ფინალური უიკენდი და სამი ჩემპიონი

გასულ უქმეებზე თბილისსა და გორში საქართველოს ჩემპიონატის კაცთა ლიგების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ორმა გუნდმა – ‘წიქარამ’ და ‘ტაომ’ პირველად მიიღეს დაწინაურება რანგით მაღალ ლიგებში, ‘აიამ’ კი ბოლო სამ წელიწადში მეორედ და ჯამში მეხუთედ შემართა საჩემპიონო თასი.

ფინალური უიქენდი შაბათს, გორში, „რაგბი ჭალაზე“ თბილისის ‘წიქარასა’ და რუსთავის ‘რუსთავის’ შეხვედრით დაიწყო. ‘წიქარამ’ სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა. რეგულარულ გათამაშებაში მიჯრით 13 გამარჯვების შემდეგ, მან ნახევარფინალში ბათუმის ‘მეკობრეები’ დაამარცხა უშანსოდ, ფინალში კი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ‘რუსთავს’ 15:11 სძლია, რითაც პირველი ლიგის საგზური პირველად მოიპოვა.

კვირას ფინალურმა ესტაფეტამ „ავჭალაზე“ გადაინაცვლა და უპირველესად პირველი ლიგის საგზურის მფლობელი გამოვლინდა. პირველი ლიგის ფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებული, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ მეოთხეადგილოსანს, თბილისის ‘არმიას’ დაუპირისპირდა.

ტრიბუნებზე ორივე გუნდის ქომაგი მრავლად შეიკრიბა, მათ განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს და თამაშიც უაღრესად დაძაბული გამოვიდა. პირველ ტაიმში ინიციატივას ‘არმია’ ფლობდა და 17:5 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ‘ტაომ’ შეძლო გარდატეხის შეტანა, 20 წუთში დაწინაურდა, შეხვედრის ბოლოს კი გამარჯვება გაიმყარა – 26:17. სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ დიდ 10-ში პირველად დაწინაურდა.

მოგვიანებით „ავჭალაზე“ დიდი 10-ის ფინალი  დაიწყო, რომელშიც თბილისის ‘ლელო’ ქუთაისის ‘აიას’ ეთამაშებოდა. ‘ლელომ’ რეგულარული გათამაშება მოიგო, ‘აიამ’ მეორე ადგილი დაიკავა და ‘ლელოს’ ჯერ შესარჩევ ფინალში (27:10), მერე კი ფინალში აჯობა და ჩემპიონის თასი დამსახურებულად მოიპოვა – 19:3.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გამარჯვებულებს ჩემპიონობა მიულოცა:

„ვულოცავ ქუთაისის სკოლას ამ დიდ გამარჯვებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ წელიწადში ‘აიამ’ მეორედ მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება, რაც ცალსახად ქუთაისის სკოლის სტაბილურობას, მაღალ შედეგებზე ორიენტირებულ მუშაობას ნიშნავს და იმედი მაქვს ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც დაიწყებს ასახვას. ეს სტაბილურობა ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ, ქუთაისელი მორაგბეები, უკვე ჩემპიონის რანგში აუცილებლად მოხვდებიან ეროვნულ გუნდში“.

„ძალიან საინტერესო იყო ‘არმია’ – ‘ტაოს’ შეხვედრა. ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვების სიხარულს. ‘ტაოსთვის’ ეს კიდევ უფრო დიდი სიხარულია, რადგა სამცხე-ჯავახეთის გუნდი პირველად მოხვდა დიდ 10-ში. ეს არის დიდი ეროვნული პროექტი, რომელიც ქველმოქმედმა კაცმა დაიწყო და ასახვა უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში ჰპოვა. ვულოცავ მთელ სამცხე-ჯავახეთს ამ წარმატებას და მადლობა გუბერნატორს, ქალაქების მერიას, ყველას ვინც ჩართული იყო ამ წარმატებულ პროექტში“.

„ასევე  საინტერესო იყო რეგიონული ლიგის ფინალი ‘წიქარასა’ და ‘რუსთავს’ შორის. ‘რუსთავი’, რომელიც ახალი დაარსებულია, ღირსეულ პაექრობაში შევიდა მეტოქეებთან. ‘წიქარამ’, რომელიც ძალიან ბევრი ბავშვის აღმზრდელია, ჰპოვა თავისი პირველი შედეგი და ეს ნამდვილად მისასალმებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბევრ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგები“.

„რაგბი ღირსება და ერთობაა და სამწუხაროდ, რეგიონული ლიგის ფინალში ეს პრინციპები დაირღვა. სიყვარულის და მშვიდობის დერეფანში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და ხელით შეხებასაც ქონდა ადგილი, რასაც ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ გუნდის ხელმძღვანელობას და რაგბის კავშირის შესაბამის სამსახურებს, მთელი სიმკაცრით იმსჯელონ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაგბის მთავარი ღირებულებაა, თამაშის დასრულების შემდეგ ყოველგვარი წყენის დავიწყება და მეტოქის პატივისცემა, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს“.

„მინდა მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებმაც ბრწყინვალედ დააორგანიზეს ფინალური თამაშები და რაგბის ქომაგებს კიდევ ერთი ლამაზი დღესასწაული აჩუქა“.