დიდი 10 | არესი 27:25 ხვამლი

ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ანგარიში გაუთანაბრა, გიორგი თევდორაძის გარდასახვით კი 27:25 დაამარცხა და ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა.

რადგან გუშინდელ მატჩში რეიტინგით მე-6 ადგილოსანმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’ გაიმარჯვა, ამ მოგებით ‘არესმა’ საკუთარი მოედნის უპირატესობა მეორე ეტაპზეც მიიღო და ქვემო ქართლელებს 14 აპრილს „აია არენაზე“ დაუხვდება.

‘ხვამლი’ არსებობის ისტორიაში ფლეი ოფში პირველად გავიდა და ანგარიშში 80 წუთის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო შეტევის მოგერიება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ მე-6 ადგილს დასჯერდა.

„აია არენაზე“ თამაში სტუმრების იერიშებით დაიწყო და ‘ხვამლმა’ 10 წუთში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მე-4 წუთზე მუხიანელთა მოლი მასპინძლებმა შეაჩერეს, თუმცა რაქიდან ბურთი ლელოში ზურა ლუტიძემ გადადო და ნიკა ცინცაძემ გარდასახა. მე-9 წუთზე მათ კარგი შეტევა წამოიწყეს, ფრთაზე კვაჭმა გიორგი ვარდოსანიძემ შეუტია, იქვე გიორგი კურტანიძე გაჩნდა და მეორე ლელო გავიდა.

‘არესი’ საწყისი შოკიდან მალე გამოვიდა, ჯარიმა კარში არ დაარტყა, 21-ე წუთზე მოლი ააგორა და მურთაზ ცხადაძის ლელო ბონდო აბაშიძემ გარდასახა. მალევე ჰამლეტ დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს. 37-ე წუთზე აბაშიძემ ჯარიმით შეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ შესვენებამდე ნიკა ცინცაძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი 10:18 დასრულდა.

მეორე ტაიმში სათამაშო ინიციატივას ‘არესი’ დაეუფლა და 48-ე წუთზე პიტა იავამ ლელო, აბაშიძემ კი გარდასახვა გაიტანა. 57-ე წუთზე საბა არაგველმა საპასუხო ლელო გაიტანა და ცინცაძემ გარდასახვით 8-ქულიანი სხვაობა აღადგინა, თუმცა იქვე აბაშიძემ ჯარიმა ცენტრიდან გაიტანა. მერე ‘ხვამლი’ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული (ლისალა ნასეგე სინბინში), მაგრამ ქუთაისელებმა მეტობა ვერც ამჯერად გამოიყენეს.

დასკვნით 10 წუთში მოვლენები დრამატულად განვითარდა. არაგველს გამარჯვების ლელოს გატანამდე სანტიმეტრები დააკლდა, რამაც ‘არესს’ საკუთარი 5-მეტრიანიდან შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით მეტოქის ნახევარზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა. დერეფნიდან აგორებულ მოლს სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს და ის 22-ში შევიდა, იქ გიგა კობახიძემ შეუტია, ორმა მცველმა მისი შეჩერება ვერ მოახერხა და 10 მეტრის გავლის შემდეგ გამათანაბრებელი ლელო გავიდა. გიორგი თევდორაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახა და ‘არესმა’ დაძაბულ ბრძოლაში 27:25 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაქარ ბურჯალიანი გახდა.