დიდი 10 | ხვამლი 24:28 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების მე-16 ტურში თბილისის ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში 28:24 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ‘არესი’ სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს და 9 გამარჯვებიდან 5 სწორედ გასვლით მატჩში მოიპოვა. „ხვამლი არენაზე“ გამარჯვებით ქუთაისელებმა „სარბიელის სინი“ შეინარჩუნეს, პარალელურად კი სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-4 ადგილზე აინაცვლეს. ‘ხვამლს’ ნუგეში ერგო, 41 ქულით ‘ყოჩებს’ გაუტოლდა და სანამ რუსთავის ‘ხარები’ თავის მატჩს დაასრულებს, ბოლნისელებთან მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

‘არესმა’ საწყის 12 წუთში სამი ჯარიმა გამოიმუშავა, საიდანაც ორი გიორგი თევდორაძემ გაიტანა. მე-13 წუთზე მოედნის ცენტრში რაქიდან გამოვარდნილი ბურთი ირაკლი სულეიმანაშვილმა აიტაცა და კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც ლისალა ნასენგეს ლელოთი და ნიკა ცინცაძის გარდასახვით დასრულდა. ტაიმის შუაში მასპინძლებმა ხელდახელ სწრაფად გაითამაშეს ბურთი და ბესიკ თაყნიაშვილმა მეორე ლელო გაიტანა, ცინცაძემ კი გარდასახვით სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა.

‘არესმა’ 27-ე წუთზე ძალისმიერი შეტევით უპასუხა და ზაალ ცქიფურიშვილის ლელო თევდორაძემ გარდასახა. 33-ე წუთზე თევდორაძემ უკვე ჯარიმა გაიტანა საკუთარ გუნდს უპირატესობა დაუბრუნა. ტაიმის მიწურულს ‘ხვამლი’ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან სინბინით ჯერ ნასენგე, მერე კი ბაჩანა ბაიხოიძე დაკარგა, მაგრამ 13-კაციანმა მასპინძლებმა თავი დაიცვეს – 14:16.

მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი საბა კურტანიძემ მიიღო. ‘არესმა’ 3-კაციანი უპირატესობა მალევე გამოიყენა და მოლის შემდეგ თავისი მეორე ლელო ცქიფურიშვილმა გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახა. შემადგენლობა რომ შეივსო მუხიანელებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და ცინცაძემ ჩამორჩენა შეამცირა, 71-ე წუთზე კი ‘ხვამლის’ კარგი ხელდახელ შეტევა საბა ინალიშვილის ლელოთი დასრულდა. ცინცაძის რთული პოზიციიდან შესრულებული გარდასახვა ზუსტი იყო და მასპინძლები 1 ქულით დაწინაურდნენ.

მაგრამ მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. გივი კაშიას კარგი თამაშის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე პიტა იავი გაიქცა და მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა, მაგრამ ‘ხვამლმა’ დარჩენილ დროში სალელოვე შეტევის განხორციელება ვეღარ მოახერხა და მხოლოდ ნუგეშის ქულას დასჯერდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქუთაისელთა ბურჯი ბაქარ ბურჯალიანი გახდა, რომლის გუნდმა სტუმრად 28:24 გაიმარჯვა.