შავი ლომი | ორი წელი ჩელენჯ თასზე

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, EPCR-ის ტურნირ ჩელენჯ თასზე კიდევ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე პირველად გასულ, 2023/2024 წლების სეზონში ითამაშა და უელსში, ‘სქარლეთსთან’ ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ კი მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს ქულა მოიპოვა.

„მოხარულები ვართ EPCR-ის ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომის’ მიპატიჟებით. რაგბის გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ახალი ტალანტების თამაშს. დარწმუნებული ვარ ქართველების ფიზიკური სიძლიერე და თამაშის ვნება, ამ ტურნირს დამატებით ინტერესს შესძენს“ – განაცხადა EPCR-ის თავმჯდომარემ დომინიკ მაკქეიმ.

„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. მრავალი წლის განმავლობაში, მოედანსა თუ მის მიღმა დაუღალავად ვშრომობდით ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა EPCR-ს ინიციატივისთვის და ხედვისთვის, რომელიც ამ თამაშის გლობალურ განვითარებას ემსახურება. პირადად ჩემგან დიდი მადლობა დომინიკ მაკქეის და მის შესანიშნავ გუნდს შრომისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონში, შარშანდელის მსგავსად 18 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ისინი სამ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2 ივლისს გაიმართება.