ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | რეგულარულ სეზონში ‘ლელომ’ იპირველა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონმა ერთადერთი შეხვედრა დათმო, 63 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ‘აიას’ 5 ქულით გაუსწრო. ‘ლელომ’ აღნიშნული წარმატებით პლეი ოფის ყველა ეტაპზე (ფინალის ჩათვლით) მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

42 ქულით მესამე ადგილზე ‘აკადემია’ გავიდა. „მხატვრებმა“ მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ბათუმს’ 5 ქულით აჯობეს. ‘წიქარამ’’ 33 ქულას მოუყარა თავი, მე-5 ადგილი დაიკავა და მეექვსე საფეხურზე მყოფ  ბრინჯაოს მედალოსან ‘არმიას’ 5 ქულით გაუსწრო. ცხრილის ბოლოსწინა, მე-7 საფეხურზე 10 ქულით ‘ხარები’ განთავსდა. ქვემო ქართლელებმა 10-ივე ქულა აუტსაიდერ ‘ტაოსთან’ შეხვედრებში დააგროვეს. პირველობის დებიუტანტმა მესხებმა კი რეგულარული სეზონი სამატჩო ქულების გარეშე ჩაამთავრეს.

საშეჯიბრო დებულების თანახმად, „ოქროს“ ჯგუფის 8-ვე მონაწილეს პლეი ოფში „ვერცხლის ლიგის 8 წარმატებული გუნდი (აღმოსავლეთიდან – 4, დასავლეთიდან – 4) შეურთდა და ტიტულისთვის ბრძოლა პლეი ოფით, 1/8-ური ეტაპიდან გაგრძელდება. „ოქროს“ ჯგუფის მონაწილეებს საჩემპიონო მარათონში ‘ხვამლი’, ‘არმაზი’, ლოკომოტივი’, ‘ყოჩები’, ‘კოლხი რაინდები’, ‘აია 3’, ‘სოხუმი’ და ‘ჩაქვი’ დაემატნენ. 1-მატჩა პლეი ოფის ყველა ეტაპზე, წყვილში მასპინძელი უკეთეს-ნომრიანი გუნდი იქნება. პლეი ოფის პირველი ეტაპის შეხვედრები 12 და 13 ივნისს გაიმართება.

„ხარები არენაზე“, ‘ხარებისა’ და ‘ლელოს’ მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჩემპიონმა 5 უპასუხო ლელო გაიტანა და შესვენებაზე 33-ქულიანი სხვაობით წავიდა. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე მარბიელმა ნიკოლოზ ზარნაძემ დაუდო, ვინაც შესვენებამდე „დუბლიც“ გაიფორმა.

‘ლელოს’ დამრიგებელმა პაატა მაისურაძემ მეორე ტაიმში მარქაფა სრულად დატვირთა, რამაც მასპინძლებს 2 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. ქვემო ქართლელთა მხრიდან დადებული ლელოთი მხტომელი როლანდ მიმინოშვილი და მგეზავი ლევან გოგნაძე გამოირჩნენ. გოგნაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ჩემპიონმაც მონაგარს ასევე 2 გატანილი ლელო შემატა. სტუმართა ფულბეკმა ირაკლი ჯიჯელავამ 5 ზუსტ გარდასახვას, მატჩის მიწურულს გატანილი ლელოც დაურთო – 45:14.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმისა’ და ‘აიას’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მატჩის დებიუტში მასპინძლები ფრთა გიგი აბაშიძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რის შემდგომ უპირატესობას რიონისპირელები დაუფლნენ. სტუმართა შუამარბმა დუტა დაშნიანმა გატანილი ჯარიმით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდგეკ კი თანაგუნდელი ფრთა გიორგი მუშკუდიანის დადებული ლელო გარდასახა, რამაც ‘აიას’ ტაიმი 7-ქულიანი სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმში მეტოქეებმა თითო გარდაუსახავი ლელო მიითვალეს. ანგარიშსი სხვაობა რიონისპირელთა შუამარბ შოთა მაღლაკელიძის გატანილი ლელოთი გაიზარდა. ბათუმელთა მხრიდან კი ლელო შუამარბ გოგა ბერიძის ანგარიშსზეა. მატჩის დასკვნითმა 10-მა წუთმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, თუმცა მეტოქეებმა სამატჩო ქულები ვეღარ აიღეს. ‘აიამ’ შეხვედრა 15:8 მოიგო და ‘ბათუმი’ ნუგეშ-ქულას დააჯერა.

ასპინძაში, პირველობის აუტსაიდერ ‘ტაოსთან’ შეხვედრის ბედი ‘არმიამ’ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. შესვენებამდე „არმიელებმა“ 4 უპასუხო ლელო გაიტანეს და 33 სამატჩო ქულაც დააგროვეს. სტუმართა მარბიელმა ნიკოლოზ ფანცულაიამ გატანილ ლელოს, 4-ივე ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.

მეორე ნახევარში სტუმრებმა მონაგარს 7 დადებული ლელო შემატეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 71:0 მოიგეს. შუამარბმა ლუკა მურუსიძემ და მარბიელმა ნოდარ ჩოხელმა „დუბლი“ გაიფორმეს.

მე-14 ტურის დასკვნითი შეხვედრაში ‘წიქარას’ მე-5 ადგილის შესანარჩუნებლად, „რაგბი ჭალაში“ გამართულ დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიასთან’ ხელს ნუგეშ-ქულაც აძლევდა. ‘წიქარამ’ მაქსიმალურად მოინდომა და მისი უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. რეზო ქოქოლაძის ბიჭები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და მთლიანობაში გატანილი 5 ლელოდან, მორკინალებმა 4 ძალისმიერი ლელო დაუდეს „მხატვრებს“. ‘წიქარას’ კვაჭმა კახი სამხარაულმა და ბურჯმა ბექა ტაბატაძემ „დუბლი“ შეასრულეს. მატჩის მიწურულს ტაბატაძის გატანილი მეორე ლელო, ‘წიქარასათვის’ პრემიალური ქულის მომტანი გამოდგა. ქოქოლაძის შეგირდებმა მატჩი 32:12 მოიგეს.

„ვერცხლის“ ლიგის დასავლეთში ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ იპირველა. აღმოსავლეთის გამარჯვებულის ვინაობას კი მუხიანში, ‘ხვამლი’-‘არმაზის’ შეხვედრა არკვევდა. ‘არმაზი’ დასკვნით ტურამდე ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებოდა. მატჩში წარმატებული გუნდი ამერში პირველ ადგილთან ერთად, საერთო დაგროვილი ქულებით ლიგის ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო შედეგით ამთავრებდა. ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი მარცხი სწორედ ქვემო ქართლელებთან ქონდა განცდილი და ამად რატი ურუშაძის ბიჭები თამაშსზე გაორმაგებული მოტივაციით გავიდნენ.

‘ხვამლი’ ორგანიზებული თამაშითა და მწვავე იერიშებით გამოირჩა. მუხიანელებმა დაცვაში ხისტი, საიმედო თამაშით ქვემო ქართლელებს მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეუზღუდეს და მეტოქეს სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცეს. ‘ხვამლმა’ პირველი ტაიმი კვაჭ ლუკა წიკლაურის მოლით დადებული გარდაუსახავი ლელოთი მოიგო. მეორე ნახევარში მუხიანელთა უპირატესობა ფრთა სანდრო ღუღუნიშვილის შესრულებულმა „დუბლმა“ და მარქაფადან ჩართული ბურჯის ლუკა გორგოძის გატანილმა ლელომ გაამყარა. ‘ხვამლმა’ „მშრალი“ ანგარიშითა და პრემიალური ქულის თანხლებით იმარჯვა – 24:0.