ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ლიდერობა დაიბრუნა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე სატურნირო ცხრილის სათავეს ‘ლელო’ დაუბრუნდა. ჩემპიონმა 53 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე დაქვეითებულ ‘აიას’ 4 ქულით გაუსწრო. ‘აკადემიამ’ 42 ქულას მოუყარა თავი, მესამე ადგილი ვადამდე გაინაღდა და რიონისპირელებთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა.

მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ‘ბათუმმა’ მდევარ ‘წიქარასთან’ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. ‘არმია’ მე-6 ადგილზე დარჩა და ‘წიქარას’ 8 ქულით ჩამორჩა. „არმიელები“ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘ხარებს’ 9 ქულით აღემატებიან. ქვემო ქართლელები უქულოდ მყოფ აუტსაიდერ ‘ტაოს’ 10 ქულით უსწრებენ.

„რაგბი ჭალაში“, ‘წიქარა’-‘აიას’ ტურის გამორჩეული შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. ტაიმნახევარი რიონისპირელთა კარნახით წარიმართა. პირველ ტაიმში გატანილ 3 ლელოს, მეორე ტაიმში მარქაფადან ჩართულმა სტუმართა ბურჯმა კახა კაპანაძემ კიდევ 1 ლელო წაუმატა, რითაც ‘აიამ’ ანგარიშში უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა.

მატჩის დარჩენილი მონაკვეთი კი ‘წიქარას’ სრული უპირატესობით წარიმართა. რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა ტემპს უმატეს, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და მაქსიმალური ხეირიც ჰპოვეს. ‘წიქარას’ ბურჯ ბექა ტაბატაძის შესრულებულ „დუბლს“, მასპინძელთა ჰავბეკ იოანე სამსონიძის დადებული ლელოც დაერთო. მართალია, ერთმა გაცუდებულმა გარდასახვამ ანგარიშში უპირატესობა ‘აიას’ დაუტოვა, თუმცა ბოლო წუთზე წიქარას’ მოპოვებული ჯარიმით სამსონიძემ გამარჯვების მომტანი ქულები აიღო. ‘წიქარამ’ დრამატულ ბრძოლაში 25:24 იმარჯვა და პირველობის ყოფილ ლიდერს სეზონში მეორე მარცხი აგემა.

მესამე მასივში, ‘ლელოსა’ და ‘არმიას’ შეხვედრა პირველი წრის მატჩის სცენარით წარიმართა. ჩემპიონმა შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ‘ლელო’ პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. კვაჭ მერაბ მანჯავიძის მოლით დადებულ წყვილ ლელოს, მღლეტელ იოსებ ღვინჯილიას შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა. პაატა მაისურაძის შეგირდთა უპირატესობა შუამარბ დათა ახვლედიანის გატანილმა ლელომ გაამყარა და ჩემპიონი შესვენებაზე 31-ქულიანი სხვაობით წავიდა.

მეორე ტაიმში დიდ დიღმელებს თავი დიდად აღარ გამოუდიათ, რამაც მატჩის მიწურულს „არმიელებს“ პრესტიჟის ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. მხტომელ დავით ქარელის დადებულმა ლელომ ‘არმია’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან იხსნა. „ლელომ’ შეხვედრა დაგეგმილი ბონუსით მოიგო – 31:7.

“ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘აკადემიას’ მატჩის ბედიც პირველ ტაიმში გადაწყდა. წინა შეხვედრების მსგავსად, ქვემო ქართლელებმა ამჯერზეც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მოისაკლისეს, რამაც „მხატვრებს“ საქმე გაუიოლა. შეხვედრის საწყის 20 წუთში ‘აკადემიას’ ფრთა ივა კვირიაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და მიკროტრავმის გამო შესაცვლელი შეიქნა. შესვენებამდე სტუმრებმა კიდევ 2 უპასუხო ლელო გაიტანეს, შუამარბმა კაპიტანმა დაჩი იმედაძემ მთლიანობაში 4 გარდასახვა გამოიყენა და ნიკა ჩიტალაძის ბიჭების უპირატესობა 33-ქულამდე გაიზარდა.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებს ლელო ‘აკადემიას’ კვაჭმა სანდრო გამყრელიძემ დაუდო, რის შემდეგ ორივე გუნდმა უამრავი ცვლილება განახორციელა. მარქაფადან ჩართულ მოთამაშეთა ჭიდილში კი უკეთ ‘ხარები’ გამოიყურებოდა. დარჩენილ დროში მხტომელ თორნიკე თევდორაძისა და ფრთა ლუკა ლობჟანიძის გარდასახული ლელოებით ქვემო ქართლელებმა ანგარიშში ჩამორჩენა 26-ქულამდე შეამცირეს. ‘აკადემიამ’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო – 40:14.

ასპინძაში, პირველობის აუტსაიდერმა ‘ტაომ’ ‘ბათუმს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. აჭარლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, რაც 12 უპასუხო დადებულ ლელოში ასახეს. გელა ჭოველიძის შეგირდები სწრაფ, ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და ლელოთა უმრავლესობა კომბინაციურ სტილში გაიტანეს. სტუმართა კვაჭმა ლუკა მემიშიშმა, ბურჯმა ლუკა ცინცაძემ და ფრთა გიგი აბაშიძემ „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ბათუმმა’ მატჩი პრემიალური ქულითა და „მშრალი“ ანგარიშით – 76:0 მოიგო.