გაწვრთნილმა ბორჯღალოსნებმა ტიერ1-ის იაპონიასთან ისტორიული და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს, 20 ივლისს კი სიდნეიში ავსტრალიას ერკინებიან.

7 წელი ელიტაში

გასულ კვირაში სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ორი შეხვედრა ჩაატარეს და ორივე მოიგეს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა.

მსოფლიოს 12-გუნდა ელიტაში თამაშის უფლება საქართველომ 2015 წელს ალაფის მოგებით მოიპოვა და 2016 წელს გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა. მას შემდეგ 6 ჩემპიონატი ჩატარდა და საქართველომ საუკეთესო შედეგი შარშან აჩვენა – მე-8 ადგილი, ერთხელ მე-9 ადგილზე გავიდა, სამჯერ კი მეათე იყო. რა შედეგს დაიკავებს წელს 19 ივლისს გაირკვევა, თუმცა უკვე ცხადია, რომ გაისადაც ელიტის ნაწილი იქნება.

ქართული რაგბის განვითარებისთვის ჩვენი 20-წლამდელების ელიტაში სისტემატური თამაში უმნიშვნელოვანესია, რადგან მორაგბეები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან უმაღლეს სათამაშო ტემპს, იძენენ გამოცდილებას და ტიერ1-ის ქვეყნების თანატოლებთან გამარჯვებებით, იძენენ ესოდენ საჭირო გამოცდილებას.

სუპერ-კვირაში ლადო კილასონიას შეგირდებს ორი თამაშის გამართვა მოუწიათ და ორივე მოიგეს!

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მათი მეტოქე იტალია იყო, რომელმაც წლევანდელ ასაკობრივ ექვს ერზე ორი თამაში მოიგო და მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩვენთან თამაშამდე კი ავსტრალიას სძლია.

უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს, გაიტანეს 4 ლელო და მეტოქე ბონუსით, 28:17 დაამარცხეს. ინგლისს ამავე დღეს სამხრეთ აფრიკა 8 და მეტი ქულის სხვაობით რომ დაემარცხებინა და მისთვის ნუგეშ-ქულის აღების შესაძლებლობა არ მიეცა, საქართველო მე-5-მე-8 ადგილის ნახევარფინალში გავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ბიჭების თავგანწირვა სატურნირო თვალსაზრისით დაუფასებელი დარჩა…

შედეგად, კვირის ბოლოს გასავარდნ ოთხეულში, ფიჯისთან მოგვიწია სამკვდრო-სასიცოცხლო ნახევარფინალის გამართვა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აქაც გმირულად იბრძოლეს, თავი დადეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს. ეს არ იყო მხოლოდ თამაში. ეს იყო დრამატიზმით სავსე სანახაობა. ფიჯი არაფერს თმობდა და ძალიან მაგარი თამაში შემოგვთავაზა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კარგად იცოდნენ, რომ სასწორზე ქართული რაგბის მომავალი იდო და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულეს – 40:36!

ესეც 20-წლამდელების მეორე გამარჯვება გასულ კვირაში და 19 ივლისს იტალიასთან მე-9 ადგილისთვის მატჩი გველის.

გოგონებიც ელიტაში

საქართველოში გოგონებმა რაგბის თამაში 2005 წელს დაიწყეს და 2008 წლიდან საერთაშორისო თამაშებში ჩაერთვნენ, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად 12 გოგონას შეგროვებაც კი ჭირდა. მიუხედავად მწირი რესურსისა, ქართველმა გოგონებმა თავიდანვე წარმოაჩინეს პოტენციალი, მაგრამ ეს პერიოდული გამონათებები იყო.

ბოლო პერიოდში ჯაბა მალაღურაძის გარჯამ ჩვენი 7-ქალა კიდევ უფრო გაზარდა და დახვეწა. გოგონების ცხოვრებაში „მეტი რაგბის“ დანერგვამ გააჩინა ამბიცია – აღარ დავკმაყოფილებულიყავით რაგბი ევროპის ალაფით და გვებრძოლა ჩემპიონატში აღზევებისთვის.

ისევ და ისევ ნაკრების კანდიდატი გოგონების სიმცირიდან გამომდინარე, ეს თითქოს მიუღწეველ ოცნებად ჩანდა, თუმცა შარშან მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, წელს კი მიზანი ახდა.

ზაგრების ეტაპზე მალაღურაძის შეგირდები პირველად გავიდნენ ალაფის ფინალში და მიზანს ძალიან დაუახლოვდნენ, უნგრეთში კი, ბოლომდე ბრძოლით და მაღალი სათამაშო კლასით, მიზანი რეალობად აქციეს. მიუხედავად იმისა, რომ ბუდაპეშტში ოდნავ არ გაგვიმართლა და საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავეთ, საქართველო ორი ეტაპის ჯამში ორ საუკეთესოს შორის მოხვდა და გაისად ევროპული 7-ქალას ელიტაში ითამაშებს!