‘ბაგრატმა’ პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა

‘ბაგრატი’-‘რუსთავის’ პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრას „აია არენამ“ უმასპინძლა. პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის დედაქალაქში ‘რუსთავს’ 16:8 ქონდა მოგებული. წყვილში გამარჯვებულს კი 2 მატჩის ჯამური შედეგი ავლენდა.

მატჩის პირველივე წუთზე რუსთაველთა ლიდერმა, შუამარბის პოზიციაზე მოთამაშე ვეტერანმა ბორჯღალოსანმა რამაზ ხარაზიშვილმა მოედნის ცენტრთან მაღალი ბოჭვის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა რიონისპირელებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. მართალია, ‘ბაგრატი’ ფულბეკ საბა ხელაძის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა კაცნაკლულმა სტუმრებმა ფრთა ფრიდონ კილაძის დადებული ლელოთი ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს. გიორგი ძნელაძის შებრუნებული პასით, კილაძემ გონივრულად იმოქმედა და სისწრაფეზე ხაზი იოლად გაჭრა. რუსთაველთა კაპიტან ლადო მიმინოშვილს კი არცთუ ურიგო პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.

მატჩის მომდევნო 15 წუთიც სტუმართა უპირატესობით წარიმართა. სინბინიდან დაბრუნებულმა რამაზ ხარაზიშვილმა ლამის 60 მეტრიდან, ძელის დახმარებით ჯარიმა გაიტანა, რასაც ბორჯღალოსანმა 2 წუთის შემდეგ მარტივი პოზიციიდან კიდევ ერთი გატანილი ჯარიმა მიაყოლა და ძმები აქუბარდიების გუნდის უპირატესობამ 8 ქულა შეადგინა – 11:3.

25-ე წუთზე ‘ბაგრატმა’ კარგად ჩამოყალიბებული მოლით თავის პირველი ლელო გაიტანა. ძალისმიერი ლელო აქტივში მასპინძელთა კვაჭმა, კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ მიითვალა. საბა ხელაძეს კი მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა. 3 წუთის შემდეგ ‘რუსთავს’ მეტოქის ლელომდე მცირედი დააკლდა, თუმცა რამაზ ხარაზიშვილმა მთავარ არბიტრ შოთა თევზაძის დამახსოვრებული ჯარიმა 3 ქულად აქცია.

შეხვედრის განახლებისთანავე ‘რუსთავს’ საკუთარ 22-ში მიღებაზე ოვალი წინ დაუვარდა, რითაც ‘ბაგრატმა’ კარგად ისარგებლა. მასპინძელთა სწრაფი კომბინაცია გატანილი ლელოთი მარქაფადან ჩართულმა ფრთა ბექა ფრუიძემ დააგვირგვინა. საბა ხელაძემ მახვილი კუთხიდან ზუსტად გარდასახა და ‘ბაგრატი’ შეხვედრაში მეორედ დაწინაურდა – 15:14.

ტაიმის მიწურულს ‘ბაგრატმა’ კარში დასარტყმელი ჯარიმა კიდეზე, მეტოქის 5 მეტრიან დერეფანში გადაიტანა, საიდანაც ფაზა-ფაზა ძალუმად უტია, თუმცა ‘რუსთავმა’ თავი კარგად დაიცვა და რიონისპირელები შესვენების წინ მინიმალურ სხვაობას დააჯერა.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘ბაგრატს’ მეტოქის 5-მეტრიანთან რაქი შეუნელდა, თუმცა საბა ხელაძის ჩინებული გადაცემით ალამთან ლელოს გატანა მასპინძელთა ფრთა ბაქარ მხეიძემ მოახერხა. ხელაძემ ზუსტად გარდასახა და 2 მატჩის საერთო ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა – 22:14.

2 წუთის შემდეგ რამაზ ხარაზიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანილი ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.  53-ე წუთზე მასპინძელთა ჰავბეკმა ელგუჯა კიკვაძემ მეტოქეს ხაზი ეფექტურად გაუჭრა, თანაგუნდელ ფრთა ზურა ჩხობაძეს ლელო დაადებინა, რომელიც ხელაძემ კვლავ გარდასახა და რიონისპირელთა უპირატესობა 12 ქულამდე გაიზარდა.

ამის შემდეგ მეტოქეებმა გატანილი ჯარიმები გაცვალეს. ჯერ ხარაზიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან იხეირა, რის შემდგომ კარში დასარტყამი ჯარიმა ‘ბაგრატმა’ კვლავ კიდეზე, მეტოქის 5-მეტრიან დერეფანში გადაიტანა. რაქიდან გამოტანილი ოვალი კი ხეირზე საბა ხელაძემ არეკნით ძელებს შუა გაატარა და საკუთარ გუნდს 12-ქულიანი სხვაობა დაუბრუნა.

შეხვედრის კულმინაციად 76-ე წუთი იქცა. ‘რუსთავს’ ლელოს გატანამდე სანტიმეტრები დააკლდა. ხეირზე განახლებული მოლით შეტევაში კი ქვემო ქართლელებს გიგა გურეშიძის ბიჭებმა ოვალი „გაუჭედეს“. მატჩის დარჩენილ დროში მოედანზე მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა. ‘ბაგრატმა’ შეხვედრა 32:20 მოიგო და 2 მატჩის ჯამური შედეგით ( 40:36 ) პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.