პირველი ლიგა | ‘ტაოს’ ლიგის ტიტულს ‘არმია’ შეეცილება

ქუთაისში, ‘დინოზავრი’-‘არმიას’ პლეი ოფის წინასწარმა ფინალმა ქომაგის არნახული ინტერესი გამოიწვია. „აია არენას“ ხელოვნუსაფარიანი სტადიონის ტრიბუნები პირთამდე შეივსო და გულშემატკივარმა ლაღი, შემტევი და უხვქულიანი მატჩი იხილა.

რეგულარულ სეზონში მეტოქეებს ერთმანეთი საშინაო შეხვედრებში ყავდათ დამარცხებული. პირველი წრის დაპირისპირებაში ‘დინოზავრმა’ დაძაბულ ბრძოლაში 24:17 იმარჯვა, მეორე წრეში კი იმერლებმა პირწმინდა მარცხი იწვნიეს – 0:54, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქში ზაზა ჩირგაძემ სრულად მეორე შემადგენლობა იახლა, რამეთუ წყალტუბოელთათვის იმ მომენტისთვის მატჩის სპორტულ მხარეს ინტერესი დაკარგული ქონდა.

‘დინოზავრმა’ რეგულარულ სეზონში დაკავებული მეორე ადგილით პლეი ოფის შესარჩევ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა ასპინძაში, ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულ ‘ტაოსთან’ ვერაფერი გააწყო. ‘არმიამ’ კი რეგულარული სეზონი მეოთხე პოზიციაზე ჩაამთავრა და პლეი ოფის საწყისი 2 ეტაპი, ‘ლოკომოტივთან’ და ‘გორთან’ მოპოვებული რთული გამარჯვებებით წარმატებით განვლო. წინასწარ ფინალში  მეტოქეზე მაღალი ადგილის მქონე ‘დინოზავრი’ მოედნის უპირატესობით სარგებლობდა.

მატჩის დებიუტში ‘დინოზავრი’ ფულბეკ დავით გობეჯიშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რის შემდგომ იმერლებს შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში მოუხდათ ყოფნა. სეზონის მეორე ნახევარში ‘არმიამ’ შემადგენლობა სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით გააძლიერა, რაც გუნდის თამაშის ხარისხსა და შედეგზე პოზიტიურად აისახა. ‘დინოზავრთანაც’ შეხვედრაში „არმიელთათვის“ გარდამტეხი ლეგიონერების კარგი თამაში გამოდგა.

‘არმია’, ფიჯელი მხტომელის საულა ქიოლევუს დადებული ლელოთი დაწინაურდა და შესვენებამდე სტუმართა შუამარბ სანდრო მესხიძის, ჰავბეკი კაპიტნის სანდრო ნახუცრიშვილისა და ფრთა საბა დათიაშვილის გატანილი ლელოებით ანგარიშში სხვაობა სოლიდური გახადა. იმერლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 1 ლელოს გატანა მოახერხეს. მთავარმა არბიტრმა მოლის ჩაქცევისთვის მასპინძელთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ‘არმიამ’ პირველი ნახევარი – 29:10 მოიგო.

მართალია, მეორე ტაიმი ‘დინოზავრის’ კვაჭ გიორგი ტორაძის გატანილი ლელოთი დაიწყო, თუმცა შეხვედრის სურათი უცვლელი დარჩა. „არმიელთა“ ლეგიონერები იმერელთა ხაზს „კარაქივით“ ჭრიდნენ და სამატჩო მონაგარი კიდევ 4 გატანილი ლელოთი გაზარდეს. სანდრო მესხიძემ „დუბლი“ გაიფორმა, ხელი კიდევ ერთმა მხტომელმა ფიჯელმა ჯესე მაროვიამაც გამოიღო. დარჩენილი 2 ლელო კი მარქაფადან ჩართული მარბიელის გიორგი ნოდიასა და კვაჭ დიტო ცაბაძის ანგარიშზეა. მასპინძელთა მხრიდან კი საპასუხო ლელოს გატანა მხტომელმა პაატა გალდავამ მოახერხა. ქვეყნის ექს-ჩემპიონმა მატჩი დამაჯერებლად – 56:22 მოიგო და დიდ ფინალში გავიდა.

მარცხის მიუხედავად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თავკაცობამ ‘დინოზავრის’ გამოსვლა მთლიანობაში დადებითად შეაფასა. ლიგის დებიუტანტს ბრინჯაოს მედლები მიულოცა-გადასცა და სამომავლო აქტიური მხარდაჭერაც აღუთქვა.

‘ტაო’-‘არმიას’ ლიგის ფინალური შეხვედრა „ავჭალა არენაზე“ 28 აპრილს გაიმართება და 14 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მესხებმა „არმიელებს“ ჯგუფურ ეტაპზე ორივე შეხვედრა მოუგეს. ასპინძაში 29:24, სტუმრად გორში კი 38:21. ფინალში გამარჯვებული გუნდი ლიგის ტიტულთან ერთად, დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს, ხელმოცარული კი ელიტაში აღზევებას, დიდი 10-ის მე-9 ადგილოსან ოზურგეთის ‘არწივებთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.