ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ტურში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-9 ტურში, წყვილებში ყველა ფავორიტმა იმარჯვა და თან სატურნირო ცხრილში გუნდების მდგომარეობა უცვლელი დარჩა. ცხრილის სათავეში, 42 ქულით ყველა შეხვედრის მომგები ‘ლელო’ იმყოფება. მდევარმა ‘აიამ’ ჩემპიონთან ქულათა ჩამორჩენა სამამდე შეამცირა. მარცხის მიუხედავად, ‘აკადემია’ მეოთხე საფეხურს მყარად ინარჩუნებს და მდევარ ‘ბათუმს’ 6 ქულით უსწრებს.

‘წიქარა’ 17 ქულით მე-5 ადგილს ინარჩუნებს და ‘არმიას’ 2 ქულით უსწრებს. ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე მყოფმა ‘ხარებმა’ 10 ქულას მოუყარა თავი და „არმიელებთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. პირველობის აუტსაიდერი ‘ტაო’ კი ასპარეზობას კვლავაც საცხრილო ქულების გარეშე აგრძელებს.

‘წიქარა’-‘ლელოს’ ტურის გამორჩეული შეხვედრა „რაგბი ჭალაში“ გაიმართა. პირველი წრის მსგავსად, ‘წიქარამ’ ჩემპიონს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და პირველობის ფავორიტს პრემიალური ქულის აღება ამჯერზეც არ დაანება.

მატჩის დებიუტში მეტოქეებმა გარდასახული ლელოები გაცვალეს. ფრთა აჩი თოთიაურის ლელოთი ჯერ ჩემპიონი დაწინაურდა, რასაც ‘წიქარას’ კვაჭმა კახი სამხარაულმა გამთანაბრებელი ლელო შეაგება. შემდგომში, ტაიმის მიწურულამდე ‘ლელო’ დომინირირებდა და უპირატესობაც 2 გარდასახულ ლელოში ასახა. კვაჭ მერაბ მანჯავიძის მოლით დადებულ ლელოს, შუამარბ დათა ახვლედიანის კომბინაციურ სტილში გატანილი ლელოც მოჰყვა. ძლიერი ქარის მიუხედავად, ‘ლელოს’ მგეზავმა ლევან ბუცხრიკიძემ ტაიმში სამივე გარდასახვა გამოიყენა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა შეხვედრის პირველი ნახევარი – 21:7 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელომ’ ანგარიშში სხვაობა მარბიელ საბა ჯიბღაშვილის გატანილი ლელოთი გაზარდა. ბუცხრიკიძემ კვლავ ზუსტად გარდასახა. ‘წიქარა’ მოახლოებულ მარცხს არ ეგუებოდა და რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა მიჯრით 2 ლელოს გატანა (მხტომელი დაჩი ქავთარაძე და ფრთა დათო ქავთარაძე) მოახერხეს და ანგარიშში ჩამორჩენა 9-ქულამდე შეამცირეს. მატჩის დასკვნით ნაწილში ‘ლელომ’ უპირატესობა დაიბრუნა და მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა ნიკა ფერაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა, რომელიც ამჯერზე ფულბეკმა ირაკლი ჯიჯელავამ გარდასახა. ჩემპიონმა მატჩი – 35:19 მოიგო.

„რაგბი ჭალამ“ ‘არმია’-‘ბათუმის’ შეხვედრასაც უმასპინძლა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის დებუტში ფრთა გიგი აბაშიძისა და შუამარბ გოგა ბერიძის გატანილი ლელოებით აჭარლები 12 ქულით დაწინაურდნენ. ‘არმია’ გააქტიურდა და შესვენებამდე საგრძნობ უპირატესობასაც დაეუფლა. ფრთა მერაბ ერგემლიძისა და მღლეტელ ნიკოლოზ ჯანგულაშვილის დადებულმა საპასუხო გარდასახულმა ლელოებმა „არმიელები“ ანგარიშში დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი მარბიელ ნიკოლოზ ფანცულაიას გატანილმა ჯარიმამ ‘არმიას’ ტაიმი – 17:12 მოაგებინა.

მეორე ტაიმში ‘ბათუმი’ დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და მასპინძლებს სამატჩო ქულები აღარ ააღებინა. სტუმრებმა სისწრაფესაც უმატეს, რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს, რომელთაგან 2 მათგანი შედეგიანი გამოდგა. ლელო ჯერ მღლეტელმა გიორგი ფიცხალაიშვილმა გაიტანა, გიგი აბაშიძემ კი „დუბლი“ გაიფორმა. სტუმართა ფულბეკი კაპიტნის მათე მახარაძის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვებმა ‘არმია’ უქულოდ დატოვა. ‘ბათუმმა’ მატჩი – 26:17 მოიგო.

„აია არენაზე“, ‘აკადემიასთან’ შეხვედრაში ‘აია’ საგრძნობ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა. ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭები „მხატვრებს“ სტატიკასა და დინამიკაში აღემატებოდნენ და დაცვაში საიმედო თამაშს, მწვავე იერიშებსაც კარგად უთავსებდნენ. აღსანიშნავია, რომ ‘აკადემიას’ რიგებში უპირატესად იმ ასაკის მორაგბეებმა მოიყარეს თავი, რომელთა დიდ ნაწილს ‘ბ’ ლიგაში თამაში მომავალ სეზონშიც მოუწევს.

‘აიას’ წარმატებას სათავე მარბიელ საბა ფხაკაძის გატანილმა ლელომ დაუდო. ფხაკაძემ შემდგომში „დუბლიც“ შეასრულა. ‘აკადემია’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ნახევარში შუამარბი კაპიტნის დაჩი იმედაძის დადებული ლელოთი გადაურჩა. რიონისპირელებმა მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ‘აიას’ მარბიელ ლუკა ხალიჩავას გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 39:5.

ასპინძაში, პირველობის დებიუტანტი და აუტსაიდერი ‘ტაო’ რუსთავის ,ხარებს’ დაუხვდა. მატჩის ფავორიტმა ქვემო ქართლელებმა 7 უპასუხო ლელო გაიტანეს და პირველი წრის მსგავსად მესხებს ამჯერზეც იოლად, „მშრალი“ ანგარიშით – 45:0 მოუგეს. ‘ხარების’ წარმატებას სათავე ფრთა ნიკა ნინაშვილის ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული ბურჯის საბა გოგელაშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. ‘ხარების’ შუამარბმა დემეტრე გიორგაძემ „დუბლი“ გაიფორმა, ქვემო ქართლელთა ჰავბეკმა კაპიტანმა ზურა მძინარაშვილმა კი 5 გარდასახვა გამოიყენა და უნარიანი თამაშით მოედანზე გამორჩეულიც გახლდათ.