რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ‘წიქარამ’ ვადამდე იპირველა

აღმოსავლეთის ჯგუფი ‘წიქარამ’ ვადამდე მოიგო. პაატა რიკაძის ბიჭებმა ყველა შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით მოიგეს, 60 ქულა დააგროვეს, მდევარ ‘რუსთავისთვის’ მიწვდომელნი შეიქნენ და ბოლო ტურში ‘რუსთავი’-‘წიქარას’ დაპირისპირებას ოდენ პრესტიჟის ხასიათი დაუტოვეს. ამერში მონაწილეთა კენტი ოდენობის გამო, ‘რუსთავი’ ბოლოსწინა ტურს რეგლამენტით ტოვებდა და აქტივში 53 ქულა დარჩა. აღსანიშნავია, რომ წიქარასაც’ და ქვემო ქართლელებსაც პლეი ოფში თამაში ვადამდე ქონდათ განაღდებული.

‘წიქარა’-‘პატარძეულის’ შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. გარე კახელები მოწინავე ორეულში მოხვედრის შანსს წინა ტურში გამოემშვიდობნენ და  მოტივაცია დაკარგულებს ლიდერთან საბრძოლო ტონუსის შენარჩუნება გაუჭირდათ, რაც სტუმართა თამაშის ხარისხს ნათლად დაეტყო.

‘წიქარა’ პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მთლიანობაში მეტოქეს კომბინაციურ სტილში 9 ლელო დაუდო. ფავორიტის ფრთა ნიკა ნოქარაშვილმა „პოკერი“ გაახერხა, ხოლო მასპინძელთა მეორე ფრთა ლუკა ბურდულმა „დუბლი“ მიითვალა და 5 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. გარე კახელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს ფრთა ალექსანდე ტუჩაშვილის მეორე ტაიმში გატანილი ლელოთი გადაურჩნენ – 59:5.

დასავლეთ ჯგუფში კი პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობა დასკვნით ტურში გაირკვევა. ბოლოსწინა, მე-9 ტურში ლიდერთა სამეულმა იოლად, პრემიალური ქულით მოიგო და სატურნირო ცხრილშიც მათი მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პირველობას 35 ქულით სამტრედიის ‘ფენიქსი’ ლიდერობს. მართალია, „მტრედები“ მდევრებს: ფოთის ‘კოლხი რაინდებსა’ და ჩოხატაურის ‘ჯანს’ შესაბამისად 4 და 5 ქულით უსწრებენ, თუმცა 2 წარმატებული გუნდის ვინაობას, დასკვნით ტურში, „პარკი არენაზე“, კოლხებისა და ‘ფენიქსის’ შეხვედრის შედეგი განსაზღვრავს. ‘ჯანს’ კი საშინაო შეხვედრაში მეტოქედ უმოტივაციო ვანის ‘აიეტი’ ეყოლება.

განვლილ ტურში ‘ფენიქსმა’ უქულოდ მყოფ ჯგუფის აუტსაიდერ ‘რაგბის კლუბ ზუგდიდს’ უმასპინძლა. მეგრელები იმერეთს 13 მოთამაშით ეწვივნენ და მიღებული ტრავმების გამო მეორე ტაიმის დებიუტში მოედანზე 11 მორაგბის ამარა დარჩნენ. რაკიღა ზუგდიდელებმა პირველ ხაზელები მოისაკლისეს, დებულების თანახმად მთავარმა არბიტრმა დავით ჟალტუნოვმა მატჩი შეწყვიტა და პროტოკოლში იმ მომენტისთვის არსებული ანგარიში დააფიქსირა – 70:3 სამტრედიელთა სასარგებლოდ. ‘ფენიქსმა’ 12 ლელო გაიტანა და თან მასპინძელთა ფრთა პაპუნა ბენიძემ „პოკერის“ შესრულებაც მოასწრო.

თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა შეხვედრა ვანში, სადაც „ბეჟან ხურციძეზე“ ადგილობრივი ‘აიეტი’ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ მასპინძლობდა. მეორე ტაიმის შუაწელს, მიღებული ტრავმების შედეგად ვანელები 11 მორაგბისა და პირველი ხაზის გარეშე დარჩნენ. შექმნილი ვითარების გამო, მატჩის მთავარ არბიტრ ლაშა ზივზივაძეს საბოლოო შედეგის ნაადრევად დაფიქსირება მოუხდა. კოლხებს 11 ლელო ქონდათ გატანილი და მოგება – 75:3  გაუფორმდათ. სტუმართა შუამარბებმა: ილია ზოიძემ და ფიჯელმა ლეგიონერმა სიბულელე მბანამ „დუბლი“ შეასრულეს.

ჩოხატაურის ‘ჯანი’ კი ბათუმში, ადგილობრივ ‘მეკობრეებს’ სტუმრობდა და ფიჯელი ლეგიონერების შედეგიანი თამაშის წყალობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ‘ჯანმა’ მთლიანობაში 13 ლელო გაიტანა. სტუმართა ჰავბეკმა ნატონგამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო მგეზავმა როკოტუისოლამ წყვილ დადებულ ლელოს, 5 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ბათუმელთაგან კი პრესტიჟის ლელო პირველ ტაიმში შუამარბმა აშოტ ოგანეზიანმა გაიტანა – 81:10.