პირველი ლიგა | ‘ტაო’ დიდი ფინალის პირველი მონაწილეა

პირველი ლიგის ე.წ. „ავსტრალიური“ პლეი ოფის მორიგი ეტაპი შესარჩევ და გასავარდნ ფინალებს დაეთმო. შესარჩევ ფინალში, რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა და მოედნის უპირატესობის მქონე სამცხე-ჯავახეთის ‘ტაომ’ მეორე ადგილოსან წყალტუბოს ‘დინოზავრს’ ასპინძაში უმასპინძლა.

‘ტაო’ შეხვედრას პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა, დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა და სისწრაფეზე დროული გადაწყობით ‘დინოზავრს’ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პირველ ტაიმში იმერლები ფულბეკ მიშო ჟორჟოლიანის გატანილ წყვილ ჯარიმას დაჯერდნენ. მესხებმა კი ლეგენდარული, 41 წელს გადაცილებული ბორჯღალოსანის გოშა შკინინისა და მხტომელ ბექა არველაძის გატანილი ლელოებით შესვენების წინ 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 12:6.

მეორე ტაიმში ‘ტაოს’ დამრიგებლთა დუეტის: მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას მიერ განხორციელებულმა დროულმა ცვლილებებმა მასპინძელთა უპირატესობა გაამყარა. მარქაფადან ჩართულმა ფიჯელმა შუამარბმა ლაისიასა ბოგიდრაუმ ლელო გაიტანა, რომელიც ასევე შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა ლუკა ზუხბაიამ ზუსტად გარდასახა. ზუხბაიამ პირად მონაგარს 2 გატანილი ჯარიმაც შემატა. ‘დინოზავრი’ კი მეორე ნახევარში მხოლოდ ფრთა დავით ჩაუჩაძის გარდასახულ ლელოს დაჯერდა. ‘ტაომ’ დამაჯერებლად მოიგო – 25:13  და ლიგის დიდ ფინალში პირველი გავიდა.

გასავარდნ ფინალში კი მესამედ ფინალებში წარმატებული გუნდები: ‘გორი’ და ‘არმია’ დაუპირისპირდნენ. ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული მაღალი ადგილის გამო ‘გორი’ მოედნის უპირატესობით სარგებლობდა და „არმიელებს“ შიდა ქართლის დედაქალაქის ჭალის დასახლებაში დაუხვდა. აღსანიშნავია, რომ რეგულარულ სეზონში მეტოქეებს ერთმანეთი სტუმრად ყავდათ დამარცხებული და ტრადიცია არც ამჯერზე დაირღვა.

მატჩის დებიუტში ‘გორი’ მღლეტელ მიშო ჩაჩავას გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რასაც  სტუმართა“აფეთქება“ მოჰყვა. „არმიელებმა“ სტატიკაში იძალეს და კვაჭ გიორგი მექვაბიშვილის  შესრულებული „დუბლით“ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ‘არმიას’ ლეგიონერმა ფულბეკმა მელს პიტერსმა ორივე გარდასახვა გამოიყენა – 14:7.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘არმიამ’ კიდევ ერთი ლეგიონერის, მხტომელ ჯესე მაროვიას გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასკვნით მონაკვეთში მაროვიამ ჯარიმაც გაიტანა, რასაც გორელთა ჰავბეკ სერგი ყურაშვილისა და მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულის დადებული ლელოები დაუპირისპირდა და მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე ანგარიშში ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ დროში ‘გორმა’ მეტოქის 22-ში შერკინება მოიპოვა, თუმცა ხეირი ვერ ჰპოვა და მოედანი დამარცხებულმა დატოვა. ლაშა ბაირამაშვილის დამოძღვრილმა ‘არმიამ’ 22:19 მოიგო და წინასწარ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

‘დინოზავრი’-არმიას’ წინასწარი ფინალი მომავალ უქმეებზე გაიმართება. იმერლები მოედნის უპირატესობით სარგებლობენ და მეტოქეს „აია არენაზე“ დაუხვდებიან. წინასწარ ფინალში გამარჯვებული გუნდი დიდ ფინალში ‘ტაოს’ შეხვდება.

პირველი ლიგის გამარჯვებული ელიტაში აღზევდება, ხელმოცარული გუნდი კი დიდი 10-ის საგზურის მოპოვებას, ელიტის ბოლოსწინა, მე-9 ადგილოსან ოზურგეთის ‘არწივებთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.