ანა პოღოსიანის დაბრუნება და ახდენილი ოცნება

საქართველოს 7-ქალამ 2024 წელს ისტორიული შედეგი დააფიქსირა – რაგბის ევროპის ალაფაზე მეორე ადგილი დაიკავა და გაისად ევროპის ელიტური გუნდების მხარდამხარ, ჩემპიონატში ითამაშებს.

ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი 40 წლის ანა პოღოსიანი გახდა, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ დაარსებული გუნდის პირველი კაპიტანი იყო, მერე აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და მსაჯობას მიჰყო ხელი, თუმცა გულმა არ მოუთმინა, როცა შესაძლებლობა მიეცა თამაშს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ოცნება აიხდინა.

7-ქალას დაბადება

საქართველოში ქალთა რაგბი 2005 წელს დაიბადა, თუმცა მოთამაშეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საერთაშორისო ტურნირებში ჩართვა მხოლოდ 2008 წლიდან მოხერხდა და მისი პირველი კაპიტანი ანა პოღოსიანი გახდა, რომელიც რაგბს 21 წლის ასაკში ეზიარა.

„ზურა დუგლაძეს საქართველოში ქალთა რაგბის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ის კარდაკარ დადიოდა და ასე აგროვებდა გოგონებს. მე ფეხბურთზე დავდიოდი, როდესაც „დუგიმ“ (ზურა დუგლაძე) ვარჯიშისას დამინახა და რაგბზე გადასვლა შემომთავაზა. თავიდან უარი ვუთხარი, რადგან წესების სირთულის გამო, რაგბს ტელევიზორშიც ვერ აღვიქვამდი და ვიფიქრე, რომ არაფერი გამომივიდოდა“.

„მაგრამ „დუგი“ არ მომეშვა, მეუბნებოდა – ცადე, ერთხელ მოდი ვარჯიშზე, უბრალოდ ბურთი დაიჭირეო და მეც ვცადე… მერე ყველაფერი ისე იყო როგორც ხდება ხოლმე. რაგბმა ისე მომწამლა, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მაშინ, 2005 წელს კი, რაგბზე მხოლოდ 5 გოგონა დავდიოდით და ვარჯიშებით შემოვიფარგლებოდით, რადგან არასაკმარისი რაოდენობის გამო, თამაშებს ვერ ვატარებდით და ვერც ტურნირებზე დავდიოდით“ – იხსენებს რაგბში გატარებულ პირველ წლებს ანა.

პირველი კაპიტანი

2008 წლის მაისში საქართველოს 7-ქალამ პირველად ითამაშა მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი, ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელი ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხოლო ფლეი ოფში სლოვენია დაამარცხა და მე-10 ადგილზე გავიდა. ეს ტურნირი განსაკუთრებული აღმოჩნდა ანა პოღოსიანისთვის, რომელმაც პირველმა უკაპიტნა ჩვენს 7-ქალას და 9 გატანილი ლელოთი, ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა:

„საქართველოში ქალთა რაგბი ოფიციალურად 2008 წელს დაიწყო. პირველივე საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მელელოვე გავხდი და სიმბოლურ გუნდშიც დამასახელეს. მას შემდეგ თითქმის ყველა ტურნირზე ვიღებდი საუკეთესო მელელოვის, მოთამაშის, ან რაიმე სახის ინდივიდუალურ პრიზს. გუნდურად კი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი (მეორე დივიზიონში, იგივე ალაფაზე) იყო“.

„ზურაბ დუგლაძის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი ბორჯღალოსანი პალიკო ჯიმშელაძე გახდა, რომელსაც საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა ჰქონდა და ჩვენ-ჩვენს პოზიციაზე ყველანი მაქსიმალურად აგვამუშავა. მოგვიანებით 7-ქალა ჯაბა მალაღურაძემ ჩაიბარა, რომელსაც ასევე დიდი საერთაშორისო გამოცდილება ქონდა. მათი მწვრთნელობის დროს ისეთ თამაშს ვაჩვენებდით, ერთ-ერთი ტურნირის შემდეგ იკითხეს, საქართველოში რამდენი მორაგბე გოგონააო და რომ გაიგეს სულ 12-ნი ვიყავით და ფაქტობრივად სელექციაც არ გვჭირდებოდა, გაოცებული დარჩნენ“.

„არადა, კონკურენცია მეტი რომ ყოფილიყო, ელიტის საგზურსაც აუცილებლად მოვიპოვებდით. გუნდში 12-ნი ვიყავით, მაგრამ თუ ტრავმას არ მივიღებდით, ხშირ შემთხვევაში ძირითადის 7-ეული ვიწყებდით და ვამთავრებდით. ფაქტობრივად სიკვდილამდე ვთამაშობდით. პირადად მე ერთის გარდა ყველა თამაში შეუცვლელად მაქვს ჩატარებული. იმ ერთ შემთხვევაში ტრავმა მქონდა, ძირითადში არ დამაყენეს, თუმცა მერე ტკივილგამაყუჩებელი გავიკეთე და მეორე ტაიმში მაინც შევედი. და ასე იმიტომ ხდებოდა, რომ რაგბში საკუთარი თავი ვიპოვე, პირველივე დღიდან ჩემი გახდა, მინდოდა თამაში და მორჩა!“.

