7-ქალას ახალი ისტორია – გოგონებმა ელიტის საგზური მოიპოვეს

საქართველოს 7-ქალამ რაგბი ევროპის ალაფის მეორე, დასკვნით ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს, სერიის ჯამში დანიის მსგავსად 32 ქულა მოაგროვეს, მას დამატებითი მაჩვენებლით (გატანილ-გაშვებული ქულები) აჯობეს და შვედეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს 7-ქალა შეიქმნა, ჩვენს გუნდს ევროპის 12-გუნდა ელიტაში არასდროს უთამაშიათ. ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს შარშან საოცნებო მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ, წელს კი ბევრად უკეთესი თამაშის ხარისხი აჩვენეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

მეორე, ბუდაპეშტის (უნგრეთი) ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე გოგონებმა ორი თამაში დამაჯერებლად მოიგეს და ერთი მცირედით დათმეს. პირველ შეხვედრაში ისრაელს მანონი საღარაძემ 3 ლელო გაუტანა, მარიამ გოგუაძემ ორი, ხოლო ერთი ანა პოღოსიანმა – 34:0.

მანონი საღარაძემ შვეიცარიასაც სამი ლელო გაუტანა, ხოლო ანა დათიაშვილმა, მარიამ გოგუაძემ და ანა პოღოსიანმა თითო-თითო ლელო მიითვალეს – 38:5.

ჯგუფის დასკვნით მატჩში მასპინძელ უნგრეთს შევხვდით და გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით. მანონი საღარაძემ ინდივიდუალური გარღვევით და ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. უნგრეთი კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მატჩის მიწურულს საპასუხო ლელო გავიტანეთ, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო – 12:14.

უნგრეთს მანამდე შვეიცარიამ მოუგო და ჯგუფიდან მაინც პირველი ადგილით გავედით.

თასის მეოთხედფინალში ერთ-ერთ კონკურენტ ლატვიას შევხვდით. თამაში თავიდანვე საქართველოს შეტევებით დაიწყო, მეტოქე 2 წუთით კაცნაკლული დარჩა და სალომე საღარაძემ ლელო გაიტანა. მეორე ტაიმის შუაში ლატვიელებს რაქიდან გამოუვარდათ ბურთი, სწრაფი, 90-მეტრიანი კონტრშეტევა წამოვიწყეთ და ის მანონი საღარაძის ლელოთი დასრულდა – 10:0 და საქართველო ნახევარფინალშია!

იქ მთავარ კონკურენტ დანიას შევხვდით და ტაიმი 0:7 დავთმეთ, მეორეს დასაწყისში კი კიდევ ერთი ლელო მივიღეთ. ამას კარგად გათამაშებული კომბინაციით ვუპასუხეთ, ბურთი რამდენჯერმე ჩათამაშდა და სალომე მაკასარაშვილმა ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ თამაში ვერ გადავარჩინეთ – 5:12.

ელიტაში ასვლის შანსი კიდევ გვრჩებოდა. ამისათვის საჭირო იყო უნგრეთის დამარცხება და მესამე ადგილის დაკავება, მერე კი ფინალში შვედეთს დანია უნდა დაემარცხებინა.

მასპინძელი უნგრეთი ლელოთი დაწინაურდა, რაზეც სალომე საღარაძემ ფეხით გადაკიდებით უპასუხა, ბურთს მარიამ გოგუაძე მიყვა, ორ მცველს დაასწრო და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მე-5 წუთზე საქართველომ კარგი შეტევა განახორციელა, ბევრი პასი გაკეთდა და ის მანონი საღარაძის ლელოთი დასრულდა.

ტაიმის ბოლოს მასპინძლები მათსავე 22-ში დავაჯარიმეთ, თეონა ჩიტაიშვილმა ბურთი სწრაფად გაითამაშა და მესამე ლელო გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში 2 წუთით კაცნაკლულები დავრჩით და მაგარი დაცვის მიუხედავად, ბოლოს ლელო მაინც გავუშვით. მატჩის მიწურულს მანონი საღარაძემ ბურთი აიტაცა და თავისი მორიგი ლელო გაიტანა, რითაც საქართველოს გამარჯვება დააფიქსირა – 28:10.

მანონი საღარაძე ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა და ბუდაპეშტის ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, ზაგრებში გოგონებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს და რადგან ფინალში შვედეთმა დანიას 24:0 სძლია, ჩვენმა 7-ქალამ პირველად ისტორიაში, ევროპის 12-გუნდა ელიტის საგზურიც მოიპოვა.

ბუდაპეშტის ეტაპზე ითამაშეს

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა, კირა დანელია.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე