ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ლიდერთა შორის მდგომარეობა უცვლელია

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის რეგულარული სეზონის დამთავრების შემდეგ პლეი ოფში თავს 16 გუნდი მოიყრის. „ოქროს“ ჯგუფის მონაწილეებს 1/8-ში „ვერცხლის“ ლიგის აღმოსავლეთისა და დასავლეთის 4-4 საუკეთესო გუნდი შეურთდება. „ვერცხლის“ ლიგიდან პლეი ოფში თამაში გაინაღდეს: ‘არმაზი’, ‘ხვამლი’, ‘ლოკომოტივი’, ‘კოლხი რაინდები’, ‘აია’-3, ‘სოხუმი’ და ჩაქვი’. კიდევ 1 მონაწილის ვინაობას კი დასკვნითი ტური გაარკვევს. პლეი ოფის ვაკანტური საგზურისთვის ‘ყოჩები’ და ‘რაშები’ იბრძვიან, რომელთაც ცხრილში 1 ქულა აშორებთ.

ჭაბუკთა ‘ბ’ ლგის „ოქროს“ ჯგუფის დასკვნითი ტურის წინ ‘ლელო’ დამაჯერებლად ლიდერობს და მდევარ ‘აიას’ კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებს. რეგულარული სეზონის მოსაგებად, პაატა მაისურაძის შეგირდებს დასკვნით ტურში, ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ ‘ხარების’ სტუმრად ძლევა მართებთ.

‘აკადემია’ და ‘ბათუმი’ ჯგუფურ ეტაპს, შესაბამისად მე-3 და მე-4 პოზიციაზე ასრულებენ.  მე-5 ადგილზე მყოფ ‘წიქარას’, აღნიშნული პოზიციის შესანარჩუნებლად დასკვნით ტურში ‘აკადემიასთან’ სულ მცირე ნუგეშ-ქულის აღება ესაჭიროება. მე-6 ადგილზე მყოფი ‘არმია’, მართალია ‘წიქარას’ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეტოქეს პირისპირ ბალანსით აღემატება და ბოლო შეხვედრას უქულოდ მყოფი აუტსაიდერის ‘ტაოს’ წინააღმდეგ გამართავს.

მე-13 ტურის გამორჩეული შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ‘აკადემიამ’ დედაქალაქურ დერბიში ლიდერ ‘ლელოს’ უმასპინძლა. პირველმა ნახევარმა უშეღავათო ბრძოლასა და ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. გუნდები ორგანიზებული და დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩნენ. ‘ლელომ’ ერთადერთი შედეგიანი ქმედებით ტაიმი 5-ქულიანი სხვაობით მოიგო. კარგად შეკრული მოლით, „მხატვრებს“ ლელო კვაჭმა მერაბ მანჯავიძემ დაუდო. საშუალო სირთულის გარდასხვა კი ჩემპიონის მგეზავმა ლევან ბუცხრიკიძემ ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ‘ლელომ’ ტემპს უმატა და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, რასაც  ‘აკადემიას’ მხრიდან რამდენიმე ჯარიმა და სინბინი მოჰყვა. ჩემპიონმა რიცხობრივი უპირატესობა მხტომელ იოსებ ღვინჯილიასა და მარბიელ საბა ჯიბღაშვილის გატანილ ლელოებში ასახა. ბუცხრიკიძეს ამჯერზე სამიზნე არ გამრუდებია და ორივე გარდასახვა გამოიყენა. ჩემპიონის დამაჯერებელ გამარჯვებას კი წერტილი მარქაფადან ჩართული შუამარბის ანდრია კუნჭულიას დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ლელომ’ შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით, პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო – 24:0.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘ტაოს’ შეხვედრამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაიარა. რიონისპირელები განუზომელ უპირატესობას ფლობდნენ და აუტსაიდერ მესხებს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს. ‘აიას’ წარმატებას სათავე ფრთა გიორგი ზურაბიანის ლელომ დაუდო. რიონისპირელთა ბურჯმა ლაშა მიქაძემ კი მეორე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. მასპინძლეთა მგეზავმა კახა მაჩიტიძემ 9 გარდასახვა გამოიყენა და სამიზნემ მხოლოდ ერთხელ უმტყუნა. ‘აიამ’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 80:0 მოიგო.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-‘წიქარას’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული და კარგი საცქერი გამოდგა. მატჩის ფავორიტმა ‘წიქარამ’ დებიუტში 10 უპასუხო ქულა აიღო, თუმცა შემდგომში მიღებულმა ხშირმა ჯარიმებმა რეზო ქოქოლაძის ბიჭებს ცუდი სამსახური გაუწია. „არმიელთა“ ფრთა ლუკა ტაბატაძის ინდივიდუალური გარღვევით დადებული ლელო ფულბეკმა კახა ზურაბაშვილმა გარდასახა. შესვენებამდე ზურაბაშვილმა ჯარიმაც გაიტანა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში კარგად ორგანიზებულმა ‘არმიამ’ მეტოქის ჯარიმებიდან მაქსიმუმი გამოადნო. მარბიელმა საბა ასკეროვმა, კახა ზურაბაშვილმა და კვაჭმა ალექსანდრე ართილაყვამ 3 ლელოს გატანა მოახერხეს. ზურაბაშვილმა ყველა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მატჩის ბოლო წუთებზე კი მარქაფადან ჩართული ბურჯის კახი სამხარაულის გარდასახული ლელოთი ‘წიქარა’ მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩა. ‘არმიამ’ შეხვედრა 31:24 მოიგო, რითაც მე-5 ადგილზე გასვლის გარკვეული შანსი შეინარჩუნა.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-ბათუმის’ შეხვედრა აჭარელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ქვემო ქართლელებს ძირითადში რამდენიმე საკვანძო მოთამაშის დაბრუნებამაც ვერ უშველა. გელა ჭოველიძის შეგირდები დაცვაში ხისტად, საიმედოდ მოქმედებდნენ, შეტევაში კი მეტოქის რამდენიმე დერეფანი მოიგეს და ფეხით განხორციელებული ეფექტური დარტყმებით მასპინძლებს არაერთი პრობლემა შეუქმნეს.

‘ბათუმმა’ მთლიანობაში 6 უპასუხო ლელო გაიტანა. აჭარელთა გამარჯვებას სათავე მარბიელ დავით მახარაძის დადებულმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მგეზავი კაპიტნის მათე მახარაძის გატანილმა ლელომ დაუსვა. ბათუმელთა ფრთა გიგი აბაშიძემ პირველ ტაიმში გატანილ წყვილ ჯარიმას, 4 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ‘ბათუმმა’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით, პრემიალური ქულით მოიგო – 44:0.