საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა პარიზის ტურნირი მოიგო

საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა, პარიზში გამართულ საერთაშორისო თაგ-რაგბის ტურნირზე, 7-იდან ექვსი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ოქროს მედლები მოიპოვა.

სპეციალური ოლიმპიადის გაერთიანებული ტურნირი Top 14-ის კლუბის, ‘რასინგ 92’-ის ბაზაზე გაიმართა. ჩვენს გუნდს ამ კლუბის ქართველი ლეგიონერები, ბორჯღალოსნები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი ეწვივნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პირველ სათამაშო დღეს საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა ოთხოვე თამაში მოიგო. მეორე დღეს კი სანდრო ლომთაძის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელ ‘რასინგ 92’-ს 2:1 მოუგო, იტალიას 1:0, შვეიცარიასთან 3:3 ითამაშა და ოქროს მედლებს დაეუფლა. შვეიცარიელები მეორე ადგილს დასჯერდნენ, იტალია კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

დებულების თანახმად გუნდში 5 შშმ პირი და 4 მოყვარული მორაგბე ირიცხებოდა. საქართველო სპეციალური ოლიმპიადის ტურნირებში 1991 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდში 68 ოქროს, 78 ვერცხლის და 92 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

მსოფლიოს სპეციალურმა ოლიმპიადამ თაგ-რაგბი თავის რიგებში 2019 წელს მიიღო, ჩვენი გუნდი კი დაახლოებით 2 თვის წინ, ლაშა გოცირელის ინიციატივით შეიქმნა და პირველსავე ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვა.