ნატალია კურტანიძე ქართველ ქალ-ლიდერებს გზას უკვალავს

საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნატა კურტანიძე, პირველი ქართველი ქალია, რომელიც 2023 წელს მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს ქალ ლიდერთა პროგრამის სტიპენდიანტი გახდა.

მან საკუთარი გამოცდილება მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდს გაუზიარა:

„ნატალია კურტანიძე ორი ათეული წელია საქართველოს რაგბის კავშირში მოღვაწეობს და მომსწრეა ყველა იმ მოვლენის, რამაც რაგბს ქართველ ერში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა.

მან მუშაობა 2000-იან წლებში არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო, რომელიც განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწეოდა. ამჟამად რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის მოადგილე, ცდილობს რომ ქალთა რაგბის მიმართულებით, ანალოგიური მხარდაჭერა მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვოს.

ის იმედოვნებს, რონ მსოფლიო რაგბის პროგრამის – Capgemini-ის მეშვეობით, სხვა ქართველ ქალებსაც დაანახოს, რომ მათაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ რაგბის განვითარებაში.

კითხვაზე, თუ რამ გადააწყვეტინა პროგრამაში ჩამრთვა, ის გვპასუხობს:

„ჩემი უმთავრესი მოტივაცია იყო მეჩვენებინა, რომ საქართველოშიც ცხოვრობენ ქალბატონები, რომლებსაც ქვეყანაში რაგბის განვითარება უნდათ“.

კურტანიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქალი ლიდერების, Capgemini-ის პროგრამაში მისი დაარსების დღიდან, 2018 წლიდანაა ჩართული. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ საქართველოში ბევრ ქალს შეუძლია მის გზას გაყვეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩემზე მეტად მოტივირებული, ჩემზე უფრო ძლიერი ქალბატონები მრავლად არიან“.

საქართველოს კაცთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს და ექვსჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო თასზე, თუმცა 15-ქალას ნაკრები ქალთა რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებს. სამაგიეროდ საქართველოს ყავს 7-ქალა ნაკრები, რომელმაც რაგბი ევროპის მეორე დივიზიონში, 12 გუნდს შორის ორი ეტაპის ჯამში მე-4 ადგილი დაიკავა. ამის ფონზე კურტანიძე დარწმუნებულია, რომ ქართული ქალთა რაგბის ნათელი მომავალი შორს აღარაა.

„რაგბი თავისუფლების გზაა. ფესტივალებსა და თამაშებზე ვნახულობ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ თამაშობენ, რომ სურთ თავისუფლები იყვნენ. რაგბი ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება და როდესაც კაცების თამაშს უყურებ, ის ქალებისთვის წარმოუდგენლად გეჩვენება“.

„როდესაც ქალები რაგბს თამაშობენ, ისინი საზოგადოების აზრის წინააღმდეგ მიდიან. ვიმედოვნებ, რომ ჩემს ქვეყანაში რაგბი მალე გახდება ქალბატონების საყვარელი სპორტის სახეობა“.

კურტანიძეს სურვილმა, დაეხმაროს ქალებს რაგბში ჩართვაში, განაპირობა მისი მონაწილეობა Capgemini-ის პროგრამაში. გასული წლის სექტემბრიდან ის მსოფლიო სპორტის აკადემიაში ჩაირიცხა და მოცემული მომენტისთვის სპორტის განვითარების კუთხით ასპირანტურაში სწავლობს. პარალელურად, ის გადის Capgemini-ის ლიდერობის კურსს.

„თავს გრძნობ იმ ბავშვად, რომელიც უზარმაზარ საკონდიტროში დგას, თვალებს აცეცებს და არ იცის საით წავიდეს“ – ამბობს კი Capgemini-ის უზარმაზარი სპექტრის მქონე კურსებთან დაკავშირებით.

ის აღნიშნავს, რომ კონკრეტული კურსები, რომელიც მოიცავდა პროფესიონალური ურთიერთობების დამყარებას, ხელმძღვანელობის ნდობის მოპოვებას და ცვლილებების მართვას, იყო ძალიან საინტერესო. შეგრძნება, იყო რაღაც ძალიან დიდის ნაწილი კიდევ უფრო გარღმავდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს სერჟ კამპფ ლა ფონტენის კამპუსში ქალ-ლიდერთა სამიტს დაესწრო. სამიტი 2023 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაიმართა და მან მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, პირადად გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება და გაემყარებინათ კონტაქტები.

„ეს დამეხმარა სხვა მონაწილეებთან და სტიპენდიის სპონსორებთან კავშირების გამყარებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რამდენიმე საინტერესო იდეა დამებადა“ – აღნიშნავს კურტანიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ Capgemini-ის ქალ ლიდერთა პროგრამის ფარგლებში მიღებული უნარები მის ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახა:

„მიღებული ცოდნა უკვე ისახება კოლეგებთან ურთიერთობასა და სამუშაო სიტუაციების შეფასებაზე. უკვე იგრძნობა ცვლილებები ეფექტურობის კუთხით“.

თუმცა მთავარი უპირატესობა, რაც კურტანიძემ ამ პროგრამაში ჩართულობით მიიღო, არის გლობალური კავშირი სხვადასხვა თაობის სპეციალისტებს შორს:

„ეს არის მსოფლიო მასშტაბის კავშირები, რისი შეფასებაც სიტყვებით შეუძლებელია“.