დიდი 10 | ბათუმი 7:11 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის ფლეი ოფის პირველ მატჩში ‘ბათუმი’ სტუმრად 11:7 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, ზღვისპირელები კი 2018 წლის შემდეგ პირველად, მედლების გარეშე დარჩნენ.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა 11-ივე ქულა საწყის 27 წუთში მოიპოვეს, რაზეც მასპინძლებმა გარდასახული ლელოთი მალევე უპასუხეს, თუმცა ბოლნისელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.

ანგარიში ლაშა მალაღურაძემ მე-12 წუთზე ჯარიმით გახსნა. ორიოდე წუთში ‘ყოჩებმა’ კონტრშეტევა წამოიწყო, ბურთი კარგად გაათამაშა და რომან მოხათაძემ ლელო გაიტანა. მალაღურაძეს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 27-ე წუთზე შორიდან ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებს ქულების აღების პირველი შანსი 34-ე წუთზე მიეცათ, წითელ ზონაში ფორვარდებით შეუტიეს და რამდენიმე ფაზის შემდეგ ჯაბა შათირიშვილმა ძალისმიერი ლელო გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახა – 7:11.

მეორე ტაიმში ‘ბათუმი’ სათამაშო ინიციატივას ფლობდა, თუმცა მეტოქის თავდადებულ დაცვასთან ერთად, შეცდომები თავადაც დაუშვა და მათი გამოყენება ვერ მოახერხა. მათ თამაშის განახლებიდან 5 წუთში რიცხობრივი უპირატესობაც მიიღეს (ლევან გოგოლაშვილი სინბინში). ტაიმის შუაში ნიკო აფციაური და სერგი ჩხაიძე წაკინკლავდნენ და საბა აბულაშვილმა ორივე ყვითელი ბარათით დასაჯა.

‘ყოჩებმა’ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოლის შემდეგ შეძლო ლელოში შესვლა, მაგრამ დამიწება ვერ შედგა, რაც ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა. დასკვნით წუთებში ისევ ‘ბათუმი’ გააქტიურდა, ‘ყოჩები’ ხშირად ჯარიმდებოდა და სინბინით ერთბაშად ორი მოთამაშე დაკარგა, მაგრამ ბოლო მიძალება 2-კაცნაკლულმა მოიგერია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ვინ იქნება ‘ყოჩების’ მეტოქე ფლეი ოფის მეორე ეტაპზე ხვალ გაირკვევა. 7 აპრილს ქუთაისის ‘არესი’ თბილისის ‘ხვამლს’ 14 საათზე მასპინძლობს და გამარჯვებული ბოლნისელებს 14 აპრილს შეერკინება. 13 აპრილს ფინალის საგზურისთვის თბილისის ‘ლელო’ ქუთაისის ‘აიას’ დაუხვდება.