ჭაბუკთა ა ლიგა | ტიტულისთვის კვლავ ‘ლელო’ და ‘აია’ იბრძოლებენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში, გასული სეზონის მსგავსად ‘ლელო’ და ‘აია’ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 ფინალიდან ეს მეტოქეთა მე-7 რკენა იქნება. დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა საჩემპიონო დავაში ჩარევა ერთხელ ‘ხვამლმა’ მოახერხა. აღნიშნულ პერიოდში ‘ლელომ’ 5 ტიტული მოიპოვა, ‘აიამ’ კი საჩემპიონო თასი 2-გზის შემართა.

რეგულარულ სეზონში მეტოქეებმა ერთმანეთს საშინაო შეხვედრებში აჯობეს. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული ‘ლელო’ დებულებით მოედნის უპირატესობით სარგებლობს და გადამწყვეტ შეხვედრაში რიონისპირელებს „ლელო არენაზე“ დაუპირისპირდება.

მიჯრით მეორე პოდიუმისთვის ‘ბათუმი’ ამჯერზე ‘არმიასთან’ შეხვედრაში იბრძოლებს. რეგულარულ სეზონში დაკავებული მაღალი ადგილის გამო, თენგიზ გოგიბერიძის ბიჭები „ბრინჯაოს“ შეხვედრას ბათუმში გამართავენ. აღსანიშნავია, რომ 18-წლამდელთა პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მონაწილების გამო, ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორთა ვინაობა თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, 13 აპრილს გაირკვევა.

ჩემპიონმა ‘ლელომ’ რეგულარული სეზონის მეოთხე ადგილოსან ‘არმიას’ დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ უმასპინძლა. ‘ლელომ’ „არმიელებს“ რეგულარული სეზონის ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოუგო და პრობლემა არც 1/2-ში შექმნია. იმის მიუხედავად, რომ ‘ლელოს’ დამრიგებელმა ზურა ხორბალაძემ მიზეზთა გამო ძირითადი შემადგენლობისა და სამატჩო განაცხადის რამდენიმე მნიშვნელოვანი მორაგბე მოისაკლისა (ნიკოლოზ ოლქიშვილი, მიშო ხახუბია, მიშო შიოშვილი, ამირან ბიწკინაშვილი, იკა კვარაცხელია), მასპინძელთა უპირატესობა მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა.

მართალია, ‘არმია’ მედგრად და ბოლომდე იბრძოდა, თუმცა მრისხანე მეტოქესთან ვერაფერი გააწყო. ‘ლელო’ რაგბის ყველა ასპექტში დომინირებდა და „არმიელებს“ 11 უპასუხო ლელო დაუდო. დიდ დიღმელთა წარმატებას სათავე მღლეტელ ნიკა აბესაძის გატანილმა ლელომ დაუდო. ფულბეკი გიორგი ბოლქვაძე ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა, ხოლო შუამარბმა გიორგი ხაინდრავამ  „დუბლი“ შეასრულა. მასპინძელთა მგეზავმა გიგი სირბილაძემ 7 გარდასახვა გამოიყენა. ჩემპიონმა „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვა – 69:0.

‘ბათუმი’-‘აიას’ შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ბათუმელებმა რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე ჩაამთავრეს და მესამე ადგილზე გასულ იმერლებს პირადი ბალანსითაც აჯობეს. საკუთარ სტადიონზე ‘ბათუმმა’ რიონისპირელებს 1-ქულიანი სხვაობით აჯობა, „აია არენაზე“ კი სასურველ ფრეს გამორჩა. პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას აჭარლები ფლობდნენ. ‘ბათუმი’ დაცვაში საიმედოდ გაისარჯა და თან რამდენიმე მწვავე შეტევა განახოციელა. მასპინძელთა მგეზავ გიორგი ბერაძის გატანილი ლელო, შუამარბმა ბუბა ნოზაძემ ზუსტად გარდასახა და შესვენებაზე ‘ბათუმი’ 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ნახევარში ‘აია’ გააქტიურდა. პაატა ტყაბლაძის შეგირდები ლაღად ამოქმედნენ და სწრაფი გადაწყობით გამოთავისუფლებულ სივრცეზე მასპინძლები არაერთხელ დააჯარიმეს. რიონისპირელთა ჰავბეკმა თემურ ძოძუაშვილმა 4 ჯარიმა გაიტანა. ‘აიას’ წნეხსა და მაღალ სათამაშო დისციპლინას ‘ბათუმმა’ ვერაფერი დაუპირისპირა და მეორე ტაიმი სამატჩო ქულების გარეშე ჩაამთავრა. ‘აიამ’ მატჩი – 12:7  მოიგო.