7-კაცა | მიუნხენში ლიდერებთან

საქართველოს 7-კაცა 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე 18-19 მაისს გერმანიაში, მიუნხენში ითამაშებს.

ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები ა ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა მოხვდნენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.

ორი ეტაპის შემდეგ სერიას 36 ქულით ურუგვაი ლიდერობს. მან პირველ, დუბაის ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მშობლიურ მონტევიდეოში ეტაპის გამარჯვებული გახდა. საქართველო ურუგვაის დუბაიში, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და 12:10 დაამარცხა; გერმანიას, რომელიც 26 ქულით მე-4 ადგილზეა წელს პირველად ეთამაშება; პაპუა ახალ გვინეას (4 ქულით მე-11 ადგილი) კი დუბაიში 19:10 და მონტევიდეოში 26:7 მოუგო.

საქართველომ დუბაიში მე-8, ხოლო მონტევიდეოში მე-9 ადგილი დაიკავა და ჯამში 10 ქულით მე-9 პოზიციაზეა.