18 წ. | მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის – იოსებ ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე უმცროს ბორჯღალოსნებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

იტალიაში მიმდინარე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველომ უძლიერეს საფრანგეთს დრამატულ ბრძოლაში 20:19 აჯობა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება ექვს ერზე და წინ კიდევ ერთი თამაშია, 7 აპრილს ინგლისის წინააღმდეგ.

„მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას და მთელს ქვეყანას ეს ისტორიული გამარჯვება. მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის, ბოლომდე ბრძოლისთვის და გაუტეხელი ხასიათისთვის, რამაც მთელ ერს ასეთი ბედნიერი დღე გვაჩუქა“.

„ბედნიერებაა, როდესაც შენი საყვარელი გუნდი ასეთი დონის ტურნირში ერთვება და უძლიერეს საფრანგეთთან ტოლ-სწორ ბრძოლაში იმარჯვებს. ეს ის ოჯახია, სადაც ყოფნას ვითხოვთ, სადაც ყოფნას ვიმსახურებთ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდებით“.

„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს, მოთამაშეებს, მათ აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს, ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. წინ კიდევ არაერთი საინტერესო თამაში და დიდი გამარჯვება გველის“ – განაცხადა ტყემალაძემ.