გენო ღადუას სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა დიდი დანაკლისი განიცადა. 82 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მორაგბე გენო (გენადი) ღადუა გარდაიცვალა.

გენო ღადუა ქართული რაგბის პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ და საქართველოში ოვალური ბურთის განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. ბრგე, ჯანიანი ჭაბუკი რაგბით სტუდენტობის პერიოდში მოიხიბლა და მორაგბის კვართი პირველად იმჟამინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) გუნდის რიგებში მოირგო, რომელსაც მაშინ ოთარ დოღონაძე დამრიგებლობდა.

კვაჭის პოზიციაზე მოთამაშე ღადუამ 1964 წლიდან, იმავე დოღონაძის თავკაცობით თამაში ‘დინამოში’ განაგრძო, სადაც პრაქტიკულად მოთამაშის კარიერის დასრულებამდე, 1973 წლამდე დაჰყო და ქართული რაგბის უხნესი გუნდის მრავალ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ პერიოდში გენო ღადუამ ერთხელ იცვალა კლუბი და 1 სეზონის მანძილზე ‘ლოკომოტივის’ ღირსება დაიცვა.

მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, გენო ღადუა მშენებლის პროფესიას დაუბრუნდა და აღნიშნულ სფეროში დაკავებული მაღალი თანამდებობისა და მოუცლელობის მიუხედავად, რაგბთან კავშირი არ გაუწყვეტია. ქართული რაგბისთვის იმხანად რთული, დუხჭირი ცხოვრების პერიოდში, გენო ღადუამ ვარკეთილის მეურნეობაში მდებარე სარაგბო არენის კეთილმოწყობა ითავა და იქაურ პერსპექტიულ ჭაბუკ მორაგბეებსაც არაერთი დახმარება გაუწია.

საქართველის რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს გენო ღადუას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ღადუების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.