რეგიონული ლიგა | ამერიდან პლეი ოფში ‘წიქარა’ და ‘რუსთავი’ ითამაშებენ

რეგიონული ლიგის დასავლეთის მე-8 ტური ფავორიტთა დამაჯერებელი გამარჯვებით აღინიშნა. ლიდერთა სამეულმა პრემიალური ქულის თანხლებით, „მშრალი“ ანგარიშით მოიგო და შესაბამისად პლეი ოფის 2 საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა შორის სტატუს-კვოც შენარჩუნებული იქნა. დასავლეთის ჯგუფის სათავეში 30 ქულით სამტრედიის ‘ფენიქსი’ რჩება, რომელიც მდევრებს: ფოთის ‘კოლხი რაინდებსა’ და ჩოხატაურის ‘ჯანს’ შესაბამისად 4 და 5 ქულით უსწრებს.

ჯგუფის ლიდერ ‘ფენიქსისა’ და ვანის ‘აიეტის’ იმერული დერბი სამტრედიაში გაიმართა. ვანელებმა ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. კვაჭ გიორგი ჯიქიძისა და ფრთა აკაკი კვიჟინაძის გატანილი ლელოთა წყალობით ‘ფენიქსი’ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ნახევარში კი ფიზიკურად უკეთ მომზადებულ სამტრედიელთა უპირატესობა კოლოსალური გახდა, რაც მასპინძელთა მხრიდან გატანილ კიდევ 10 უპასუხო ლელოში აისახა. აკაკი კვიჟინაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ‘ფენიქსმა’ კი მატჩი „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 72:0. აღნიშნული მარცხით ვანელებმა პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგეს.

ჩოხატაურის ‘ჯანი’ უქულოდ მყოფ ჯგუფის აუტსაიდერ ‘რაგბის კლუბ ზუგდიდს’ სამეგრელოში ეწვია და 14 უპასუხო ლელო გაუტანა. გურულების მხრიდან ფიჯელმა მარბიელმა ასერი რომბარომბალევუმ, ფრთა გოგა ბერიძემ, შუამარბებმა: გოჩა ჯიქიამ და ბადრი გოგიტიშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ჯანმა’ შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით მოიგო – 86:0.

ტურში ყველაზე სოლიდური სხვაობა „პარკი არენაზე“ დაფიქსირდა. ფოთში, ადგილობრივმა ‘კოლხი რაინდებმა’ ბათუმის ‘მეკობრეებს’ 15 უპასუხო ლელო დაუდო და მიმდინარე სეზონში დასავლეთის ჯგუფში პირველი სამნიშნა ციფრით გამარჯვებაც დააფიქსირა – 102:0.   კვაჭის პოზიციაზე მყოფმა კოლხთა მოთმაშე-მწვრთნელმა მერაბ მატკავამ, ლეგიონერმა შუამარბმა სიბულელე მბანამ და მარქაფადან ჩართულმა ფრთა ლუკა დანელიამ „დუბლი“ მიითვალეს.

აღმოსავლეთის ზედა ხუთეულიდან პლეი ოფში მონაწილე დუეტის ვინაობა 2 ტურით ადრე გაირკვა. ‘წიქარამ’ მე-11 შეხვედრაც ბონუსით მოიგო, მაქსიმალურ 55 ქულას მოუყარა თავი და მდევარ ‘რუსთავს’ 2 ქულით გაუსწრო. პლეი ოფის საგზური ქვემო ქართლელებმაც დაიბევეს და ამერის გამარჯვებული დიდი ალბათობით მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, „ხარები არენაზე“, ‘რუსთავი’-‘წიქარას’ დაპირისპირებაში გაირკვევა.

მე-12 ტურში, ‘წიქარა’ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე ‘სოხუმს’ დაუპირისპირდა და უმოტივაციო მეტოქეს 13 ლელო გაუტანა. ლიდერის წარმატებას სათავე მარცხენა ფრთა ლუკა ბურდულის ლელომ დაუდო, წერტილი კი მარჯვენა ფრთა ირაკლი დანელიას ლელომ დაუსვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ‘წიქარას’ მარბიელმა კაპიტანმა ფრიდონ ვეშაგურმა მიჯრით 3 ლელო გაიტანა და „ჰეთ-თრიკიც“ გაიფორმა. ‘სოხუმი’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან ფრთა ლაშა მახაურის პირველ ტაიმში გატანილმა ლელომ იხსნა – 77:5.

ტურის გამორჩეული შეხვედრა პატარძეულში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი ‘რუსთავს’ მასპინძლობდა და პლეი ოფში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად გარე კახელებს ხელს მხოლოდ პრემიალური ქულით მოგება აძლევდა. მართალია, შეხვედრის დებიუტში მგეზავ ჯუმბერ ყვავაძის გატანილი ჯარიმით ‘რუსთავი’ დაწინაურდა, თუმცა გარე კახელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს, შუამარბ მურაზ გიორგაძისა და ფრთა ალექსანდრე ტუჩაშვილის გარდასახულ ლელოთა წყალობით შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მწირი მარქაფას მქონე ‘პატარძეულს’ მეთოდურად დაღლა დაეტყო, ქვემო ქართლელებს კი გუნდის ლიდერ რამაზ ხარაზიშვილის თამაშში ჩართვამ დიდი სამსახური გაუწია. გამოცდილი ხარაზიშვილი ფულბეკის პოზიციაზე გაისარჯა და თანაგუნდელთა არაერთ მწვავე შეტევასაც დაუდო სათავე. მხტომელ მიხეილ ქუფარაშვილის, კვაჭ მერაბ მენაბდისა და ფრთა ფრიდონ კილაძის გატანილი ლელოებით, პაატა რიკაძის გუნდმა 17 უპასუხო ქულა აიღო და შეხვედრა – 20:14 მოიგო, რამაც ქვემო ქართლელები გარე კახელთათვის მიუწვდომელი გახადა.