პირველი ლიგა | მესხებმა ლიდერობა შეინარჩუნეს

მე-16 ტურის შემდეგ ‘ტაომ’ ლიდერობა შეინარჩუნა. მესხებმა პირველობაზე მე-14 შეხვედრა მოიგეს, 64 საცხრილო ქულა დააგროვეს და მდევარ ‘დინოზავრს’ კვლავ 1 ქულით უსწრებენ. მესამე პოზიციაზე მყოფი ‘გორი’ იმერლებს 11 ქულით ჩამორჩება. 41 ქულით მოწინავე კვარტეტს ‘არმია’ ავსებს და თან „არმიელებს“ მარაგში ‘ბაგრატთან’ გადადებული შეხვედრაც რჩებათ.

‘ლოკომოტივი’ აღებულმა ნუგეშ-ქულამ მე-5 ადგილზე დაამკვიდრა. „რკინიგზელებმა“ ‘ვეფხვებს’ 1 ქულით გაუსწრეს. ‘იუნკერებმა’ მე-7 პოზიცია გაიმყარა და გარე კახელებთან ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა, ხოლო თანარეგიონელ ‘არმაზთან’ 4 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ‘არმაზმა’ 23 დაგროვილი ქულით ცხრილის ბოლო საფეხურებს დააღწია თავი და მხსნელ ზონაში, მე-8 ადგილზე აინაცვლა. ცხრილის ბოლოსწინა, პლეი აუტის ზონაში ‘მათე’ იმყოფება. ზემო იმერლები ‘არმაზს’ 2 ქულით ჩამორჩებიან და ბოლო ადგილოსან ‘ბაგრატს’ თავის მხრივ ასევე 2 ქულით უსწრებენ.

‘არმია’-‘ტაოს’ ტურის გამორჩეული შეხვედრა, გორის ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენაზე გაიმართა. მატჩის დებიუტში ნომინალური მასპინძელი ‘არმია’ მგეზავ მერლს პიტერსის გატანილი წყვილი ჯარიმით დაწინაურდა. ‘ტაომ’ სისწრაფეს უმატა, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 2 ლელოს დადებაც მოახერხა. თავი  მხტომელმა ნიკა კაპანაძემ და მარბიელმა ვილიკესა ვიტაუმ გამოიჩინეს. პიტერსის გატანილმა მორიგმა ჯარიმამ პირველობის ლიდერი პირველ ნახევარში 3 ქულიან უპირატესობას დააჯერა.

მეორე ტაიმში კი ‘ტაოს’ უპირატესობა გამოიკვეთა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა ოვალი კარგად გაშალეს და კომბინაციურ სტილში ‘არმიას’ კიდევ 4 ლელო დაუდეს. ნიკა კაპანაძემ „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო მარქაფადან ჩართული მხტომელის ლუკა ანსიანის დადებულმა ლელომ ფავორიტის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მატჩის ბოლო წუთზე კი „არმიელთა“ მხრიდან მეორე ლელო მხტომელმა კოლი ტამანიტოაკულამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა მცირედით შეამცირა. ‘ტაომ’ შეხვედრა დამაჯერებლად, პრემიალური ქულით მოიგო – 38:21.

‘დინოზავრი’-‘ბაგრატის’ იმერულ დერბის „აია არენამ“ უმასპინძლა. ძლიერმა ქარმა თავისი დაღი დაასვა თამაშს. სტანდარტული პოზიციიდან მხოლოდ 1 გარდასახვა იქნა რეალიზებული. შეხვედრის დებიუტში მარბიელ ლევან რატიანის დადებული ლელოთი ‘ბაგრატი’ დაწინაურდა. შემდგომში უპირატესობას ‘დინოზავრი’ ფლობდა და მეტოქეს ტაიმებში 2-2 უპასუხო ლელო გაუტანა.

