ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ტიტულისთვის ‘ლელო’ და ‘აია’ იბრძოლებენ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის პირველ ნახევარფინალში ‘ლელო’ დიდ დიღომში, თავის მთავარ არენაზე ‘ბათუმს’ დაუპირისპირდა. პაატა მაისურაძის შეგირდებმა რეგულარული სეზონი მოიგეს და მე-4 ადგილოსან აჭარლებთან მოედნის უპირატესობასაც ფლობდნენ. „ოქროს“ ჯგუფში მეტოქეთა ორივე შეხვედრა ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ‘ლელომ’ აჭარის დედაქალაქში „მშრალი“ ანგარიშით – 40:0 იმარჯვა, საკუთარ არენაზე კი ‘ბათუმი’ 26:5 დაამარცხა.

1/2-ფინალური შეხვედრა მასპინძელთა მძლავრი იერიშებით დაიწყო, რამაც ჩემპიონს საწყის 20 წუთში 14-ქულიანი სხვაობით დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. ‘ლელოს’ მგეზავ გიორგი გაბუნიას გატანილ ლელოს, მარბიელ იოსებ ღვინჯილიას დადებული ლელო მოჰყვა. მასპინძელთა ფულბეკმა ირაკლი ჯიჯელავამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაიმის მიწურულს კი სტუმართა კონტრიერიში გატანილი ლელოთი შუამარბმა გოგა ბერიძემ დააგვირგვინა. აჭარელთა ფრთა გიგი აბაშიძის ზუსტმა გარდასახვამ კი ჩემპიონს შესვენების წინ ანგარიშში უპირატესობა გაუნახევრა – 14:7.

მეორე ტაიმში ‘ლელოს’ უპირატესობა გამოიკვეთა. ჯერ მთავარმა არბიტრმა დავით ლაბაძემ ბათუმელთა მხრიდან მოლის ჩაქცევისთვის ჩემპიონის სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა, რასაც პაატა მაისურაძის ბიჭების კიდევ 2 გატანილი ლელო მოჰყვა. თავი ჯერ შუამარბმა დათა ახვლედიანმა გამოიჩინა, შემდგომ კი იოსებ ღვინჯილიამ „დუბლი“ გაიფორმა. ‘ბათუმი’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს, მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა ვასილ ქილიფთარმა ძალისმიერი ლელო გაიტანა, რომელიც გიგი აბაშიძემ გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ‘ლელომ’ შეხვედრა დამაჯერებლად – 35:14 მოიგო.

მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. ‘აიამ’ „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე ჩაამთავრა, ‘აკადემიას’ ცხრილში 1 საფეხურით აჯობა და შესაბამისად, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაშიც „მხატვრებს“ მშობლიურ კედლებში დაუხვდა. ჯგუფურ ეტაპზე რიონისპირელებმა ‘აკადემიას’ ორივე შეხვედრა დამაჯერებლად (27:13 და 39:5) მოუგეს.

‘აია’ უპირატესობას დებიუტშივე დაეუფლა და სადავეები მატჩის მიწურულამდე ხელთ მყარად ეპყრა. რიონისპირელები შუამარბ გივი ჩიხლაძის დადებული ლელოთი დაწინაურდნენ. მასპინძელთა მგეზავმა დუტა დაშნიანმა ზუსტ გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც მიაყოლა, რამაც ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭების უპირატესობა 10-ქულამდე გაზარდა. მართალია, კვაჭ სანდრო გამყრელიძის გარდაუსახავი ლელოთი „მხატვრებმა“ ანგარიშში ჩამორჩენა გაანახევრეს, თუმცა დუტა დაშნიანის დადებულმა ლელომ, რომელიც მასპინძელთა მგეზავმა თავადვე გარდასახა, ‘აიას’ ტაიმი 12 ქულით მოაგებინა.

მეორე ტაიმში ‘აიამ’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მონაგარს 15 ქულა შემატა. ლელოს გატანა მასპინძელთა მღლეტელმა ლაშა მიქაძემ და მარბიელმა საბა ვეფხვაძემ მოახერხეს. დუტა დაშნიანმა 1 გარდასახვა გამოიყენა. მატჩის მიწურულს კი ‘აიას’ ჰავბეკ გოგა უშვერიძის გატანილი ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობამ 27 ქულას უწია. ბოლო წუთებზე  ფულბეკ დაჩი იმედაძის დადებული ლელოთი და მისივე ზუსტი გარდასახვით ‘აკადემიამ’ სხვაობა მცირედით შეამცირა. ‘აიამ’ მატჩი უპრობლემოდ მოიგო – 32:12.

6 ივლისს დედაქალაქში, ‘აკადემია’ (3)-‘ბათუმის’ (4) შეხვედრაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გამოვლინდება. ‘აკადემია’ პრიზიორთა კვარცხლბეკზე ბოლოს 3 წლის წინ მოხვდა. ‘ბათუმი“ კი უმცროსი ასაკის ჭაბუკებში პოდიუმისთვის ისტორიაში პირველად იბრძოლებს.

7 ივლისს კი დიდ დიღომში, ‘ლელო’ (1)-‘აიას’ (2) დაპირისპირება ტიტულის მფლობელის ვინაობას გაარკვევს. ‘ლელომ’ მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ ‘აიასთან’ გასვლით შეხვედრაში იწვნია – 8:14, საკუთარ არენაზე კი ჩემპიონმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა – 12:11.

მეტოქენი ფინალში ერთმანეთს 2-წლიანი პაუზის შემდეგ ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე ‘ლელოს’ უმცროსმა ჭაბუკებმა საქართველოს ჩემპიონატში 6-გზის იპირველეს და თან მიჯრით ბოლო 4 პირველობა მოიგეს. ‘აიამ’ კი აღნიშნულ პერიოდში ერთადერთი ტიტული 2015 წელს მოიპოვა.