ბორჯღალოსნები | მესამედ ტიერ 1-თან – იაპონიას 10 წლის შემდეგ მეორედ მოვუგეთ!

დღეს საქართველომ ტიერ 1-ის მესამე გუნდი, იაპონია დაამარცხა! ეს იყო ამ გუნდების მეშვიდე დაპირისპირება და ბორჯღალოსნებმა აზიის საუკეთესო გუნდს 10 წლის შემდეგ მეორედ სძლია – პირველად იაპონიაში, ანგარიშით 25:23.

რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, საქართველომ სარაგბო ელიტის წარმომადგენელთან პირველი გამარჯვება იზეიმა. აქამდე ეს ბორჯღალოსნებმა 2022 წელს, ლევან მაისაშვილის თავკაცობით ორჯერ შეძლეს – იტალიასთან ბათუმში და უელსთან კარდიფში.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩებს საქართველო რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე ატარებს და გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია. 23-კაციან განაცხადში გვყავდა ორი დებიუტანტი – ლუკა გოგინავა და გიორგი ძმანაშვილი, სანდრო თოდუას გარდა კი, არცერთი მოთამაშის ასაკი 28 წელს არ აღემატებოდა.

ამ მატჩამდე იაპონელებს ბოლოს 2018 წელს ვეთამაშეთ და ბალანსი მეტოქის მხარეს იყო – 1 მოგება 5 მარცხის წილ. 2020 წლიდან, იაპონია ტიერ1-ის გუნდებს შეუერთდა და მას შემდეგ მათთან თამაშის შესაძლებლობა დღემდე არ მოგვცემია. დღეს კი აზიელებს კუნძულებზე ისტორიაში მესამედ ვეწვიეთ და სენდაიდან სიდნეიში გამარჯვებულები მივდივართ.

ორი ლელო პირველ ტაიმში

თამაში მასპინძლების იერიშებით დაიწყო და დებიუტშივე ლელო მივიღეთ. მასპინძლები მაღალ ტემპში ათამაშებდნენ ბურთს, ყველა ჯერზე ჰქონდათ წინსვლა და ფიჯელმა ჯონე ნაიკამბულამ ლელო გაიტანა, სვანგსინ ლიმ კი გარდასახა.

ასეთი სტარტის მიუხედავად ბორჯღალოსნებმა მალევე დაალაგეს თამაში, ირაკლი აფციაურმა რაქში ჯარიმა მოიპოვა, ამას დერეფნიდან ფორვარდების დარტყმა და ჯარიმა მოყვა, რომელიც ლუკა მატკავამ ახლოდან 3 ქულად გარდასახა. მე-11 წუთზე მეტოქე ცენტრში დავაჯარიმეთ, მატკავამ კარში დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა – სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.

ლიმ მე-17 წუთზე ერთი ჯარიმა გაქვითა, რაზეც საქართველომ კარგი ხელდახელ შეტევით უპასუხა, დიდი მანძილიც მოიგო და მეტოქის 22-ში შევიდა, მაგრამ იქ ბურთი დაიკარგა. საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, რომელმაც იაპონელთა მხრიდან უხეში წესის დარღვევა დააფიქსირა, რასაც მეტოქის წითელი ბარათით გაძევება მოყვა. ბორჯღალოსნებმა ბურთი აუტში გადაიტანეს, 5-მეტრიანი დერეფნიდან მძლავრი მოლი ააგორეს და ვანო კარკაძემ ლელო გაიტანა.

24-ე წუთზე იაპონია ლის ჯარიმის შემდეგ დაწინაურდა, რაზეც საქართველომ კიდევ ერთი კარგი ხელდახელ შეტევით უპასუხა. გიორგი კვესელაძემ ცენტრში გაჭრა ხაზი და ბურთი დავით ნინიაშვილს გაატანა, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და ბურთი 5-მეტრიანამდე მივიდა, იქიდან გამოსული ოვალი კი ბექა გორგაძემ მიხეილ ალანიას ახლოში ჭკვიანურად აუგდო და მიშიკოც ორ მცველს შორის გაძვრა. მატკავას გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო და ტაიმი 18:13 მოვიგეთ.

უტეხი იაპონელები

მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული იყო, იაპონია არ გატყდა და მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ თამაშის დალაგება გაგვიჭირდა, რითიც მეტოქემ ისარგებლა, ტემპს უმატა და პრაქტიკულად უბურთოდ დაგვტოვა. ლის 51-ე წუთზე შორიდან გაუცუდდა დარტყმა, თუმცა 5 წუთში ახლოდან ზუსტი იყო და სხვაობა შეამცირა, მერე კი სინბინით კვესელაძე დაისაჯა და 10 წუთით მოედანზე ჩვენც 14 კაცის ამარა დავრჩით.

ამ პერიოდში საქართველო დაცვაში თავგანწირვით თამაშობდა და რამდენიმე ეპიზოდში ფაქტობრივად გარდაუვალ ლელოს გადავრჩით, მაგრამ საბოლოოდ 64-ე წუთზე ოსადამ მაინც იპოვნა სივრცე და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ამან ბორჯღალოსნები გამოაცოცხლა და დასკვნითმა 15-მა წუთმა მათი დომინირებით ჩაიარა. 68-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ვერ დავაყენეთ, თუმცა ორიოდე წუთში ლელოდან 15 მეტრში კარგი მოლი დადგა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრი დაფარა და იაპონიამ ის მხოლოდ ჯარიმით, სინბინის ხარჯზე შაჩერა. 5-მეტრიანში ჯარიმის გათამაშებას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა და შეტევა გიორგი ჯავახიას ძალისმიერი ლელოთი დასრულდა. ლელო ძელის გვერდით გავიდა და მატკავამ გარდასახვით დაგვაწინაურა – 25:23.

დარჩენილი დრო საქართველომ მეტოქის ნახევარზე გაატარა და იაპონიასთან ისტორიაში მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად როგორც ტიერ 1-ის გუნდთან!

ახლა ბორჯღალოსნები ავსტრალიაში გადაინაცვლებენ და „კენგურუებთან“ ზაფხულის დასკვნით ტესტ-მატჩს 20 ივლისს, საქართველოს დროით 09:45 საათზე გამართავენ.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩი

13 ივლისი. სენდაი (იაპონია). „იურტეკ სთედიუმი“

საქართველო – იაპონია 25:23 (18:13)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

3 ლელო: კარკაძე, ალანია, ჯავახია

2 გარდასახვა: მატკავა

2 ჯარიმა: მატკავა

1 სინბინი: კვესელაძე