პირველ ნახევარში ლელოს დადება წყალტუბოელთა კვაჭმა გიორგი ტორაძემ და მარბიელმა კაპიტანმა ბადრი დანგაძემ მოახერხეს. მეორე ტაიმში ზაზა ჩირგაძის შეგირდთა უპირატესობა ჰავბეკ თემურ თუთბერიძის გატანილმა ლელომ გაამყარა. მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე კი რაქიდან სწრაფად გათამაშებული ოვალი ლელოდ ტორაძემ აქცია, რამაც ‘დინოზავრს’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა – 22:5.

‘ლოკომოტივი’-მარნეულის ‘არმაზის’ შეხვედრა „რკინიგზელთა“ ბაზაზე გაიმართა. პირველ ტაიმში უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და 3 გარდაუსახავი ლელოთი შესვენებაზე 8 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ‘ლოკომოტივის’ მღლეტელმა გიორგი პიტიურიშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ქვემო ქათლელები კი ბურჯ გიორგი გულორდავას გარდასახულ ლელოს დაჯერდნენ.

მეორე ტაიმში ‘არმაზი’ გააქტიურდა და უპირატესობაც ხელთ იგდო. გულორდავამ „დუბლი“ შეასრულა, თუმცა სტუმართა ფრთა გივი გაბუნიას გარდასახვა გაუცუდდა, რამაც ანგარიშში თანაფარდობა შეხვედრას ბოლო წუთებამდე შეუნარჩუნა. მატჩის დასკვნითმა ნაწილმაც ქვემო ქართლელთა იერიშებში ჩაიარა და გაბუნიას ხელსაყრელი პოზიციიდან გამარჯვების მომტანი ჯარიმის გატანა არ გაჭირვებია. ‘არმაზმა’ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ‘ლოკომოტივი’ კი ნუგეშ-ქულას დაჯერდა – 21:18.

თეთრი წყაროს ‘იუკნერებისა’ და პატარძეულის ‘ვეფხვების’ შეხვედრას „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. გარისელებმა პირველ ტაიმში 11 უპასუხო ქულა აიღეს და მთლიანობაში გარე კახელებზე 1-ით მეტი, 3 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘იუნკერთა’ მარბიელმა ავთო ნიკოლაძემ „დუბლი“ შეასრულა. მეორე ტაიმში ‘ვეფხვები’ გააქტიურდა და ლელო ჯერ გარე კახელთა 40 წელს გადაცილებულმა ბორჯღალოსანმა ბიძინა სამხარაძემ გაიტანა, შემდეგ კი თავი ფრთა საბა ცხვარიაშვილმა გამოიჩინა. ცხვარიაშვილის ლელოს გარდასახვა კი ‘ვეფხვების’ მეორე ფრთა მიხეილ შუბითიძეს მახვილი კუთხიდან გაუცუდდა, რამაც გარე კახელები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘იუნკერებმა’ – 26:18 მოიგო.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივი ‘მათე’ ფავორიტ ‘არმიასთან’ პირველ ტაიმში ფიჯელი მგეზავის ნიკო იალოსოლოს გატანილ ეულ ჯარიმას დაჯერდა და შესვენებაზე 12 ქულიანი დეფიციტით წავიდა.

‘არმიამ’ მასპინძლებზე მთლიანობაში 2-ჯერ მეტი, 4 ლელო გაიტანა, თუმცა ზემო იმერლები წარმატების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ და რომ არა მატჩის დასკვნით მონაკვეთში რიგი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შესაძლოა ‘მათეს’ ქომაგი გამარჯვებით გაეხარებინა. იალოსოლომ 3 ჯარიმა, 2 გარდასახვა გაიტანა და ერთხელ არეკნითაც მოახერხა ქულების აღება. „არმიელთა“ ფრთა დავით მთვარაძემ კი „დუბლი“ შეასრულა და მისმა დადებულმა მეორე ლელომ სტუმრები 8 ქულით დააწინაურა. თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე ‘მათეს’ კვაჭ შოთა მაღლაკელიძის გარდასახული ლელოთი მასპინძლებმა ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და საბოლოოდ ნუგეშ-ქულა აიღეს. დაძაბულ ბრძოლაში ‘არმიამ’ – 27:26  იმარჯვა.