რაგბით მოწამლული

მას შემდეგ, რაც საქართველოში საუკეთესო ქალი მორაგბის გამოვლენა დაიწყო, ანა ტიტულს ზედიზედ ორჯერ დაეუფლა – 2014 და 2015 წლებში, მერე კი მისი აქტიური სპორტული კარიერა დასრულდა, თუმცა…

საწამლავი – სახელად რაგბი, ისე გაუჯდა ანა პოღოსიანის გონებას, რომ ის სპორტის ამ სახეობაში დარჩა და ახლა უკვე არა მხოლოდ დიდი 10-ის, არამედ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. მას ნინო ელოშვილთან ერთად ხშირად იწვევენ ევროპის 7-ქალას ტურნირების სამსაჯოდ და საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე მსაჯის სტატუსით გააქვს:

„მსაჯობა თამაშის პარალელურად, 2009 თუ 2010 წელს დავიწყე. თავიდან კიდის მსაჯი ვიყავი, მერე ცენტრშიც გავბედე დადგომა. საერთაშორისო ტურნირებში მე და ნინო თანამსაჯად პირველად ყაზანში მიგვიწვიეს. იქ უმაღლესი დონის მსაჯებს შევხდით (მათ შორის იყვნენ ინგლისელი სარა კოქსი, ირლანდიელი ჯოი ნევილი და შოტლანდიელი ჰოლი დევიდსონი), მათთან ერთად ვიმუშავეთ და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. კორონა-ვირუსის გამო ერთი წელი ჩაგვივარდა, 2021 წლიდან კი კვლავ დავბრუნდით საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე ვარ დიდი 10-ის და საქართველოს სხვადასხვა ლიგების მსაჯი. რთული პროფესიაა, რადგან ძალიან ბევრი წესია და სწრაფად გიწევს გადაწყვეტილების მიღება“.

დაბრუნება

„აქტიური სპორტიდან ჩამოშორების შემდეგ, სწორედ მსაჯობით ვინაზღაურებდი რაგბისადმი სიყვარულს, ვცდილობდი რაღაც ფორმით ამ სფეროში დავრჩენილიყავი. რაგბმა უამრავი მეგობარი შემძინა, ასევე ჩამომიყალიბა შინაგანი დისციპლინა და მომცა შესაძლებლობა, ჯერ როგორც მორაგბეს და მერე როგორც მსაჯს, დამეცვა ჩემი ქვეყნის ღირსება, რაც უდიდესი ადრენალინია“ – ამბობს პოღოსიანი და ეს სიყვარული 2024 წელს კიდევ ერთი შანსით დაუფასდა:

„ცოტა ხნის წინ კი რასაც არ ველოდი და ვერც კი წარმოვიდგენდი ისეთი რამ მოხდა. ერთ-ერთ თამაშზე მსაჯად ვიყავი დანიშნული, სადაც ასევე მარიამ გოგუაძე მსაჯობდა. ნაკრებზე ვსაუბრობდით და მკითხა – „რამე რომ იყოს გუნდში ხომ არ დაბრუნდებიო“. ნაკრებში კიდევ ერთხელ თამაში ჩემი ოცნება იყო, თუმცა დაბრუნება ვერ წარმომედგინა და მარიამსაც იგივე ვუთხარი“.

„ეს საუბარი იმდენად ზედაპირულად და უმნიშვნელოდ ჩავთვალე, ძალიან მალე სულ გადამავიწყდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და ჯაბა მალაღურაძემ დამირეკა. მან მითხრა, რომ ჩემი სურვილის შესახებ გაიგო და ვარჯიშზე მისვლა შემომთავაზა. 7 წლის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ თამაშის შანსი კიდევ მომეცემოდა, ალბათ, ასეთი რამ არც არსად, არასდროს მომხდარა და რამდენიმე წუთი დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად. ეს მართლა დაუჯერებელი ამბავი იყო, რომელიც მე დამემართა და ძალიან გახარებული ვიყავი“.

„ვარჯიშები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, რთული აღმოჩნდა. თამაშს სხვა მომზადება ჭირდება და 7-წლიანი პაუზის შემდეგ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დრო ძალიან  ცოტა იყო, 4 თვეში რაგბი ევროპის ალაფა იწყებოდა და თავი არ დამიზოგავს, რამაც გუნდთან ერთად ტურნირებზე გამგზავრების და სიხარულის გაზიარების შესაძლებლობა მომცა“.

„მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია. თუმცა პირადად მე საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ, ამასვე ელიან ჩემგან თანაგუნდელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები და შრომას აუცილებლად გავაგრძელებ. რაც შეეხება ელიტაში ასვლას, ეს ყოველთვის იყო ჩემი მიზანი და მოხარული ვარ, რომ ამ ისტორიულ მიღწევაში ჩემი წვლილიც შევიტანე“.