20 წ. | ვიწყებთ ავსტრალიით – მსოფლიო რაგბმა კალენდარი გამოაქვეყნა

მსოფლიო რაგბმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი 2024 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა.

20-წლამდელთა მე-14 ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ქეიფთაუნში გაიმართება და საქართველო, რომელმაც შარშან, იმავე სამხრეთ აფრიკაში სარეკორდო მე-8 ადგილი დაიკავა, ბ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ა ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

ტურნირი 29 ივნისს მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთისა და დებიუტანტის – ესპანეთის (2023 წლის ალაფის გამარჯვებული) შეხვედრით გაიხსნება. უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ თამაშს „ეთლონ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ ჩვენი დროით 18:30 საათზე გამართავენ; 4 ივლისს შარშანდელ ფინალისტ ირლანდიას 16 საათზე „დენი ქრეივენზე“ ერკინებიან; ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს ასევე „დენი ქრეივენზე“ იტალიასთან ჯახით, 18:30 საათზე ასრულებენ.

ნახევარფინალები 14, ხოლო ფინალები 19 ივლისსაა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იქნება პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც მსოფლიო რაგბის მიერ დამტკიცებული ახალი წესებით ჩატარდება. ამ ცვლილებებმა გუნდების შეტევებს მრავალფეროვნება და მეტი ინტენსივობა უნდა შემატოს. ამავდროულად, ეს ცვლილებები მოთამაშეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

ახალი წესების შესახებ, საბა აბულაშვილი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მოედნის მსაჯადაა მიწვეული, მომდევნო სტატიაში გვიამბობს.