ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ცხრილში გუნდების მდგომარეობა უცვლელი დარჩა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-6 ტურის შედეგებმა სატურნირო ცხრილში გუნდების პოზიციები უცვლელი დატოვა. ჩემპიონი ‘ლელო’ 28 ქულით ლიდერობას აგრძელებს და მდევარ ‘აიას’ კვლავინდებურად 3 ქულით უსწრებს. ‘ლელო’ მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ‘აკადემიამ’ 19 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მდევარ ‘ბათუმს’ 1 ქულითღა უსწრებს.

‘წიქარა’ 11 ქულით მეხუთე პოზიციაზე რჩება და მდევარ ‘არმიასთან’ 1 ქულა აშორებს. ‘ხარები’ 5 ქულით ცხრილის ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე რჩებიან. უქულოდ მყოფ აუტსაიდერ ‘ტაოს’ აქტივში კი კვლავ ეული სამატჩო ლელო რჩება. მესხებმა პირველობის 5 შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით დათმეს და მეტოქეებს მთლიანობაში 500-ზე მეტი სამატჩო ქულა ააღებინეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ელიტას ბინადართა შორის მოუგებლად მხოლოდ მესხები რჩებიან.

მე-6 ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში, ლიდერმა ‘ლელომ’ მოწინავე სამეულში მყოფ ‘აკადემიას’ უმასპინძლა. „მხატვრებს“ აშკარად დაეტყოთ ნიჭიერი ახალგაზრდა დამრიგებლის ნიკა ჩიტალაძის ხელი. ‘ლელო’ კი პაატა მაისურაძის თავკაცობით ტიტულის დაცვას წარმატებით განაგრძობს. განვლილ შეხვედრაში ‘აკადემიამ’ ძირითადის 4 მოთამაშე მოისაკლისა, რამაც „მხატვართა“ თამაშს გარკვეული დაღი დაასვა.

‘ლელო’ პირველივე წუთებიდან აქცენტს ხისტ დაცვასა და სტატიკაზე აკეთებდა. ჩემპიონმა შესვენებამდე მეტოქე მგეზავ დემე დევდარიანის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი 3 ლელო გაიტანა / მარბიელი გიორგი ბერძენიშვილი, ჰავბეკი საბა ნოდია და ბურჯი ნიკოლოზ ჯინჭარაძე/ და ტაიმი 16 ქულის სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში ‘ლელომ’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და მონაგარს, შუამარბ ლუკა ჯიქიძისა და ფულბეკ ირაკლი ჯიჯელავას დადებული ლელოები შემატა. ჯიჯელავამ 3 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ‘აკადემიას’ მხრიდან კი პრესტიჟის ლელოს გატანა მხტომელმა ლუკა მახარაძემ მოახერხა. ჩემპიონმა მატჩი ბონუსით მოიგო – 31:10.

ელიტას დებიუტანტმა ‘ტაომ’ ასპინძაში პირველი შეხვედრა გამართა, თუმცა მესხებს მშობლიური კედლების ფაქტორმაც ვერ უშველა. აუტსაიდერს, ‘აია’ სტუმრობდა და რიონისპირელებმა 12 უპასუხო გატანილი ლელოთი, შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით-70:0 მოიგეს. ‘აიას’ წარმატებას სათავე მხტომელ თამაზ მეიფარიანის ლელომ დაუდო, რის შემდგომ რიონისპირელთა რიგებში ფულბეკი ათუკა ზვიადაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. მატჩის საბოლოო ანგარიში სწორედ ზვიადაძის გატანილი მესამე ლელოთი დაფიქსირდა.

კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი „რაგბი ჭალაში“ გაიმართა. ერთმანეთს ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები, ‘წიქარა’ და ‘არმია’ დაუპირისპირდნენ. მატჩის საწყის 20 წუთში უკეთ ‘წიქარა’ გამოიყურებოდა. მასპინძელთა შუამარბმა ლუკა ბახტაძემ „დუბლი“ გაიფორმა, რასაც ფრთა ლუკა ტლაშაძის დადებული ლელოც მოჰყვა. რეზო ქოქოლაძის ბიჭებს სამივე გარდასახვა გაუცუდდათ,  „არმიელთა“ ფულბეკ კახა ზურაბიშვილის გასწორებულმა სამიზნემ კი მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ზურაბიშვილმა ჯერ თანაგუნდელი კვაჭის შალვა ნიაზაშვილის დადებული ლელო გარდასახა, შემდეგ ჯარიმაც ზუსტად დაარტყა და შესვენების წინ ‘წიქარა’ მხოლოდ 5 ქულიან უპირატესობას დააჯერა.

მეორე ტაიმში ‘არმია’ ოვალს კარგად შლიდა, დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა, მეტოქეს დომინანტური ბოჭვებითაც აღემატებოდა და ‘წიქარა’ სამატჩო ქულების გარეშე დატოვა. მართალია, „არმიელებმა“ მეორე ნახევარში მხოლოდ 1 ლელოს დადება / მღლეტელი ნიკოლოზ ჯანგულაშვილი/ მოახერხეს, სანაცვლოდ კი გამომუშავებული ჯარიმებით მაქსიმალური ხეირი ჰპოვეს. კახა ზურაბიშვილმა ზუსტ გარდასახვებთან ერთად, მთლიანობაში 5 ჯარიმაც გაიტანა, რამაც ‘არმიას’ დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა – 29:15.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’ რუსთავის ‘ხარებს’ დაუხვდა. ქვემო ქართლელებმა მასპინძლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. ბათუმელთა ფრთა ლუკა ქიქავას გარდაუსახავ ლელოსა და გატანილ ჯარიმას, ‘ხარების’ ფრთა დემეტრე მაღრაძემ გარდასახული ლელო შეაგება და ერთი ხანობა ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა კვაჭ ლუკა მუმიშიშის გარდაუსახავი ლელოთი მასპინძლები შესვენებაზე 6 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში ‘ბათუმმა’ უპირატესობა მღლეტელ საბა ვარშანიძისა და შუამარბ გოგა ბერიძის გარდასახული ლელოებით გაიმყარა. ბერიძემ მეტოქეს ეფექტურად გაუჭრა ხაზი და ლამაზი ლელოთი გელა ჭოველიძის გუნდს გამარჯვება პრემიალური ქულით არგუნა – 27:7.