7-ქალა | მეტოქეები ბუდაპეშტში

საქართველოს 7-ქალა 12-14 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპს ითამაშებს და ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

ჯაბა მალაღურაძის გოგონებმა პირველ, ზაგრების (ხორვატია) ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, რაც ქართული 7-ქალას ისტორიაში საუკეთესო შედეგია და 12-გუნდა ელიტაში ასასვლელად ერთი ნაბიჯიღა დარჩა. შეგახსენებთ, ჩემპიონატში ალაფიდან ორი საუკეთესო გუნდი ადის და მიზნის მისაღწევად იგივე შედეგის გამეორებაც საკმარისი იქნება.

ბუდაპეშტში საქართველო ბ ჯგუფში, უნგრეთის, შვეიცარიისა და ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს. ხორვატიაში უნგრეთმა მე-5 ადგილი დაიკავა, შვეიცარია მე-8 პოზიციაზე გავიდა, ისრაელი კი მე-11 იყო.

ა ჯგუფში მოხვდნენ ზაგრების ეტაპის გამარჯვებული შვედეთი, ფინეთი, რუმინეთი და ნორვაგია, ხოლო გ ჯგუფში დანია, ლატვია, ანდორა და ავსტრია ითამაშებენ.

7-ქალამ ერთ-კვირიანი შეკრება ბათუმში გაიარა, ბუდაპეშტში კი 13-კაციანი შემადგენლობით 10 ივლისს გაემგზავრება.