7-კაცა | ჩემპიონი დამარცხებულია, წინ პორტუგალიაა

საქართველოს 7-კაცამ ურუგვაიში, მონტევიდეოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ორიდან ერთი შეხვედრა მოიგო.

ტურნირი ცუდად დავიწყეთ. პირველი თამაში ტონგასთან გვქონდა, მეტოქემ 6 ლელო გაიტანა, რაზეც გიორგი ჯობავას ლელოთი ვუპასუხეთ და კუნძულელებმა თამაში 40:5 მოიგეს. პირველ ტურში კენიამ პორტუგალიას დასკვნით 2 წუთში ორი ლელო გაუტანა, ერთი გარდასახა და 19:12 გაიმარჯვა. ახალი წესების თანახმად, პორტუგალიას 7 ქულით მარცხისთვის საცხრილო ნუგეშ-ქულა შეხვდა.

მეორე თამაში გამოცდილ კენიასთან გვქონდა, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა მსოფლიო სერიას და 2024 წლის ჩელენჯერის პირველი, დუბაის ეტაპის გამარჯვებული გახდა. აქ საქართველომ თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა, აფრიკელებს 3 უპასუხო ლელო გაუტანა 17:0 დაამარცხა, რითაც თასის 1/4-ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ანგარიში ნიკოლოზ რეხვიაშვილმა გახსნა, რომელმაც ფრთაზე ორი მეტოქე ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა. მეორე ლელო საბა არჩვაძემ გაიტანა – ის ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვა და მასზე თამაში ყველას დაასწრო, სერგი ჩხაიძემ კი გარდასახა. ბოლოსწინა წუთზე დავით იმნაძემ თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი და ლელომდე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა – 17:0.

მეორე ტურში პორტუგალიამ ტონგას 17:12 სძლია. მან ბოლოსწინა წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, მე-2 დამატებულზე კი გამარჯვების ლელო გაიტანა. ტონგას მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეში ერგო.

ამრიგად, ორ-ორი თამაშის შემდეგ ა ჯგუფის ოთხივე გუნდს თითო მოგება და მარცხი დაუგროვდა – პორტუგალიას და ტონგას 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს და კენიას კი 3-3.

ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში პორტუგალიასთან დღეს, 9 მარტს ჩვენი დროით 21:24 საათზე გვაქვს, მერე კი კენია ტონგას შეხვდება და ამის შემდეგ გაირკვევა რომელი გუნდი რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გადის (სამივე ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი), დანარჩენი 4 კი მე-9-მე-12 პოზიციებისთვის აგრძელებს ბრძოლას. მონტევიდეოს ეტაპი 10 მარტს დასრულდება, ხოლო მესამე ეტაპს 18-19 მაისს გერმანია, მიუნხენი უმასპინძლებს.

თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდს საერთო ცხრილში ქულები ეწერება, რომელთა დაჯამების შედეგად 4 საუკეთესო, მსოფლიო სერიის ბოლო ოთხეულთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ესპანეთში, მადრიდში ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 მოწინავე 12-გუნდა ელიტის, მსოფლიო სერიის საგზურს მიიღებს.

დუბაის ეტაპის შემდეგ, საქართველო საერთო ცხრილში მე-8 ადგილზეა (6 ქულა).

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მეორე (მონტევიდეო, ურუგვაი) ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თემურ კოხოძე, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, ირაკლი სიმსივე, თემურ ჭიჭინაძე, დავით იმნაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე