რეგიონული ლიგა | იმერიდან პლეი ოფში კოლხები და სამტრედიელები მოხვდნენ

რეგიონული ლიგის დასავლეთიდან პლეი ოფში მონაწილე დუეტის ვინაობა დასკვნითი ტურის წინ უბრძოლველად გაირკვა. დასავლეთის პირველობას სეზონის დებიუტიდან გუნდების მხრიდან ლაფსუსი და არაჯანსაღი ვნებათაღელვა არ მოკლებია. ამჯერზე კი ჩოხატაურის ‘ჯანის’ თავკაცობის შეცდომამ პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლი გურულები ცხრილში ბოლო პოზიციაზე დააქვეითა.

როგორც ცნობილი გახდა, სეზონის საწყის 5 ტურში ‘ჯანს’ არარეგისტრირებული მორაგბე ყავდა ნათამაშევი, რის გამოც სრკ-ს სადისციპლინო კომისიამ მოქმედი დებულების თანახმად გურულები ჯამში 25 საცხრილო ქულის კლებით დასაჯა (მანამდე ‘ჯანს’ თამაშზე გამოუცხადებლობის გამო 3 ქულა ქონდა დაკლებული). აღსანიშნავია, რომ მალხაზ ჯინჭარაძის თაოსნობით ჩოხატაურში (რაგბის კავშირის ფინანსური დახმარებისა და ენთუზიაზმის ხარჯზე) რაგბის აღორძინებას ხელი სერიოზულად მოკიდეს. ‘ჯანმა’ ადგილობრივ ნიჭიერ მორაგბეებს მოუყარა თავი, ბრძოლისუნარიანი კოლექტივიც შეკრა, რაც როგორც ქალაქის, ასევე რეგიონში რაგბის განვითარების საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა ხსენებულმა მიუტევებელმა შეცდომამ გურულებს მთელი სეზონის გარჯა წყალში ჩაუყარა.

მოთამაშის რეგისტრაციის მისაღებად, მორაგბის საბუთების წესრიგში მოყვანის შემდეგ, კლუბმა სრკ-ს მოთამაშეთა მარეგისტრირებელ ორგანოს, პირველობის სამონაწილეო განაცხადში მორაგბის შეყვანის ოფიციალური თხოვნით უნდა მიმართოს, რაც სამწუხაროდ ‘ჯანს’ არ გაუკეთებია (რეალურად კი დაავიწყდა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაუდევრობის გამო, პირველ წრეში 10 საცხრილო ქულა ფოთის ‘კოლხი რაინდებმაც’ მოისაკლისა.

სრკ-ს ტრიბუნალის მიერ ‘ჯანის’ მიმართ გამოტანილმა ვერდიქტმა, ‘კოლხი რაინდები’-‘ფენიქსის’ დასკვნითი ტურის შეხვედრას ოდენ პრესტიჟის ხასიათი დაუტოვა. „პარკი არენაზე“, პრინციპულ მეტოქესთან დაპირიპირებას იმერლები დასავლეთის ჯგუფის გამარჯვებულის რანგში შეხვდნენ. მეტოქეთა პირველი წრის რკენა პრაქტიკულად არ შედგა. სამტრედიაში, ქომაგის მოედანზე შეჭრის გამო შეწყვეტილი შეხვედრა აღარ განახლებულ-გადათამაშებულა და გუნდები სრკ-ს სადისციპლინო კომისიის განაჩენის ამარა დარჩნენ. სამწუხაროდ  მეტოქეთა მეორე მატჩიც არ გამოდგა სრულფასოვანი.

‘ფენიქსმა’ ფოთში შერეული შემადგენლობა იახლა და თან იმერელთა პირველ ხაზელთა ტრავმების გამო, მთავარ არბიტრს დებულების თანახმად მეორე ტაიმში მატჩის შეწყვეტა და პროტოკოლში იმ მომენტისთვის არსებული ანგარიშის დაფიქსირება მოუხდა. ‘კოლხი რაინდებს’ 56-ე წუთისთვის 16 უპასუხო ლელო ქონდა გატანილი და სამნიშნა ციფრით გამარჯვებაც დაუფიქსირდა – 106:0. მასპინძელთა შუამარბმა სანვაბისო მქალომ „პოკერი“ გაიფორმა, ფრთა ლუკა დანელიამ  ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო მგეზავმა ბლეიქ დიდერიქსმა კი გატანილ ლელოს, 13 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. დასავლეთის გამარჯვებულ სამტრედიელებს კოლხები ცხრილში საბოლოოდ 4 ქულით ჩამორჩნენ.

აღმოსავლეთ ჯგუფის დასკვნით ტურში კი ყურადღებას პლეი ოფ განაღდებული ორი მოწინავე გუნდის შეხვედრა იპყრობდა. „ხარები არენაზე“, ‘რუსთავმა’ ჯგუფის გამარჯვებულ ‘წიქარას’ უმასპინძლა. პაატა რიკაძის ბიჭები რეგულარული სეზონის დამთავრებას მაქსიმალური შედეგითა და კლუბის რეკორდის დამყარებით ეშურებოდნენ. ‘რუსთავს’ კი მიდინრე სეზონში მარცხი მხოლოდ ‘წიქარასთან’ ქონდა განცდილი (16:38) და ძმები აქუბარდიების შეგირდებს რევანშის წყურვილი ამოძრავებდათ.

მატჩი საინტერესო და უაღრესად დაძაბული გამოდგა. ქვემო ქართლელთა შუამარბ ლაშა მჟავანაძის გატანილ წყვილ ჯარიმას, ‘წიქარას’ კაპიტანმა ფრიდონ ვეშაგურმა (ამჯერზე შუამარბის პოზიციაზე ირჯებოდა) ორი დადებული ლელო დაუპირისპირა, რამაც პაატა რიკაძის ბიჭებს ტაიმი 6 ქულიანი სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმის შუაწელს, ‘რუსთავის’ კაპიტანმა ლადო მიმინოშვილმა მეტოქეს შეტევა ჩაუჭრა და ინდივიდუალური გარღვევით ეფექტური ლელო გაიტანა. მჟავანაძის ზუსტმა გარდასახვამ მასპინძლები ანგარიშში მინიმალური სხვაობით დააწინაურა. შეხვედრის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კი ‘წიქარამ’ მეტოქეს ხაზი გაუჭრა და სწრაფი კომბინაცია ფრიდონ ვეშაგურმა „ჰეთ-თრიკის“ შესრულებით დაასრულა. აღმოსავლეთის გამარჯვებულმა პირველობის მე-13 შეხვედრაც მოიგო, თუმცა პრემიალური ქულის აღება სეზონში პირველად ვერ მოახერხა – 19:13. ‘წიქარამ’ ‘რუსთავს’ ცხრილში საბოლოოდ 10 ქულით გაუსწრო.

2-მატჩა ნახევაფინალურ პლეი ოფში (6-7 აპრილი) ითამაშებენ:

‘კოლხი რაინდები’ (2) – ‘წიქარა’ (1)

‘რუსთავი’ (2) – ‘ფინიქსი’ (1)

პლეი ოფის პირველი მატჩები მეორე ადგილოსანი გუნდების, კოლხებისა და ქვემო ქართლელების არენებზე გაიმართება. წყვილებში გამარჯვებულები კი  ფინალში ლიგის ჩემპიონს გამოავლენენ, რომელიც მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს. რეგიონულის ფინალში ხელმოცარული გუნდი კი კლასში ამაღლებას პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან ქუთაისის ‘ბაგრატთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.