20 წ. | ორი გრანდი თბილისში!

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, რომელსაც სამხრეთ აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, უმცროსი ბორჯღალოსნები თბილისში მაღალი დონის სამ მოსამზადებელ თამაშს გამართავენ.

საქართველოს ორი გრანდი ეწვევა – საფრანგეთი და ინგლისი. საფრანგეთს 4 მაისს ვეთამაშებით, ინგლისს კი 7 და 12 ივნისს. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოდის. შეხვედრები „ავჭალაზე“ გაიმართება, მათზე დასწრება თავისუფალია, დაწყების ზუსტი დრო კი მოგვიანებით დაზუსტდება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, ზედიზედ სამგზის ჩემპიონი (2018, 2019, 2023) საფრანგეთი საქართველოში ტესტ-მატჩის გასამართად პირველად ჩამოდის. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდა „ლე ბლეს“ 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ შარშან, „მარკუსის“ ბაზაზე ეწვია და მართვადი თამაში გამართა, ახლა კი ფრანგები თბილისში საპასუხო ვიზიტით მოდიან.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში თამაშის გამართვისთვის ორი შესაძლო თარიღი დასახელდა – 4, ან 5 მაისი. რადგან 5 მაისს საქართველო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს, გადაწყდა, რომ თამაში შაბათს, 4 მაისს გაიმართება.

საქართველოსა და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებებს თბილისში, „ავჭალაზე“ ერთხელ უკვე უთამაშიათ. ეს 2017 წელს მოხდა, როდესაც ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა და მაშინ მეტოქემ 54:0 გაიმარჯვა.

შარშან მაისში, ასევე მოსამზადებელ ეტაპზე, ლადო კილასონიას შეგირდები თბილისში ორჯერ ეთამაშნენ ინგლისს და პირველი, დაძაბულ ბრძოლაში 35:41 დათმეს, მეორეში კი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს – 40:38.

ინგლისს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ასევე 3-ჯერ აქვს მოგებული (2013, 2014, 2016), 6-ჯერ ფინალში დამარცხდა (2008, 2009, 2011, 2015, 2017, 2018), შარშან კი მე-4 ადგილს დასჯერდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად 2016 წელს, ალაფის მოგებით მოხვდნენ და მას შემდეგ 12-გუნდა ელიტის წევრები არიან. გუნდმა სამჯერ დაიკავა მე-10 ადგილი, ერთხელ მე-9 პოზიციაზე გავიდა, შარშან კი თასის ნახევარფინალამდე სულ ცოტა დააკლდა და საბოლოოდ აქამდე სარეკორდო, მე-8 ადგილს დასჯერდა.

წლევანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანდელის მსგავსად სამხრეთ აფრიკა მასპინძლობს. საქართველო ბ ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასთან და იტალიასთან მოხვდა. ა ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო გ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი ითამაშებენ.